საზღვარგარეთის ამბები - კვირის პალიტრა

საზღვარგარეთის ამბები

ფილიპინებში ტაიფუნ "ჰაიანის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 3 422-ს მიაღწია. ფილიპინების შინაგან საქმეთა მინისტრი მარ როხასი არ გამორიცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზრდება.

ფილიპინების ზოგიერთ რეგიონში შენობების 90% განადგურებულია, ამიტომ სწავლა დეკემბრის ბოლომდე არ განახლდება.

დაზარალებულთა რაოდენობა 10 მილიონს აჭარბებს. ფილიპინებში დაზარალებულთა დასახმარებლად აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, ჩინეთმა და რამდენიმე სხვა ქვეყანამ წყლითა და საკვებით დატვირთული თვითმფრინავები მიავლინეს.

***

სავარაუდოდ, უკრაინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლებს", - განაცხადა ევროპარლამენტის მისიის წარმომადგენელმა, პოლონეთის ექსპრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნიევსკიმ იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების გარშემო საკითხის ბლოკირებაზე კომენტირებისას. ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების შესახებ პროექტს რადა 19 ნოემბერს ბოლოჯერ განიხილავს. როგორც კვასნიევსკის განცხადებაშია აღნიშნული, 19 ნოემბერი უკრაინისთვის ბოლო შანსი იქნება.

***

ე.წ. "ერთი ბავშვის პოლიტიკა", რომელიც ჩინეთში ოჯახებს ერთზე მეტი ბავშვის ყოლას უკრძალავს, შემსუბუქდა. მშობლებს უკვე ორი შვილის გაჩენის უფლება მისცეს. საქმე ისაა, რომ აკრძალვის გამო ეკონომიკური ზრდა შემცირდა. როგორც ადგილობრივი სააგენტოები იტყობინებიან, თუ რომელიმე მშობელი დედისერთაა, ოჯახს უფლება აქვს, მეორე შვილი გააჩინოს. ასევე შეუძლია მეორე შვილის გაჩენა, თუ პირველი ბავშვი გოგონაა.