The Guardian: საქართველოს პრემიერი ოფშორულ კომპანიათა მფლობელების ნუსხას ლიდერობს - კვირის პალიტრა

The Guardian: საქართველოს პრემიერი ოფშორულ კომპანიათა მფლობელების ნუსხას ლიდერობს

დიდი ბრიტანეთის ოფშორული ფინანსური ინდუსტრიიდან უზარმაზარმა საიდუმლო ინფორმაციამ გაჟონა და საზოგადოებრიობამ შეიტყო მსოფლიოს იმ ათასობით ანონიმური მდიდრის ვინაობა, ვინც ოფშორულ ზონებში ინახავდა ქონებას. "მათ შორის არიან პრეზიდენტები და პოლიტიკოსები, სკანდალურად ცნობილი დიქტატორის ქალიშვილი, ასევე ბრიტანელი მილიონერი, რომელიც ყოფილი მეუღლისგან აქტივების დამალვაში იყო ბრალდებული", - წერს ბრიტანული გამოცემა "გარდიანი".

2 მლნ ელექტრონული წერილის და სხვა დოკუმენტების გაჟონვა ძირითადად დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიდან მოხდა. კომპანია Mckinsey-ს ყოფილი მთავარი ეკონომისტის თქმით, ასეთ უსაფრთხო უცხოურ თავშესაფრებში მდიდრებს 32 ტრილიონი დოლარი აქვთ შენახული. ვირჯინიის კუნძულების საიდუმლო ოფშორული კომპანიების მფლობელთა ვინაობა ვაშინგტონში არსებული ჟურნალისტური კვლევების კონსორციუმის (ICIJ) და ბრიტანული "გარდიანის", ფრანგული "ლე მონდისა" და სხვა ცნობილი გამოცემების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გახდა ცნობილი.

ოფშორულ ზონებში თანხები გადამალული აქვთ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის კანადის, აშშ-ის, ინდოეთის, პაკისტანის, ინდონეზიის, ირანის, ჩინეთის, ტაილანდის და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჩინოსნებსა და შეძლებული ოჯახების შვილებს.

"იციჯ-ს მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო ფირმების მფლობელთა ნუსხას  მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს, რომელიც 2012 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, - ნათქვამია სტატიაში, - 2006-2009 წლებში ივანიშვილი ოფშორული ფირმა Boshtrston Overses Corp-ის დირექტორი იყო. ფირმა იმართებოდა პანამიდან აგენტის საშუალებით. კომპანია 2006 წელს შეიქმნა და დღემდე ფუნქციონირებს."

"ამ მამხილებელ პროექტს შეუძლია სერიოზულად შეარყიოს ნდობა პლანეტის უმდიდრესი ადამიანების მიმართ, რომელთაც უკვე აღარ ექნებათ იმის იმედი, რომ მოახერხებენ ხელისუფლებისა და მეზობლებისგან თავისი ქონების დამალვას", - წერს სტატიის ავტორი დევიდ ლი.

ივანიშვილთან ერთად "გარდიანის" მიერ გამოქვეყნებულ ნუსხაში მსოფლიო პოლიტიკის სხვა ცნობილი სახეებიც მოხვდნენ, მაგალითად:

- საფრანგეთის საარჩევნო კამპანიის ხაზინადარი ფრანსუა ოლანდ ჟან-ჟაკ ოგიე;

- აზერბაიჯანის პრეზიდენტი და მისი ოჯახი; აზერბაიჯანელი სამშენებლო მაგნატი ჰასან გოზალი - პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ორი ქალიშვილის სახელზე დარეგისტრირებული ფირმების მმართველი;

- რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილის, იგორ შუვალოვის მეუღლე ოლგა შუვალოვა;

- კანადის სენატორის მეუღლე ადვოკატი ტონი მერჩანტი;

- ფილიპინების დიქტატორის ქალიშვილი, გუბერნატორი მარია-იმელდა მარკოს მანოტოკი და მრავალი სხვა.

ივანიშვილის პრესმდივნის განცხადებით, 2011-2012 წლების დეკლარაციის პერიოდში პრემიერ-მინისტრს კომპანიაში ქონებრივი უფლებები აღარ ჰქონდა, ამიტომ ფინანსურ დეკლარაციაშიც ამის თაობაზე განცხადების საფუძველი არ არსებობდა.

დიდი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებმა დიდ წარმატებას მიაღწია მდიდრებისთვის მომუშავე მრავალრიცხოვანი საიდუმლო თავშესაფრის შექმნით. კარიბის ზღვის ამ მიკროსახელმწიფომ მილიონზე მეტი ასეთი ოფშორული კომპანია დაარეგისტრირა 1980 წლიდან და არასოდეს გაუმხელია მფლობელთა ნამდვილი ვინაობა...

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი

(იბეჭდება მცირედი შემოკლებით)