ბოსტონი - დეტექტივად ქცეული ტრაგედია
22-04-2013
ბოსტონი - დეტექტივად ქცეული ტრაგედია
ის, რაც ამ დღეებში ამერიკაში ხდებოდა, ჰოლივუდის ბლოკბასტერის სცენარს მოგაგონებდათ. 15 აპრილს მთელი მსოფლიო შეძრა საშინელმა ამბავმა - ქალაქ ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, სამოყვარულო მარათონის საფინიშე ხაზთან მომხდარმა ორმა აფეთქებამ სამი სიცოცხლე შეიწირა, ორასი ადამიანი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის იყო რვა წლის ბიჭუნაც. სავარაუდოდ, აფეთქებას მეტი მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა - პოლიციამ აღმოაჩინა კიდევ ორი ბომბი, რომელთა აფეთქებაც თავდამსხმელებმა, ეტყობა, ვერ მოასწრეს. პოლიციამ და გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მომხდარი თავიდანვე ტერორისტულ თავდასხმად მიიჩნიეს
და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, არც შემცდარან.

ჩანს, თავდამსხმელებს მაინცდამაინც არც უცდიათ ინკოგნიტოდ დარჩენა - აფეთქების მეორე დღეს ბოსტონის სამძებრო დეპარტამენტმა გამოამზეურა ვიდეომასალა, სადაც აფეთქებაში სავარაუდო ეჭვმიტანილები იყვნენ ასახულნი - ორი კავკასიური რასის წარმომადგენელი ახალგაზრდა მამაკაცი ზურგჩანთებითა და კეპებით. ლოდინიც არ დასჭირვებიათ - მალე გავრცელდა ცნობა,
რომ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წინ, ორმა პირმა პოლიციელს, რომელმაც მათი დაკავება სცადა, ცეცხლი გაუხსნა და მოკლა.

როგორც აღმოჩნდა, თავდამსხმელებს იმითაც კი არ შეუწუხებიათ თავი, რომ ტანსაცმელი გამოეცვალათ, თუმცა იქნებ არც ჰქონდათ ამის საშუალება... მათ მანქანა გაიტაცეს, პოლიცია კვალში ჩაუდგა და ნამდვილი ნადირობა გაჩაღდა. მდევრებისაგან თავის დასაღწევად ტერორისტებმა პოლიციელებს მანქანიდან ყუმბარები დაუშინეს და ერთხანს, ჩანს, ხელიდან დასხლტომაც მოახერხეს, თუმცა ქალაქის გარეუბანში ისინი უკვე პოლიციელების მთელმა კორტეჟმა ჩიხში მიიმწყვდია. ორმხრივი ცეცხლის შედეგად ერთ-ერთი თავდამსხმელი სასიკვდილოდ დაიჭრა, მეორემ კი გაქცევა მოახერხა, თუმცა მხოლოდ დროებით. სულ მალე იგი  ბოსტონის გარეუბნის, ვოთერთაუნის, ერთ-ერთმა მკვიდრმა საკუთარ ეზოში ნავქვეშ დამალული იპოვა და პოლიციას გამოუძახა. დამნაშავემ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა მისი დაკავება მაინც მოხერხდა.  დაკავების შემდეგ იგი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც დასავლური გამოცემები აცხადებენ, აფეთქებას აშკარად ეტყობოდა არაპროფესიონალების ხელი, მაშასადამე ის, რომ დამნაშავეებს ადრე თუ გვიან დაიჭერდნენ, მოსალოდნელი იყო. სამაგიეროდ, ყველა გაოცდა, როდესაც ტერორისტების ვინაობა გაირკვა. როგორც აღმოჩნდა, ბოსტონში დაღვრილი სისხლი ემიგრანტი ჩეჩენი ძმების - 26 წლის ტამერლან ცარნაევისა და 19 წლის ჯოჰარ ცარნაევის კისერზეა. ძმები შტატებში 2001 წლიდან ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ, თანაც სტიპენდიით, როგორც წარჩინებული სტუდენტები. როგორც ირკვევა, ძმები ცარნაევები რელიგიურ ექსტრემიზმში ადრეც იყვნენ შემჩნეულნი (თანაუგრძნობდნენ რადიკალურ ისლამურ დაჯგუფება "შავ დროშას"). უფროსმა ძმამ, ტამერლანმა, რომელიც ბანკერ ჰილში სწავლობდა და ინჟინრობას აპირებდა, ბოსტონის ტრაგედიის წინ "ფეისბუკში" ასეთი განცხადება დატოვა: "მე არ მყავს ერთი ამერიკელი მეგობარიც კი. არ მესმის მათი"...

ვაჟა თავბერიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით