შემზარავი ფოტოქრონიკა - რა ხდება უკრაინაში - კვირის პალიტრა

შემზარავი ფოტოქრონიკა - რა ხდება უკრაინაში

ოდესაში, პრორუს აქტივისტებსა და უკრაინის ერთიანობის მხარდამჭერთა შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს. ამასთან, 25 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ინციდენტის შესახებ რუსულ და უკრაინულ მედიაში გავრცელებული ვერსიები მკვეთრად განსხვავდება. რუსული მედიის (”იტარ-ტასი”) ცნობით, პრორუს აქტივისტებს უკრაინის ”მემარჯვენე სექტორის” სპეციალურად გაწვრთნილი ბოევიკები დაესხნენ თავს. აქტივისტებმა თავი პროფკავშირების სახლს შეაფარეს, ”მემარჯვენე სექტორის” ბოევიკებმა კი შენობას ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც 37 ადამიანი დაიღუპა, ბევრი კი დაშავდა. რუსულ მედიაში ასევე აღნიშნავენ, რომ გადარჩენილებს ”მემარჯვენეები” ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

რუსულ წყაროსთან მკვეთრ კონტრასტში მოდის უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობები, რომელთა მიხედვითაც საფეხბურთო კლუბების, ”ჩერნომორეცისა” და ”მეტალისტ ხარკოვის” ულტრასები (ფანატიკოსი ფანები) აქციას მართავდნენ, მათ კი სეპარატისტები დაუპირისპირდნენ. პროვოკაცია პრორუსული მხრიდან მოდიოდა, რომელთა ბანაკიც ულტრასებმა გაანადგურეს. პრორუსების ერთ-ერთ თავშესაფარს, პროფკავშირების სახლს ხანძარი გაუჩნდა და ცეცხლმოკიდებულ შენობაში დარჩენილი სეპარატისტები პროუკრაინელ აქტივისტებს გამოჰყავდათ.