კრემლში ელიტური შეთქმულება დაიწყო?!
16-03-2015
კრემლში ელიტური შეთქმულება დაიწყო?!
პუტინის ალტერნატივა არ ჩანს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საჯარო სივრციდან კარგა ხნით გაუჩინარებამ რუსი (და არა მხოლოდ რუსი) საზოგადოება შეაშფოთა. რუსულ მედიაში გავრცელდა ვერსია, რომ პუტინი მძიმედ არის ავად. ზოგიერთმა ბლოგერმა დაწერა - პუტინი გარდაიცვალა ან მოკლეს და სანამ კრემლში “მემკვიდრეების” ბრძოლა არ დასრულდება, მანამდე პრეზიდენტის გარდაცვალებას არ გამოაცხადებენო.  გავრცელდა ვერსიაც, რომ თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და პუტინი დაატყვევა. შესაძლოა, როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს
იხილავს, პუტინი საჯარო სივრცეში გამოჩნდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, ამდენი ხნით მისი გაუჩინარება ბევრი ეჭვის საფუძველს იძლევა.

დმიტრი ორეშკინი, პოლიტოლოგი:
- მოსახლეობას არავინ უხსნის, რუსეთის პრეზიდენტი მოულოდნელად რატომ გაუჩინარდა, რაც ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი მიდგომაა. ამ დროს კი,
საზოგადოებაში  ჩამოყალიბებულია აზრი - რუსეთი პუტინის გარეშე არ
არსებობს, არ არის პუტინი, არ არის რუსეთიც.

ამ ვითარებაში მთავარი მაინც ასთანაში გადადებული ვიზიტია, სადაც განხილვის მთავარი თემა ევრაზიული კავშირი უნდა ყოფილიყო.
პუტინისთვის ეს საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის გადასადებად ან მართლაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა უნდა შეჰქმნოდა, ან მის შეფერხებას მხოლოდ შიდა პრობლემები შეძლებდა.
ყველაზე სახიფათო რაც შეიძლება იყოს, ამბოხების მცდელობაა კრემლში - შესაძლოა, "ხომალდზე" ელიტური შეთქმულება დაიწყო.

ე. წ. ელიტური ფენა ფიქრობს, რომ ის კანონზე მაღლა დგას. ამ ეტაპზე ერთი ვექტორი ფიქრობს, რომ "კორპორაციულმა მთავრობამ" მიდგომები უნდა შეცვალოს და ეკონომიკის განვითარებაზე იზრუნოს, რის შედეგადაც ორ-სამ წელიწადში რუსეთში სოციალური ვითარება გამოსწორდება, მეორე ვექტორს კი მიაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში იმდენი ნეგატიური ფაქტი დაგროვდა, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაციაზე აქცენტი ვითარებას ვერ გააუმჯობესებს. შესაბამისად, ორი წლის შემდეგ სიტუაციის გამოსწორებაზე ფიქრს დღეს საზოგადოების მხარდაჭერაზე ზრუნვა სჯობს. ამ ჯგუფებს შორის ვითარება განსაკუთრებით ნემცოვის მკვლელობის შემდეგ გამძაფრდა. მათ კარგად იციან, რომ ნემცოვი ჩრდილოკავკასიელებმა მოკლეს.
ფაქტია, კადიროვი ჩრდილო კავკასიაში დე ფაქტო მმართველად ჩამოყალიბდა, მას საკუთარი არმიაც კი ჰყავს და ახლა მოსკოვის გაკონტროლებასაც ცდილობს. ასეთი ვითარება მოსკოვის "კაგებეშნიკებსა" თუ "ფეესბეშნიკებს" არ მოსწონთ.

კრემლის მაღალმა ფენებმა იციან, რომ ნემცოვი კადიროვის დაკვეთით მოკლეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსკოვს ეფ-ეს-ბე არ აკონტროლებს.
პრობლემა ის არის, პუტინმა კადიროვს თანამდებობა რომ ჩამოართვას, კადიროვის კლანი მაშინვე საომარ მოქმედებაზე გადავა და ჩრდილო კავკასიაში კონფლიქტს გააჩაღებენ... უახლოეს კვირაში გამოჩნდება, ვის გაანეიტრალებენ, ვის გამოაგდებენ და რეალურად რა მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში კრემლში.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი:
- მნიშვნელოვანია არა პუტინის ფიზიკური არსებობა, არამედ პოლიტიკური კრიზისი. რუსეთში ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, ამიტომ გადაწყვეტილებაა მისაღები, გრძელდება აგრესიული კურსი თუ დასავლეთთან დათმობაზე წასვლა სჯობს. ჩემი აზრით, პუტინი ახლა შიდა მოლაპარაკებებს აწარმოებს.

