"ამ თვითმფრინავმა უსაფრთხოდ იფრინა ჰიმალაიში"
21-07-2014
"ამ თვითმფრინავმა უსაფრთხოდ იფრინა ჰიმალაიში"
"ვფიქრობ, სვანეთში ვერტმფრენი უფრო გამოდგებოდა"

"ასეთი ტიპის თვითმფრინავი ბიზნესკლასად ითვლება, რომელიც რამდენიმე ადამიანის გადაყვანას ემსახურება და არა - 15 კაცისას თავისი ბარგით"

"ეს ხომალდი სრულად შეესაბამება მესტიის მიმართულებით შესასრულებელი ფრენის მოთხოვნებს"


ნატახტარი-მესტიის ავიარეისებზე ჩეხური წარმოების L410 UVP ტიპის თვითმფრინავის დანიშვნას სპეციალისტების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. თვითმფრინავი მესტიის მიმართულებით კვირაში სამჯერ იფრენს.

ჯემალ ხახუტაშვილი, ექსპერტი,  "საქართველოს ავიახაზების" გენერალური დირექტორი: - თვითმფრინავი, რომელიც საქართველოში შემოიყვანეს მესტიაში რეგულარული ფრენების განსახორციელებლად, არ შეესაბამება ისეთი მთიანი
რეგიონისთვის აუცილებელ სტანდარტებს,  როგორიც მესტიაა. ასეთი თვითმფრინავების ორი ტიპი არსებობს -  L410 UVP და  L410 UVPE. პირველს სამი ფრთა აქვს ძრავაზე, მეორეს - ხუთი. ნატახტარში დგას სუსტი, სამფრთიანი თვითმფრინავი და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა,
რომ იგი სვანეთში რეგულარული ფრენისთვის არ გამოდგება.

- სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს თვითმფრინავი კარგია და ვარგისობის სერტიფიკატიც აქვს.
- ყველა თვითმფრინავს, რომელიც უცხოეთში მზადდება, ვარგისობის სერტიფიკატი აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველგან შეიძლება მათი გამოყენება. L L410 UVPP-ს ტიპის თვითმფრინავი მთებში საფრენად არ გამოუშვია მწარმოებელს. მესტიის აეროპორტი ერთ-ერთი ურთულესია არა მხოლოდ საქართველოსა და კავკასიაში, არამედ მსოფლიოშიც, ამიტომ საჭიროა მეტი სიმძლავრის საჰაერო ხომალდები. როგორც ჩანს,
ხელისუფლებას და ბაზარზე შემოსულ კომპანიას, რომელმაც ეს რეისები უნდა განახორციელოს, არასაკმარისად აქვთ შესწავლილი ამ თვითმფრინავის შესაძლებლობები.

- ფიქრობთ, რომ  ამ ხომალდით ფრენა უსაფრთხო არ არის?

- მოვერიდები საკითხის ისე დრამატიზებას, როგორც გიორგი კარბელაშვილი გვმოძღვრავდა. არ მგონია, რომ ასეთი თვითმფრინავი საფრთხეს შეუქმნის მგზავრებს, უბრალოდ, აფრინდება, ჰაერში გარკვეულ სიმაღლეზე იტრიალებს, მაგრამ ვერ ავა სტანდარტულ დონეზე და იძულებული გახდება, უკან დაეშვას. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ქარის სპეციფიკაც. ასეთი ტიპის თვითმფრინავი ბიზნესკლასად ითვლება, რომელიც რამდენიმე ადამიანის გადაყვანას ემსახურება და არა - 15 კაცისას თავისი ბარგით.  საჭირო სიმაღლეზე ვერ ახვალ და, რომც ახვიდე, თვითმფრინავი ჰერმეტული არ არის და ბორტზე საკმარისი ჟანგბადი არ იქნება. დაბალ სიმაღლეზე ფრენა კი ასეთი ხომალდისთვის სრული დატვირთვის შემთხვევაში სასურველი არ არის.  

- წინა ხელისუფლებამ კანადური კომპანია შემოიყვანა. მათი თვითმფრინავი როგორი იყო?

- კანადური თვითმფრინავი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს შემოიყვანეს, უფრო მძლავრია და ამ რეგიონისთვის  გამოსადეგი, მაგრამ ყველაფერს სწორი მენეჯმენტი სჭირდება.
ვერა ქობალიამ მოძებნა თავისი ძმაკაცები და კანადური ავიაკომპანია "Kენ Bორეკ Aირ"  შემოიყვანა. მათ ჰქონდათ ცუდი სქემა, რომელიც ფულის კეთებას ისახავდა მიზნად. ხშირად, ცუდი ამინდის გამო, აეროდრომი დაკეტილი იყო, ესენი კი მაინც მიფრინავდნენ და ნახევარ საათში უკან ბრუნდებოდნენ, რომ გაეფორმებინათ, ვითომ ფრენა შესრულდა და თანხასაც ხსნიდნენ.

