შვეიცარიული გაკვეთილები საქართველოსთვის - კვირის პალიტრა

შვეიცარიული გაკვეთილები საქართველოსთვის

შვეიცარიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ხუთდღიანი სასწავლო ტურის განმავლობაში ბევრი რამ გავიგეთ იმაზე, თუ როგორ "მუშაობს" ნეიტრალიტეტი, პირდაპირი დემოკრატია, კონფედერაცია...

წესრიგის ქვეყანა

პირველი, რაც ილუმინატორიდანვე მოგვხვდა თვალში, იყო შესაშური სიმეტრიით დახაზული მიწის ნაკვეთები. გეგონებოდა, გეომეტრიის წიგნს ათვალიერებდი: არც ერთი ზედმეტი ხაზი, საერთო სურათიდან ამოვარდნილი დეტალი, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. ცხადი გახდა: ვიყავით წესრიგის, დაგეგმვისა და კანონების ფანატიკურად მოყვარულ ქვეყანაში.

ძნელია, გაუმკლავდე ცდუნებას და შვეიცარია იმ საათების მექანიზმს არ შეადარო, რომლებზეც თვითონ ასე გიჟდებიან.

26 კუთხე, 4 ენა, ერთი ხალხი

ამოუხსნელი მისტერიაა, როგორ გახდა შვეიცარია ქვეყანა, თუ იმ ხალხების ეთნიკურ მემკვიდრეობას გავითვალისწინებთ, რომლებიც დღეს შვეიცარიელ ერს შეადგენენ. გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და რეტრორომანულ ენებზე მოლაპარაკე ეთნიკურ ჯგუფებს შორის ჯიბრი, კონკურენცია და უთანხმოება, არასდროს მიდის იმ დონემდე, როცა ქვეყნის ინტერესები ზარალდება.  ასეთი განწყობის შემხედვარე, ძნელია შური არ მოგერიოს. ხალხი, რომელსაც ზოგჯერ ერთმანეთის ენაც კი არ ესმის, ავლენს უფრო დიდ ეროვნულ შეგნებას, ვიდრე მთელი ქართულ ენაზე მოსაუბრე ერი. შეიძლება ასეთი იდილიური განწყობა შვეიცარიის განთქმულ სიმდიდრეს "გადავაბრალოთ", მაგრამ არცთუ დიდი ხნის წინ შვეიცარია სულაც არ მოიაზრებოდა მდიდარ ქვეყნად, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოახერხეს ამბიციები და განსხვავებული შეხედულებები განზე გადაედოთ და სამაგალითოდ კონსოლიდირებულ ქვეყნად ქცეულიყვნენ. შვეიცარია არის ფედერაციული წყობის მქონე წარმატებული დემოკრატიული ქვეყნის მაგალითი, სადაც არავის ეშინია, რომ ერთ დილასაც გაიღვიძებენ და ქვეყანა დაშლილი დახვდებათ, როგორც ეს იუგოსლავიაში მოხდა და არც რკინის ხელი სჭირდებათ, რათა გაქცევის მოსურნე "ქვეშევრდომები" შეინარჩუნონ, რაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის რჩეულ ტაქტიკას წარმოადგენს. შვეიცარიის ფედერაციული სისტემის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო ქვეყნის ჩახლართულ პოლიტიკურ სისტემაში იმალება, რომელიც სავსეა ნაირ-ნაირი ტიპის ავტონომიითა და კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულებით რეგიონულ, საკანტონო და ფედერალურ ორგანოებს შორის. ყველაფერი ეს ობობას გიგანტურ ქსელს წააგავს, სადაც თითოეული ძაფის მთლიანობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კონფედერაციის საკითხი. ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან გამუდმებით მოსალოდნელი საფრთხეების ფონზე, არცთუ იშვიათად გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მოსკოვმა შეიძლება მის იმპერიულ ამბიციებთან ერთი შეხედვით შეუსაბამო მანევრს მიმართოს:  რუსეთის "კალთაში" დაბრუნების სანაცვლოდ, შემოგვთავაზოს კონფედერაციის შექმნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ამ წინადადების გასაანალიზებლად შვეიცარიული გაკვეთილი გამოგვადგება: ერთადერთი გასაღები წარმატებული კონფედერაციისა არის მისი წევრების გულწრფელი სურვილი, ერთად, ერთ ქვეყანაში იცხოვრონ, ერთ ერად იწოდებოდნენ - იცხოვრონ მშვიდობიანად, შუღლის გარეშე. ერთადერთი ძალა, რამაც შეიძლება აფხაზები და ოსები აიძულოს, ჩვენთან ერთად კონფედერაციას შეუერთდნენ, არის რუსეთის სურვილი, დომინირებდეს რეგიონში. კონფედერაციის პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება მიიღება წევრთა უმრავლესობით და ადვილია, დავინახოთ, რა საფრთხე არსებობს ამ წინადადებაში - ფასადური დამოუკიდებლობის შენარჩუნება, სუვერენიტეტის დაკარგვა, რუსული გავლენის ლეგიტიმიზაცია და დასავლეთისთვის საბოლოოდ მიხურული კარი. მაგრამ ამ მონეტას მეორე მხარეც აქვს - რა უნდა ვქნათ, თუ სასწორის მეორე პინაზე რუსული ანექსია დაიდება? თუ ორი ბოროტებიდან უფრო მცირის არჩევაზე მიდგება საქმე, რა უფრო სახიფათოა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის - ყირიმის ბედის გაზიარება თუ აფხაზეთსა და ოსეთთან ერთად რუსეთის სატელიტი ტრიუმვირატის როლზე დაყაბულება? კონფედერაციის იდეისადმი დადებითად განწყობილები ხშირად მიუთითებენ სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობაზეც, თუმცა, მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ის, რაც ვერ მოხერხდა არა მხოლოდ დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, არამედ ვერ ხერხდებოდა საბჭოთა კავშირისა და მეფის რუსეთის მრავალწლიანი მმართველობის დროსაც, მოხდება ახლა - ჩვენც, აფხაზებიცა და ოსებიც უცებ "გავშვეიცარიელდებით" და რუდუნებით შევუდგებით ერთი ქვეყნის მომავლის შენებას.

