საზღვარგარეთის ქვეყნები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ქვეყნები

იტალიის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის ფინანსური მაქინაციებისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამჯერად საქმე ეხება სილვიო ბერლუსკონის მედიაკომპანია Mediaset-ს - ყოფილმა პრემიერმა ხაზინაში გადასახადების სახით 7 მლნ ევრო არ შეიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბერლუსკონის 5 წლის განმავლობაში ასევე ეკრძალება სახელმწიფო საქმიანობა. ბერლუსკონი, ჩვეულებისამებრ, უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულია.

ბრიტანელი პოლიციელები აცხადებენ, რომ ელექტრონული ჟურნალის, Inspire-ს, გადმომწერი პასუხისგებაში მიეცემა. 2011 წელს ჟურნალმა, რომელიც "ალ-ქაიდას" ინგლისურენოვანი მომხრეებისთვის შეიქმნა, გამოაქვეყნა შინაურ პირობებში ბომბის დამზადების ინსტრუქცია, რომლითაც ხელმძღვანელობდნენ ბოსტონში აფეთქების თაოსნები.

ჟურნალი 2010 წლის ივლისში გამოჩნდა, სავარაუდოდ, მას ბეჭდავდა ორგანიზაცია "არაბეთის ნახევარკუნძულის "ალ-ქაიდა". მის პირველ მთავარ რედაქტორად სახელდება ამერიკელი ბლოგერი სამირ ჰაი, რომელიც აშშ-ში ტერაქტების მოწყობის მოწოდებით გამოდიოდა, შემდეგ იემენში გაიქცა და თავი "ალ-ქაიდას" წევრად გამოაცხადა. 2011 წლის სექტემბერში ის აშშ-ის ჯარმა გაანადგურა. სავარაუდოდ, მასთან ერთად დაიღუპა "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი, ჟურნალის იდეოლოგი ანვარ ალ-აულაკი.

ჯარების ძირითადი ნაწილის გამოყვანის შემდეგ, აშშ ავღანეთში 9 სამხედრო ბაზის დატოვებას აპირებს. ბაზები დარჩება ქაბულში, ბაგრამში, მაზარი-შარიფეში, ჯალალაბადში, ჰილმენდსა და რამდენიმე სხვა პროვინციაში. "ჩვენ თანახმა ვართ ამ ბაზების დატოვებაზე, თუმცა უპირველესად, ვაშინგტონის მხრიდან უსაფრთხოებისა და ეკონომიკური გარანტიები უნდა მივიღოთ", - განაცხადა ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ.

2014 წლიდან ნატო აღარ განახორციელებს ავღანეთში საომარ ოპერაციებს. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰაგელმა განაცხადა, რომ 2014 წლის შემდეგ ავღანეთში 3-დან 9 ათასამდე ამერიკელი სამხედრო დარჩება.

15 ათასი წლის წინ ევროპელთა და აზიელთა წინაპრები საერთო ენაზე ლაპარაკობდნენ, რომლის წარმოშობის ადგილი, სავარაუდოდ, კავკასია, კერძოდ კი ახლანდელი საქართველოა - დაასკვნეს დასავლელმა მეცნიერებმა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს ჟურნალ Proceedings of the National Academy ოფ შციენცეს-ზე დაყრდნობით. "ჩვენ შეგვიძლია ენის კვალს 15 ათასი წლის წინანდელ პერიოდამდე გავყვეთ, რომელიც უკანასკნელი გამყინვარების ხანის დასასრულს შეესაბამება", - თქვა კვლევის თანაავტორმა მარკ პეგელმა, რედინგის უნივერსიტეტის ბიოლოგმა.

მარკ პეგელის მოსაზრებით, 23 სიტყვა, მათ შორის "მე", "შენ", "დედა", "კაცი", "ცეცხლი" და "ხელი", არ არის გამორიცხული, ისევე ჟღერდეს, როგორც 15 ათასი წლის წინ.

ქურთმა სეპარატისტებმა დაიწყეს თავიანთი რაზმების გაყვანა თურქეთის ტერიტორიიდან. ამგვარად, მათ დაიწყეს ქურთთა მუშათა პარტიის ლიდერის, აბდულა ოჯალანის, გეგმის რეალიზება, რაც ანკარასთან 30-წლიანი დაპირისპირების აღმოფხვრას გულისხმობს. 2 ათასამდე ქურთმა მებრძოლმა უკვე დატოვა თავისი პოზიცია და ერაყის ჩრდილოეთისაკენ გაემართა. თურქეთის ტერიტორიას ქურთი მებრძოლები შემოდგომამდე მთლიანად დატოვებენ. თურქებსა და ქურთებს შორის 30-წლიანმა კონფლიქტმა ორივე მხრიდან 40 ათასზე მეტი კაცი შეიწირა.