საზღვარგარეთის ქვეყნები
27-05-2013
საზღვარგარეთის ქვეყნები
აშშ-ში, ოკლაჰომის შტატში, ძლიერ ქარიშხალს 90-მდე კაცი ემსხვერპლა. ათობით ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოებშია მოთავსებული.

ქარიშხალმა ერთ-ერთი სკოლის შენობა მთლიანად დაანგრია. არ არის გამორიცხული, ნანგრევებში ბავშვები იყვნენ მოყოლილი - 20 მოსწავლე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მაშველები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. დაღუპულთა ცხედრები ერთ-ერთი კინოთეატრის შენობაში გადააქვთ. შტატის გუბერნატორის, მერი ფელინის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 ოლქში, სადაც ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება.

აშშ-ის სენატის იურიდიულ საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა საიმიგრაციო რეფორმის პროექტი, რომელიც 11 მლნ არალეგალ
იმიგრანტს მისცემს მოქალაქეობის მიღების საშუალებას. აგრეთვე გაიზრდება ვიზების რაოდენობა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისათვის, შემოღებული იქნება კვოტები სეზონურად მომუშავეთათვის.

სენატორთა ჯგუფის მიერ შეთავაზებული და თეთრი სახლის მიერ მოწონებული რეფორმა არალეგალებს მიანიჭებს მუშაობის უფლებას, ხოლო 13 წლის გასვლის შემდეგ მოქალაქეობას მიიღებს 11 მლნ არალეგალი იმიგრანტი. გარდა ამისა, აშშ-ში ყოველწლიურად
200 ათასზე მეტი ჩასული შეძლებს მიიღოს დაბალანაზღაურებადი სამუშაო, რომელზეც პრეტენზია არა აქვთ ადგილობრივ მკვიდრთ. ახალი კანონის წინააღმდეგ უკვე გაილაშქრეს პროფკავშირებმა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ რეფორმა ამერიკელებს სამუშაო ადგილებს წაართმევს.

თურქეთის მთავრობა სირიასთან თავის ნაწილ საზღვარზე 2,5 კმ-იანი უსაფრთხოების კედლის აგებას აპირებს. კედელი აღჭურვილი იქნება სათვალთვალო კამერებით. ანკარა ვარაუდობს, რომ ეს სირიელი დევნილების ნაკადის ეფექტიანად გაკონტროლების საშუალებას მისცემს და ისლამისტ ტერორისტებს ქვეყანაში შემოსასვლელ გზებს დაუხშობს.

დიდ ბრიტანეთში 2005 წლის ივლისის შემდეგ ისლამისტი ტერორისტების მიერ პირველად განხორციელებულმა ტერაქტმა ქვეყანა შეაშფოთა. დანებითა და მაჩეტეთი შეიარაღებული ორი ნიგერიული წარმოშობის ახალგაზრდა ლონდონში თავს დაესხა სამხედრო მოსამსახურეს. გამვლელმა მომხდარი მობილურზე შემთხვევით ჩაიწერა. თავდამსხმელები ყვიროდნენ: "ბრიტანეთის ხელისუფლებას ისევე უნდა ვებრძოლოთ, როგორც ისინი გვებრძვიან ჩვენ - სისხლი სისხლისა წილ... "ვფიცავთ ყოვლისშემძლე ალაჰს, არასდროს შევწყვეტთ თქვენთან ბრძოლას! ვინც მუსლიმანებს ებრძვის ჩვენც შევებრძოლებით ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვებრძვიან".".. რადიკალი ისლამისტები პოლიციელებმა დააკავეს.

ირანის კონსტიტუციონალურმა "გუშაგთა საბჭომ" 700 მსურველიდან მხოლოდ 8 კანდიდატს მისცა ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება. რვავე კანდიდატი ლოიალურია ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიმართ, მას კი მშვიდი არჩევნები და დამყოლი პრეზიდენტი სურს. საპრეზიდენტო არჩევნები 14 ივნისს გაიმართება. ახლანდელი პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის მოკავშირეს, მოჰამად მეიშეის, ისევე როგორც ყოფილ პრეზიდენტ ალი რაფსანჯანის, საბჭომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით