"რასმუსენი დარბის, დარბის, კვდება სირბილით" - კვირის პალიტრა

"რასმუსენი დარბის, დარბის, კვდება სირბილით"

"რასმუსენი დარბის, დარბის, კვდება სირბილით

"რუსეთის რიტორიკა "ცივი ომის" ბუნდოვან კლიშეებზეა დამყარებული და მისი ქმედებები არ პასუხობს XXI საუკუნეში მიღებულ წესებს", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა პოლონეთში ვიზიტისას.

"რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უდიდესი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის მრავალი თაობის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი მოკავშირეების დაცვას, პოლონეთის ჩათვლით", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენმა მოუწოდა რუსეთს, მოახდინოს უკრაინის კრიზისის დეესკალაცია, შეწყვიტოს სეპარატისტებისთვის მხარდაჭერა და გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინის საზღვრებიდან.

დიდი შვიდეული აღარ ხუმრობს?

"დიდი შვიდეული მოქმედების ექსტრემალურ გეგმას მოაწერს ხელს. დიდი ბრიტანეთი ამერიკასა და ევროკავშირთან ერთად ემზადება, რუსეთის მიერ მომხმარებელი ქვეყნების წინააღმდეგ გაზისა და ნავთობპროდუქტების "იარაღად" გამოყენება აღკვეთოს", - წერს "ინდეფენდენტი".

გამოცემის თანახმად, დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მინისტრის, ედ დეივის განცხადებით, ივნისში დევიდ ქემერონი და "დიდი შვიდეულის" სხვა ლიდერები აპირებენ, ხელი მოაწერონ "მოქმედების ექსტრემალურ გეგმას" უკრაინის მხარდასაჭერად, იმ შემთხვევაში, თუ მომავალ ზამთარში რუსეთი გაზის მიწოდებას შეწყვეტს.

მისი თქმით, გარდა ამისა, შვიდეულმა მიმდინარე კვირას მხარი დაუჭირა გეგმას რუსეთის საწვავზე დამოკიდებულების ეტაპობრივად შემცირების თაობაზე. მინისტრის განცხადებით, შვიდეულის წევრები შეთანხმდნენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებელია აღკვეთონ კრემლის მუქარა.

გარდა ამისა, ევროკავშირი აპირებს სახსრების ჩადებას ახალი მილსადენების მშენებლობაში ბუნებრივი აირის დასავლეთიდან აღმოსავლეთში ტრანსპორტირებისთვის.

შტაინმაიერის ხუთი ნაბიჯი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინის კრიზისის დარეგულირების ხუთნაბიჯიან გეგმას აქვეყნებს:

უპირველესად, ჟენევაში უნდა გაიმართოს ოთხეულის -–აშშ-ის, რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა, რაც ძლიერი პოლიტიკური სიგნალი იქნება იმისთვის, რომ ყველა მხარე მზად არის მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად;

არ უნდა დაივიწყონ საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობა;

მესამე - კონფლიქტურ მხარეებს შორის დიალოგს ყველა დონეზე ეუთომ უნდა შეუწყოს ხელი.

შტაინმაიერის აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საკონსტიტუციო რეფორმას, რაც ხელს შეუწყობდა შიდასახელმწიფოებრივ შერიგებას.

ბოლო,–მეხუთე ნაბიჯია არასახელმწიფოებრივი დაჯგუფებების განიარაღება და საზოგადოებრივი შენობების გათავისუფლება.

ბან კი მუნი - მშვიდობის მოციქულად

გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი მზად არის, უკრაინის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარებაში მედიატორი იყოს.

"ჩემი შუამავლობის საკითხი ყველა მხარეს - უკრაინის ხელისუფლებას, რუსეთის ლიდერებს, ევროკავშირს და ამერიკას შევუთანხმე. ოთხივე მხარეს მოვუწოდებთ უკრაინაში შექმნილი პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ და საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა ბან კი მუნმა.

