საზღვარგარეთის ამბები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ამბები

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, მოჰამედ მურსის მომხრეთა მიმართ სამხედროების სისასტიკემ მსოფლიო საზოგადოებრიობა აიძულა, გადაეხედა ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობისადმი თავისი დამოკიდებულებისთვის. ეგვიპტის პოლიციასა და სამხედროებს ადანაშაულებენ ძალის გადაჭარბებაში და აფრთხილებენ, რომ ამგვარ ქმედებას ქვეყანა სამოქალაქო ომისკენ მიჰყავს. ძალოვანები უკან დახევას არ აპირებენ. "პრეზიდენტი მურსი დემოკრატიული გზით იყო არჩეული, მაგრამ მისმა ხელისუფლებამ ანგარიში არ გაუწია და პატივი არ სცა ბევრ ეგვიპტელს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ. მან გააკრიტიკა ისლამისტთა დარბევა, მოითხოვა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმება. ობამას განკარგულებით, არ ჩატარდება აშშ-ეგვიპტის სამხედრო ძალთა ერთობლივი წვრთნა "კაშკაშა ვარსკვლავი". აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გამორიცხავს ქაიროსთვის როგორც სამხედრო (წელიწადში 1,3 მლრდ დოლარი), ასევე ეკონომიკური (250 მლნ დოლარი) დახმარების შეწყვეტას.

ეგვიპტის დროებითი პრემიერის ჰაზემ ალ ბაბლაუს აზრით, სამხედროებს სხვა გზა არ ჰქონდათ. უმაღლესი ხელმძღვანელობის სხვა წევრები მას ეთანხმებიან, გადადგა მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ ალ-ბარადეი, რომელიც ძალის გამოყენების წინააღმდეგი იყო. დაპატიმრებულია "ძმები-მუსლიმების" 1004 წევრი. საპროტესტო მიტინგები ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში გრძელდება. შეტაკებებს დიდი მსხვერპლი სდევს.

სირიის მთავრობა დათანხმდა გაეროს მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების საერთაშორისო ინსპექციას. ექსპერტები ორ კვირას გაატარებენ 3 დასახლებულ პუნქტში, სადაც, ოპოზიციის განცხადებით, მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამლავი გაზი ზარინი. გაეროში შესულია შეტყობინება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების 13 შემთხვევის თაობაზე. გაეროს ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ საერთაშორისო ინსპექტორები, შვედი პროფესორის ოქს სელესტრომის მეთაურობით, სხვა დასახლებულ პუნქტებსაც გამოიკვლევენ, სადაც, ოპოზიციის განცხადებით, სირიის ხელმძღვანელობამ ქიმიური იარაღი გამოიყენა.

რუსეთის პრეზიდენტი, ბაქოში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მოლოდინის მიუხედავად, არც წყალქვეშა ნავით და არც სამხედრო გემით არ ჩასულა - თვითმფრინავით ჩაფრინდა. მას ახლდნენ მინისტრები, "როსნეფტისა" და "ლუკოილის" თავკაცები. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა პირისპირაც ისაუბრეს და გაფართოებული შემადგენლობით არაერYთ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. საუბარი შეეხებოდა მიმდინარე საერთაშორისო და ადგილობრივ ვითარებას, კასპიის ზღვის სამართლებრივ რეჟიმს, აგრეთვე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოწესრიგებას... პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსი კოლეგის ვიზიტს: - "რუსეთი იყო და რჩება აზერბაიჯანის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ლიდერად, ჩვენი კავშირები პოზიტიურად ვითარდება". პუტინმა თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა: - "აზერბაიჯანში ყურადღებით ეკიდებიან რუსული ენის სწავლებას და სწორედ ეს არის საფუძველი ორმხრივი თანამშრომლობის სხვა მიმართულებების გასავითარებლად".