საზღვარგარეთის ქვეყნები
29-04-2013
საზღვარგარეთის ქვეყნები
ბოსნია-ჰერცეგოვინის ფედერაციის პრეზიდენტი ჟივკო ბუდიმირი, ხელისუფლების 18 წარმომადგენელთან ერთად, პოლიციამ კორუფციის ბრალდებით დააკავა. პოლიციის განმარტებით, პრეზიდენტი იმ ბრალდებულთა შეწყალებისთვის დააპატიმრეს, რომელთა უმრავლესობას შესაფერისი რეკომენდაცია არ გააჩნდა. შარშან პრეზიდენტმა 96 კაცი შეიწყალა. სამართალდამცავი ორგანოები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტი საშიშ კრიმინალებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ ათავისუფლებდა.

საფრანგეთის სასამართლომ ბასკების ტერორისტული ორგანიზაცია ეტას ყოფილ ლიდერს, მიქელ კარერას სარობეს, რომელიც ცნობილია "ატას" მეტსახელით, 2007 წელს საფრანგეთში ორი პოლიციელის მკვლელობისათვის სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა მიუსაჯა. მისი თანამოაზრე ქალი,
საიოა სანჩესი კი ციხეში 28 წელს გაატარებს. ბასკების ტერორისტული ორგანიზაცია "სამშობლო და თავისუფლება" - ეტა - 1959 წელს შეიქმნა, როცა ბასკების ნაციონალისტური პარტიისაგან გამოყოფილმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ბასკების დამოუკიდებლობისათვის იარაღით ხელში ებრძოლა. მას შემდეგ ეტას მსხვერპლმა 857 სულს გადააჭარბა.
2012 წელს ეტას ლიდერებმა უარი თქვეს შეიარაღებულ
ბრძოლაზე.

ესპანეთში უმუშევრობამ სარეკორდო მასშტაბებს მიაღწია - სამსახური არ აქვს 6 მლნ კაცს, რაც ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 27%-ია. მადრიდში გამართულ საპროტესტო აქციაში 29 კაცი დაზარალდა, მათ შორის 14 პოლიციელი. აქციის მონაწილენი ითხოვდნენ პარლამენტის დათხოვნას, რომელიც ვერ ახერხებს კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანას.
საგანგაშო მდგომარეობაა საფრანგეთშიც, დღითი დღე იზრდება უმუშევართა რიცხვი, მთავრობა კრიზისიდან გამოსასვლელ გზებს ეძებს.

ბანგლადეშში, რვასართულიანი ფაბრიკის შენობის ჩამონგრევის შედეგად, 220 კაცი დაიღუპა, ათასზე მეტი მუშა დაშავდა. თუმცა, პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში უამრავი ადამიანია მოყოლილი. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ჩამონგრეული შენობის მეპატრონემ იცოდა, რომ შენობას საშიში ბზარები ჰქონდა, გაფრთხილებულები იყვნენ შენობაში განთავსებული ბანკის თანამშრომლებიც, მაგრამ ქარხნის მუშებს ადმინისტრაციამ უთხრა, - საფრთხე არ გემუქრებათ და მუშაობა უნდა განაგრძოთო.

სერბეთის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა სერბული სამხედრო ძალების მიერ 1995 წელს სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისთვის პატიება ითხოვა. ნიკოლიჩის ეს ჟესტი ბოსნიელი მუსლიმების ლიდერის, ბაქირ იზეთბეგოვიჩის ბელგრადში ვიზიტს მოჰყვა. ვიზიტისას იზეთბეგოვიჩმა სერბეთის პრეზიდენტს სრებრენიცაში მომხდარი გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდა. ნიკოლიჩმა დაჩოქილმა ითხოვა პატიება სერბეთის სახელით, მაგრამ სიტყვა გენოციდის გამოყენებისგან თავი მაინც შეიკავა.

(ვრცლად იხილეთ საიტზე: www.kvirispalitra.ge)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით