უკრაინის მოვლენები - რას ფიქრობენ საერთაშორისო ექსპერტები - კვირის პალიტრა

უკრაინის მოვლენები - რას ფიქრობენ საერთაშორისო ექსპერტები

"რუკა - კიევის მოვლენების გასაღები"

მაქს ფიშერი,

"ვაშინგტონ პოსტი" "რუკა, რომელსაც გთავაზობთ, საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რუკაზე ფერებად არის დაყოფილი ქვეყნის მთავარი ეთნიკური და ლინგვისტური სხვაობები. აი, რატომ არის ეს რუკა ასეთი მნიშვნელოვანი: უკრაინის პოლიტიკას დიდი ხანია, რაც ქვეყნის დემოგრაფია ორ მთავარ ნაწილად ყოფს. ის, რაც დღეს ხდება, დიდწილად სწორედ ამ დაყოფის შედეგია. უკრაინის ეთნოლინგვისტური პოლიტიკური დაყოფა შეერთებული შტატების "წითელი ამერიკისა" (რესპუბლიკელები) და "ლურჯი ამერიკის" (დემოკრატები) მსგავსია, მაგრამ ამერიკული მაგალითისგან მას ძალიან ბევრი რამ განასხვავებს - წარმოიდგინეთ, რომ "წითელი" და "ლურჯი" ამერიკა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. მიმდინარე პოლიტიკური კონფლიქტი, რომლის ძირითადი ხაზი გადის იმაზე, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა - ევროპისკენ თუ რუსეთისკენ, ისეთი ამერიკული თემების უკრაინული ეკვივალენტია, რომელზეც "წითლები" და "ლურჯები" კომპრომისს ვერასდროს პოულობენ - იარაღით ვაჭრობის კონტროლი, აბორტი და ერთსქესიანთა ქორწინება. უკრაინულ პოლიტიკასაც ახასიათებს ის, რაც ამერიკულ პოლიტიკაში გვხვდება, კერძოდ ის, რომ პოლიტიკური ოპონენტების აზრით, მოწინააღმდეგე მხარე ერს არ წარმოადგენს".

"აშშ არ უნდა ჩაერიოს"

დაგ ბენდოუ, ექსპერტი, რონალდ რეიგანის ყოფილი მრჩეველი

„"მთავარი საკითხი: ვისთან გააფორმებს  კიევი ეკონომიკურ კავშირს - ევროპასთან თუ რუსეთთან, აშშ-ს  არ ეხება. ამიტომ ობამას ადმინისტრაციამ თავი უნდა შეიკავოს კიევში განვითარებულ პროცესებში ჩარევისგან უსაფრთხოების თვალსაზრისით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება საფრთხეს არ უქმნის აშშ-ს, ამერიკის მოქმედებაზე კი ამას ვერ იტყვი - შეუძლებელია, ნატოს ექსპანსია რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან, რუსეთისთვის შემაშფოთებელ პროცესად არ განიხილო. ეს ისეთივე მოვლენაა, „ვარშავის პაქტის“ წევრი ქვეყნები მექსიკამდე რომ გაფართოვდნენ".

"დაე, არავის არ ერგოს - უკრაინის დაშლის საფრთხე არსებობს"

ვადიმ კარასევი,

კიევის გლობალური

სტრატეგიების ინსტიტუტი

"თუ სიტუაცია ძალისმიერი სცენარით განვითარდება, "საბოლოო განხეთქილება" გარდაუვალია. მაგრამ მთავრობა ვერ შეძლებს კონტროლის აღდგენას ხალხზე, შესაბამისად, მათ კომპრომისზე წასვლა მოუწევთ. წითელი ხაზი ჯერ არ გადაკვეთილა, იანუკოვიჩი სწორედ იმ ხაზთან გაჩერდა, რომლის მეორე მხრიდანაც მას სლობოდან მილოშევიჩი და მისთანები შემოჰყურებენ".

"ეს სამოქალაქო ომი კი არა, აქტივისტების ომია მთავრობასთან"

ალექსანდრ სტეგნი, მოსკოვის

სოციოლოგიის ინსტიტუტი

"არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ ვითარების იქამდე გამწვავება, რომ საქმე სამოქალაქო კონფრონტაციამდე მივიდეს. საგანგებო მდგომარეობა, რომლის შემოღებასაც მთავრობას ზოგიერთი რეგიონი ურჩევს, მხოლოდ ერთს მოიტანს - დიდ სისხლს".

"ევროპამ ეს შანსი უნდა გამოიყენოს"

იორგ ფორბრიგი, მარშალის ფონდი, ნიუ-იორკი

"რაც უფრო უახლოვდება უკრაინა ევროპას, რაც უფრო გარდაუვალი ხდება საბოლოო არჩევანი, მით უფრო იზრდება გაუცხოება უკრაინის მთავრობასა და ხალხს შორის.

მთავრობა, რომელსაც მხოლოდ საკუთარი ხელისუფლებისა და მოსკოვიდან ფინანსური დოტაციების შენარჩუნება ადარდებს, ქედს უხრის რუსეთის ზეწოლას, მაშინ, როცა ხალხმა უკვე გაიაზრა, რომ უკრაინა თავისუფალი, დემოკრატიული და წელში გამართული მხოლოდ ევროპასთან სრული ინტეგრაციის ხარჯზე იქნება.

სწორედ ახლა უნდა გამოიყენოს ევროკავშირმა შანსი და უკრაინის მთავრობასა და ქუჩებში გამოსულ ხალხს ეროვნული დიალოგისკენ უბიძგოს".

არის თუ არა უკრაინაში დიქტატურა?

ოლგა ლუცევიჩი,

"ჩეთემ ჰაუსი", ლონდონი

"ის, რისი მოწმეც გავხდით უკრაინაში, სხვა არაფერია, თუ არა დიქტატორული მმართველობის შექმნის მცდელობა, რათა იანუკოვიჩმა საკუთარი სკამი გადაარჩინოს, რადგან ყოველივე ამის შემდეგ 2015 წლის არჩევნებში მისი და მისი პარტიის გამარჯვების შანსი არცთუ ისე იმედისმომცემია. ეს სახიფათო ტაქტიკაა, რომელიც უნაყოფო იქნება შემდეგი სამი მიზეზის გამო:

პირველი: ძალმომრეობის ყოველი ახალი შემთხვევა, როგორც ვნახეთ, მეტსა და მეტ ხალხს უბიძგებს ქუჩაში გამოსვლისაკენ.

მეორე: იანუკოვიჩს ქარიზმა არ ჰყოფნის, რათა წარმატებული დიქტატორი გახდეს. მას აკლია როგორც საკუთარი თავის რწმენა, ასევე რთული სიტუაციებიდან თავის დაძვრენის ოსტატობა, რომ არაფერი ვთქვათ ოპონენტებთან პირისპირ კამათის გამბედაობაზე.

მესამე: უკრაინის ეკონომიკა ვერ შეინახავს დიქტატურას. ქვეყნის მაკროეკონომიკა ისედაც ცუდ დღეშია, ცალსახად გამოხატული დიქტატურა კი უკრაინის რეპუტაციას საბოლოოდ დაასამარებს".