თომას დე ვაალი: "ყირიმის კრიზისი: 2008 წლის ომის სამი გაკვეთილი"
03-03-2014
თომას დე ვაალი: "ყირიმის კრიზისი: 2008 წლის ომის სამი გაკვეთილი"
"რუსეთის არმიამ საქართველოს შეშინებული ლიდერის თავდასხმას უპასუხა "ყირიმის კრიზისი: სამი გაკვეთილი კავკასიისგან" - ამ სათაურით აქვეყნებს "კარნეგის ცენტრი" თომას დე ვაალის სტატიას ყირიმში შექმნილ ვითარებაზე. 

როგორც სტატიის ავტორი წერს, რამდენადაც ყირიმს ევროპის ყველაზე ფეთქებად წერტილად გადაქცევის საფრთხე ემუქრება, ბევრი პარალელს ავლებს 2008 წელს საქართველოში მომხდარ ომთან. მაგრამ თომას დე ვაალის აზრით, ყირიმში შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის ომს შორის დიდი განსხვავებაა, რადგან ყირიმი უფრო დიდია და რუსეთს იქ უფრო დიდი
ფსონი აქვს.

"მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, - წერს დე ვაალი, - განა ორიოდე კვირის წინ, როდესაც ევრომაიდანზე ვითარება განიმუხტა, ვინმე იფიქრებდა, რომ კიევში ასი კაცი დაიღუპებოდა?
პოლიტიკური კრიზისი ყირიმში გარდაუვალია, საქმე ის არის, რა მასშტაბისა იქნება. პრიორიტეტი ახლა პოლიტიკური კრიზისის სამხედრო კონფლიქტად გადაქცევის
თავიდან არიდებაა. შეგახსენებთ, თავიდან არიდება შეიძლებოდა ყველა პოსტსაბჭოთა კონფლიქტისა კავკასიაში, მათ შორის 2008 წლის ომისაც კი. აი, სამი გაკვეთილი, რომელიც შეიძლება იმ ავადმოსაგონარი დღეებიდან გამოვიტანოთ:

ა) პაიკებსაც საკუთარი მიზნები აქვთ:
ყირიმელი პოლიტიკოსების კურსი გამიზნულია უკრაინის პროვოცირებაზე, რათა რუსეთს კონფლიქტში ჩართვისკენ უბიძგონ. ბევრი დღესაც გაიძახის, "2008 წლის აგვისტოს საქართველოში" რუსეთი შეიჭრაო, სინამდვილეში, ოსები და ქართველები შეტაკებაში ჩაითრიეს. რუსეთის 58-ე არმია მზად იყო კონფლიქტში ჩასართავად. საქართველოს შეშინებული ლიდერი სამხრეთ ოსეთს პირველი დაესხა თავს და რუსეთის არმიამაც რამდენიმე საათის შემდეგ უპასუხა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ომის წინადღეს რუსეთისა და ამერიკის წარმომადგენლებს, გრიგორი კარასინსა და დენ ფრიდს, სჯეროდათ, რომ სიტუაცია კონტროლირებადი იყო, ომი მაინც მოხდა. ერთმა პერსონამ, რომლისთვის მაშინ ყურადღება არ მიუქცევიათ, შესაძლოა, საბედისწერო როლიც კი ითამაშა ამ ყველაფერში. ეს იყო სამხრეთ ოსეთის ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელსაც საკმაოზე მეტი სტიმული ჰქონდა იმისთვის, რომ რუსებს სოროდან გამოეყვანათ. ასე რომ, ღირს ვიკითხოთ, ხომ არ ჰყავს ყირიმსაც თავისი კოკოითი?

ბ) აღიქვით ადგილობრივი მოსახლეობა სერიოზულად.