ბრიდლავი - რუსეთს უკრაინაში მიზნის მიღწევა ქვეყანაში შეჭრის გარეშე შეუძლია

ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლის ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში მიზნის მიღწევა ქვეყანაში შეჭრის გარეშე შეუძლია.

"არა მგონია, რომ ეს პუტინის ქმედებების ყველაზე სავარაუდო სვლა იყოს. ვფიქრობ, პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაში მიზნის მიღწევას ისე შეძლებს, რომ მისი ჯარები უკრაინის საზღვარს არ გადაკვეთენ. ჩემი აზრით,  რუსეთის პრეზიდენტი კვლავაც გააგრძელებს იმას, რასაც ახლა აკეთებს - უკრაინის ხელისუფლების დისკრედიტაციას, არეულობების მოწყობას, სეპარატისტული მოძრაობებისთვის ხელშეწყობას", - განაცხადა ფილიპ ბრიდლავმა.

ლავროვი ევროპას გაღმა ედავება

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი დასავლეთის ქვეყნებს ოდესაში მიმდინარე მოვლენების რეალურ მიზეზებზე თვალის დახუჭვაში ადანაშაულებს.

რუსული მედიის ცნობით, ლავროვმა ვენაში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ოდესაში განვითარებული მოვლენები დაკავშირებულია "ფაშიზმის ღია გამოვლინებასთან", რაზეც, მისი თქმით, დუმს კიევის ხელისუფლებაც და დასავლეთის ქვეყნებიც.

"მართალია, დასავლეთში გმობენ ოდესის ტრაგედიას, მაგრამ მის რეალურ მიზეზებზე თვალს ხუჭავენ", - თქვა ლავროვმა. მან ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, აღკვეთონ ულტრანაციონალისტების მოქმედებები უკრაინაში და საბოლოოდ თქვან უარი ორმაგ სტანდარტებზე. ლავროვის თქმით, რუსეთი დიდი ხანია სხვა სახელმწიფოებთან ერთად განგაშის ზარს რეკავს ფაშიზმის აღორძინების მცდელობის წინააღმდეგ.

ალექსანდრ ტურჩინოვი - ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ

"უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღმოსავლეთით სადამსჯელო ოპერაციას არ ახორციელებს; ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადების კომენტირებისას.

მისივე თქმით, უკრაინელი ძალოვანები საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას იცავენ ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ტერორისტებისა და სეპარატისტების წინააღმდეგ არის მიმართული.

"უკრაინა აგრესიის მსხვერპლი გახდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, შეწყვიტოს საომარი ქმედებები ჩვენს მიწაზე და გაიხსენოს, რას ნიშნავს საპასუხისმგებლო საერთაშორისო პოლიტიკა", - განაცხადა ალექსანდრ ტურჩინოვმა.

ნულანდი კვლავაც უკომპრომისოა

"რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის იმავე მეთოდებით ანექსიას გეგმავს, რა მეთოდებიც ყირიმში გამოიყენა", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, - "სლავიანსკიდან ოდესამდე მოვლენები ყირიმის სცენარით ვითარდება: თავდაპირველად ხდება საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება, რომელიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ მშვიდობიანი იყო, შემდეგ ხდება ადგილობრივი მოსახლეობის დაშინება და ყალბი რეფერენდუმის ჩატარება, რომლის გამართვასაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებში გეგმავენ 11 მაისს", - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა.

მისივე თქმით, ყველას ახსოვს რუსეთის შემდეგი ნაბიჯი, როდესაც რუსეთმა თავისი "მშვიდობისმყოფელები" გაგზავნა ყირიმში ამომრჩეველთა ნების დასაცავად.

"რუსეთის სამხედრო ინტერვენცია საერთაშორისო კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა და მოსკოვი ვერავის მოატყუებს თავისი ჯარებისთვის მშვიდობისმყოფელების დარქმევით", - განაცხადა ვიქტორია ნულანდმა.