ვფიქრობ, სვანეთში ვერტმფრენი უფრო გამოდგებოდა, მას ნისლიან ამინდშიც შეუძლია ფრენა, დაჯდომასაც ბევრგან მოახერხებს.

გიორგი მოლოდინაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე აეროპორტების ოპერირების დარგში: - ეს თვითმფრინავი სერტიფიცირებულია ჩეხეთის რესპუბლიკაში და აქვს მაღალი შეფასების სტანდარტი.
ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ თვითმფრინავით მგზავრობა საშიშია, უსაფუძვლოა.

-  ჩვენ ვესაუბრეთ ექსპერტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს თვითმფრინავი კარგია, მაგრამ მესტიასა და სხვა მთიან რეგიონებში მისი გამოყენება დაუშვებელია.
- ვერ გავიზიარებ იმ ექსპერტების აზრს, რომლებიც ამ თვითმფრინავების საქართველოში გამოყენებას საეჭვოდ მიიჩნევენ. მართალია, მას მხოლოდ ორი პროპელერი, შესაბამისად ორი ძრავა აქვს, მაგრამ შექმნილია სწორედ ასეთი რეგიონებისათვის. მეტსაც გეტყვით - ამ თვითმფრინავმა უსაფრთხოდ იფრინა ჰიმალაიში. დამერწმუნებით, ჰიმალაისთან შედარებით საქართველო და მესტია უფრო უსაფრთხოა.

- დარგის სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ 15 მგზავრისა და მათი ბარგისთვის ბორტი შეუსაბამოა და ის ვერ "აიწევა" ჰაერში, მით უმეტეს - სამი ათას მეტრზე მაღლა ვერ იფრენს...
-  სანამ ავიარეისების შესრულება დაიწყებოდა, მესტიის მიმართულებით რამდენიმე სატესტო ფრენა განხორციელდა, რაზეც მომზადდა სპეციალური ანგარიშიც. ყველაფერი შეთანხმებული იყო ჩეხეთის საავიაციო ხელმძღვანელობასა და ქართულ მხარესთან, რომელთაგანაც დადებითი პასუხი მივიღეთ. გავიმეორებ: ეს თვითმფრინავი სრულად შეესაბამება მესტიის მიმართულებით შესასრულებელი ფრენის მოთხოვნებს.

უტა ბიწაძე
DDD
24 ივლისი 2014 10:01
ეეხ ბატონებო.
რა ვერტმფრენი, რომელი?
ევროკავშირთან ხელშეკრულება ითვალისწინებს რუსული ვერტმფრენების სრულად ამოღებას საქართველოში ექსპლუატაციიდან. უკვე 3 წელია მათ არც არეგისტრირებენ მიუხედავად იმისა, რომ ხარისხითა და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით აღემატებიან ნებისმიერ სხვას, თანაც ბევრად იაფი ღირს და კარგადაა ათვისებული. უახლოეს მომავალში საერთოდ ამ კლასის ვერტმფრენების გარეშე დარჩება ქვეყანა. ამ კლასის იმიტომ, რომ 24 ადგილიანია და კომერციულად გამართლებული, თორე პუჭურა, 3-4 ადგილიანები კი არის უკვე.
MATE
23 ივლისი 2014 16:31
ნუ გავუჯინიანდებით ერთმანეთს,სერვისი გასაგებია იაფიანია და მიტომაც მისტირით მაგ 410-ს,დაანებეთ თავი ისედაც ცოტანი ვართ ქართველები,წესიერი ვერთმფრენი დაიქირავეთ და მოისვენეთ ხალხნო.აღარ უნდა მაგას დიდი პროფესორობა,უსაფრთხო იყოს რაც მთავარია და იყოს ვერთმფრენი.
tata
23 ივლისი 2014 13:44
ქართველ მფრინავებს თვალდახუჭული ვენდობი მაგრამ ამ რკინის კონსტრუქციას ვერა!!გამოუვალ სიტუაციაში კარგი მფრინავიც ვეღარაფერს უშველის თვითმფრინავს.ხომ გაგიგიათ ურემი რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო...ვშიშობ ვიღაცეების არაკომპეტენტურობის გამო ტრაგედია არ დატრიალდეს...

რედაქტორის რჩევით