ლაპარაკია უბრალო ხალხზე და არა პოლიტიკოსებზე. 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესები არავის ანაღვლებდა. ყირიმელი რუსებიც უბრალოდ კრემლის ლაქიები არ არიან და საკუთარი საწუხარი აქვთ და საყვედურიც ეთქმით: დაწყებული ნაცისტური ოკუპაციით, მოგვიანებით ხრუშჩოვის ღალატით, კიევის სამთავრობო პოლიტიკით იმედგაცრუებით და დამთავრებული "უკრაინიზაციის" გამუდმებული შიშით.

გ) თვალი ადევნეთ ბაზებს.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს დაუჟინია, პუტინი ამზადებს უკრაინისა და ყირიმის ანექსიას და საბჭოთა კავშირის აღდგენას აპირებსო, ყველაფერი ასე დრამატულადაც არ არის. რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ უკრაინაში ვითარების ესკალაცია დასავლეთის მკვეთრ რეაქციას საჭიროებს, მაგრამ თუ პუტინის სიტყვებს წაიკითხავთ, ის საკმაოდ ბუნდოვნად საუბრობს. რა თქმა უნდა, პუტინი დაუნდობელია, მაგრამ არც საურონია "ბეჭდების მბრძანებლიდან". რა თქმა უნდა, სურს, კიევის ახალმა მთავრობამ მარცხი იწვნიოს, მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს ივნისში, სოჭში, "დიდი რვიანის" სამიტის მასპინძლობა მოუწევს.

რა სტრატეგიულ თამაშს თამაშობს რუსეთი ყირიმში? 2008 წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ჩარევა გარანტირებული იყო იმით, რომ იქ რუსი სამშვიდობოები იყვნენ. მაგალითად, ორი წლის შემდეგ, ყირგიზეთში, ოშის მოვლენებში, რუსები არ ჩაერივნენ, თუმცა იყო მოწოდებები ამისაკენ.
რუსეთს აქვს ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული რესურსი ყირიმში - შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ბაზა სევასტოპოლში. ვფიქრობ, პუტინის მთავარი საზრუნავია, რაც უნდა მოხდეს, ეს ბაზა შეინარჩუნოს.
n
18 მარტი 2014 10:11
ან ძალიან ცუდი თარგმანია, ან ეს ადამიანი აზრზე არ არის:
მაგალითად:
"აღიქვით ადგილობრივი მოსახლეობა სერიოზულად.
ლაპარაკია უბრალო ხალხზე და არა პოლიტიკოსებზე. 2008 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტერესები არავის ანაღვლებდა."
-სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას ვინ რას ეკითხებოდა ოდესმე???
ან კიდევ:
"მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს ივნისში, სოჭში, "დიდი რვიანის" სამიტის მასპინძლობა მოუწევს."

-სასაცილოა, დიდ რვიანზე არ ჩამოსვლით პუტინს შეაშინებენ?...
და ა. შ.
კახა
05 მარტი 2014 16:44
ეს ადამინი არის საქართველოს მტერი. არა წინა მთავრობის, არამედ საქართველოს. მარტო ამ საკითხში არა. არც უკრაინის მეგობარი არაა. ის რუსეთის ინტერესებს ატარებს: ან შეგნებულად, ან როგორც "useful idiot" (არ დაბლოკოთ, ეს ცუდი სიტყვა არაა, საკმაოდ კარგად დამკვიდრებული ტერმინია, შეგიძლიათ ნახოთ განმარტებები).
მისი ანალიზი ყოველთვის ძალიან ზედაპირულია და სადაც კამათი მოსვლია ქართველ ან საქართველოს კარგად მცოდნე ექსპერტთან, ყოველთვის გამოჩნდა მისი უსუსურობა და უვარგისობა. სხვათა შორის, ეს ამ სტატიაშიც ძალიან კარგად ჩანს.
ნუ აკეთებთ მისი ნაბოდვარის ტირაჟირებას.
nene
04 მარტი 2014 11:00
თუ არ მოგვარდა ეს სიტუაცია, მესამე მსოფლიო ომი გარანტირებული აქვს მსოფლიოს...ამ ომში კი გამარჯვებული არავინ იქნება.... ღმერთო შენ გვიშველე

რედაქტორის რჩევით