სერბეთი და კოსოვო ევროკავშირის გამო შერიგდნენ - კვირის პალიტრა

სერბეთი და კოსოვო ევროკავშირის გამო შერიგდნენ

სერბეთმა და კოსოვომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. ეს დოკუმენტი სერბეთს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უხსნის. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უწყების ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეთრინ ეშტონი ამბობს, მას ბოლო წუთამდე ეეჭვებოდა წარმატება. დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით, მოლაპარაკება  სერბების წყალობით გახდა შედეგიანი. კოსოვოს მხარემ ბევრი რამ დათმო, თუმცა ექსპერტები ირწმუნებიან, ეს ყველაფერი დე ფაქტო ისედაც არსებობდაო. უპირველეს ყოვლისა, ამაში გულისხმობენ კოსოვოს სერბი მოსახლეობის უფლებას გარკვეულ ავტონომიაზე ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. სერბებსაც დიდ დათმობაზე მოუწიათ წასვლამ. ისინი დათანხმდნენ დამოუკიდებელი კოსოვოს არსებობას იმ საზღვრებში, რომელშიც ის, როგორც ავტონომიური მხარე, ჯერ კიდევ იუგოსლავიაში არსებობდა. გარდა ამისა, სერბეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ კოსოვოში მცხოვრები სერბები კოსოვოს მოქალაქეები არიან და არა სერბეთის, ანუ ფორმალურად უარი თქვეს 70 ათას კაცზე, რომლებიც თავს სერბეთის მოქალაქეებად მიიჩნევდნენ. პარადოქსია, მაგრამ ეს ლიბერალებმა კი არ გააკეთეს, რომლებიც სლობოდან მილოშევიჩის შემდეგ 12 წლის განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, არამედ ხელისუფლებაში დაახლოებით ერთი წლის წინ მილოშევიჩის უახლოესი გარემოცვიდან მისულმა ნაციონალისტებმა. სერბეთის პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი მილოშევიჩის ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი იყო, ივან დაჩიჩი კი, რომელმაც ხელი მოაწერა კოსოვოსთან ხელშეკრულებას - პრესმდივანი, თუმცა სიტუაციის პარადოქსულობა მხოლოდ მოჩვენებითია. სერბი-ლიბერალებისგან თავს ვერავინ მისცემდა კოსოვოზე უარის თქმის უფლებას, რა პირობითაც უნდა ყოფილიყო. შესაბამისი წარსულის მქონე ნაციონალისტებს (მაგალითად, ნიკოლიჩი თავის დროზე სერბებს მოუწოდებდა, ჰააგას შევუტიოთ ციხეში გამომწყვდეული გმირების - ნაციონალისტების გასათავისუფლებლადო) კი შეეძლოთ თავისთვის ამის ნება მიეცათ.

ექსპერტების აზრით, შეთანხმების მთავარი პუნქტი გულისხმობს იმას, რომ მხარეები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან ევროკავშირში გაწევრებაში. პირველი სერბეთი გაწევრდება, შემდეგ - კოსოვო. ევროკავშირის გაფართოების დარგში ევროკომისრის, შტეფან ფულეს თქმით, ორივე მხარემ უკვე შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნები. ევროკავშირში სერბეთის შესვლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ივნისში მიიღებენ.