ეს სპარტაა, ანუ პირდაპირი დემოკრატია შვეიცარიაში

კლეისთენე, ათენის დემოკრატიის მამა, ალბათ, შურით გამწვანდებოდა, დღევანდელი შვეიცარიის შემხედვარე. შეიძლება ითქვას, შვეიცარიელებმა ცოტა გადაამლაშეს კიდეც - ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ქვეყანაში იღებს ხალხი, რომელზეც გავლენის მოხდენა, როგორც ამას ისტორია გვიჩვენებს, ზოგჯერ არცთუ ისე ძნელია. თანაც, ყოფილა შემთხვევები, როდესაც დემოკრატია იმარჯვებდა მხოლოდ "დემოკრატიის ხათრით" - გადაწყვიტო, რომ ხმის მიმცემთა 51% აუცილებლად მართალია, მოწინააღმდეგე 49% კი ცდება, მაინცდამაინც დიდ კეთილგონიერებაზე არ მეტყველებს. ამას გარდა, არის სხვა გამოწვევებიც: რა უნდა იღონო, როდესაც გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები? როგორც წესი, შვეიცარიული რეფერენდუმები კარგა ხანი გრძელდება და კონკრეტულ საკითხზე შეიძლება რამდენიმეც კი გაიმართოს. საბედნიეროდ (შვეიცარიელთათვის), ასეთი სიტუაციის წინაშე ისინი კარგა ხანია, არ აღმოჩენილან. რაც შეეხება სპარტას - ამ ანტიკურ სახელმწიფოში ხალხი საკუთარ სურვილს ყვირილით გამოხატავდა. არისტოტელე ამას ბავშვურობად მიიჩნევდა, ათენელების "თანამედროვე" მეთოდთან, კენჭისყრასთან შედარებით. მაგრამ საქმე ის არის, რომ სპარტელები იმიტომ ყვიროდნენ, რომ ხმების გაყალბება არ დაეშვათ. რა სიტუაციაა ამ მხრივ შვეიცარიაში? პირდაპირი გაყალბება, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ეშმაკური ხრიკებით, როგორიცაა სწორად შერჩეული პოპულისტური პროპაგანდა, შეიძლება, მთელი ეს საამაყო პირდაპირი დემოკრატია ფარსად და სახიფათო ბერკეტად იქცეს "ცუდი ბატონის" ხელში.

მილიარდერი შვეიცარიელი პოლიტიკაში

როდესაც მილიარდერსა და "შვეიცარიელი ხალხის პარტიის" ლიდერ ქრისტოფ ბლოხერს გუგლში ეძებთ, პირველი, რაც "ამოხტება", მისი ბიოგრაფია კი არა, "შპიგელის" სტატიაა სათაურით: "შვეიცარიის პოპულისტი ლიდერი ბლოხერი: ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ!" ბლოხერი, თავისი ცნობილი მონოლოგებით იმის შესახებ, რომ "შვეიცარია შვეიცარიისთვის უნდა იყოს და არა ევროკავშირისათვის", შვეიცარიული პოლიტიკის ერთ-ერთი ძლიერი და წინააღმდეგობრივი ფიგურაა. რამდენიმე წლის წინ იგი ფედერალური საბჭოდან დაითხოვეს, თუმცა, თუ ექსპერტებს ვერწმუნებით, ნელ-ნელა ემზადება დაბრუნებისათვის. მას აქვს საკუთარი სატელევიზიო არხი, რომელსაც თავისი იდეების გასავრცელებლად იყენებს. სწორედ ის და მისი პარტია იყვნენ მთავარი ძალა იმ რეფერენდუმის უკან, რომლის შედეგადაც ქვეყანაში იმიგრაცია უნდა შეიზღუდოს. ცნობილი კანონი "მინარეთების აკრძალვის შესახებ" ასევე მისი პარტიის ინიციატივა იყო.

ნეიტრალიტეტი = იზოლაციას?

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ისაუბრო შვეიცარიაზე და არ შეეხო ნეიტრალიტეტის ცნებას. წლების განმავლობაში თავშეკავებული შვეიცარია არჩევდა, არ "გაბლანდულიყო" სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების ქსელში, თუმცა, ეს არ ნიშნავდა საგარეო პოლიტიკისგან განზე გადგომას - როგორც ევროკავშირთან, ასევე ნატოსთან შვეიცარიას ორმხრივი შეთანხმებების მთელი წყება აკავშირებს. თუ გავითვალისწინებთ შვეიცარიის სტატუსს, როგორც მშვიდობის ნავსაყუდელს მსოფლიო ომების დროს, მის გეოპოლიტიკურ მდებარეობას რეგიონში, სადაც ომი თითქმის წარმოუდგენელია და რაც მთავარია, ქვეყნის სიმდიდრეს, შეიძლება დავასკვნათ, რომ სხვებს უფრო სჭირდებათ შვეიცარია, ვიდრე შვეიცარიას - სხვები. როცა მსოფლიო წინ მიდის, შვეიცარია წინდახედულად ითრევს ფეხს, რათა ნახოს, სანდოა თუ არა გასავლელი ბილიკი. "თუ მუშაობს, ნუ შეაკეთებ" - აი, პრინციპი, რომლის მიხედვითაც მუშაობს შვეიცარიული პოლიტიკა. ქართველებს შვეიცარიული მაგალითიდან გაკვეთილის გამოტანა აქაც შეგვიძლია: შეუძლებელია გახდე ნეიტრალური, თუ არა გაქვს ამისთვის საჭირო სამხედრო ძალა, რათა დაიცვა ნეიტრალიტეტი. შვეიცარიის არმია ხშირად ერთ-ერთი მოწინავე იყო მსოფლიოში, ასეთივეა დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას სამხედრო საფრთხე თითქოს არსაიდან ემუქრება. მარტივი ისტორიული პარალელი: შვეიცარია არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელსაც ნეიტრალიტეტი ჭკუაში დაუჯდა: ანალოგიურ ხერხს მიმართა ბელგიამაც, მაგრამ თუ შვეიცარიას ჰყავდა ჯარი და მზად იყო, დაეცვა საკუთარი ნეიტრალიტეტი, სამხედრო თვალსაზრისით უსუსურ ბელგიას მსოფლიო ომის დროს, უბრალოდ "გადაუარეს".

ალპები და ჰანიბალი

ელემენტარულია, უოტსონ: ყველაზე ღირებული გაკვეთილი, რაც შვეიცარიაში ვისწავლეთ, იყო შემდეგი: გააზრება იმისა, რომ მიუხედავად უამრავი განსხვავებისა მენტალიტეტში, სწორედ შვეიცარიაა სანიმუშო მაგალითი იმისა, თუ საით უნდა ისწრაფოდეს საქართველო. ეს, რა თქმა უნდა, ტიტანურ ძალისხმევას მოითხოვს: სწორედ ისეთს, როგორიც ერთ ცნობილ კართაგენელს დასჭირდა, რომელმაც ჩაიდინა მაშინ წარმოუდგენელი რამ: ალპები გადალახა მრავალათასიანი არმიითა და სპილოებით, თუმცა, ეს გმირობა ძვირადაც დაუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ახლა უამრავი განსაცდელი უდგას წინ, ნუ დავივიწყებთ, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენსავით უჭირდათ შვეიცარიელებსაც: მათაც ჰყავდათ ალმაცერად მომზირალი მეზობელი იმპერიები, რომლებთანაც არაერთხელ იბრძოლეს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად, მაგრამ გაუძლეს და ჩვენც უნდა გავუძლოთ. "გაუძელი და გაძლებაში გაძლიერდი" - როგორც ამბობენ.

ვაჟა თავბერიძე