- ვრცელდება ვერსიები სამხედრო გადატრიალებისა და მისი სიკვდილის შესახებ. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, როგორ ფიქრობთ, ვინ შეცვლის მას?
- ამ ეტაპზე რთულია თქმა, ვინ შეცვლის პუტინს და ვის ხელში აღმოჩნდება ძალაუფლება - ლიბერალების თუ რადიკალურად განწყობილი ფრთის. პრობლემა სწორედ ის არის, რომ პუტინის ალტერნატივა არ ჩანს. ასეთ შემთხვევაში კრემლში ძალაუფლების ჩასაგდებად ღია ომი დაიწყება.  


პუტინი ავად არის?

პუტინის შერყეული ჯანმრთელობის შესახებ ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო ლაპარაკი, როცა ერდოღანთან შეხვედრისას სავარძელში დაჯდომა გაუჭირდა. სწორედ მაშინ ითქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ხერხემალი აწუხებს. 2012 წელსვე კრემლში ჩატარებული დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას პუტინი ხელით ტრიბუნას დაეყრდნო და მას დიდხანს ვერ მოშორდა. ეს ფაქტიც საზოგადოებისთვის პუტინის ავადმყოფობის მორიგი დადასტურება იყო.


შვეიცარიული გამოცემა Blick-ის ცნობით

შვეიცარიული გამოცემა Blick-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარება ავადმყოფობას არ უკავშირდება, უბრალოდ, ის მესამე შვილის, ბიჭის მამა გახდა. სტატიის ავტორის თქმით, წმინდა ანას კლინიკაში ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევამ ბიჭი გააჩინა, რუსულ მედიაში კი პუტინისა და კაბაევას რომანი დიდი ხანია განიხილება.

კრემლმა ფოტოები გამოაქვეყნა


ეჭვების ჩასაცხრობად 14 მარტს კრემლმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და საზოგადოებას ამცნო, რომ რუსეთის ლიდერი სასამართლოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ლებედევს შეხვდა, თუმცა, ფოტოებმა სოციალურ ქსელში გავრცელებისთანავე ეჭვი აღძრა. ფოტოს სიყალბის მთავარი გასაღები საათი გახდა, რომლითაც ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ჯერ კიდევ 13 მარტს "ინსტაგრამზე" დაიტრაბახა - კადიროვი პუტინის ნაჩუქარი საათით ამაყობს.

რუსუდან შელია
zura
26 მარტი 2015 16:26
ჩვენთვის ისევ პუტინი ჯობია დამიჯერეთ. ახალი პრეზიდენტი რო ეყოლებათ დასავლეთი ისევ დაუწყებს ფლირტაობას დათმობებზე წავა რუსეთთან და დრო ჩვენს წინააღმდეგ იმუშავებს, ახლა კრიზისია რუსეთში, სანქციები თავის საქმეს აკეთებს ნელა მაგრამ მაინც, უკრაინელებს აიარაღებენ აქტიურად
და თუ ომი ისევ დაიწყო რუსები ძალიან ბევრს დაკარგავენ ცივი ომის პერიოდი დაბრუნდა და ჩვენ გვაწყობს ეს სიტუაცია.
bero
17 მარტი 2015 13:13
მალხაზ, პირიქით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთი ისტორიულად დიქტატორებს ემორჩილებოდა. განა გორბაჩოვიც დიქტატორი არ იყო, ხალხიც ჩვეულებრივად აღიქვამდა მის მოსაზრებებს სსრკ-ში გარდაქმნის, საჯაროობის, მეტი დემოკრატიის და ასე შემდეგ, შემოღების აუცილებლობის შესახებ, რაც მისი დაშლის საბაბი გახდა {რა თქმა უნდა სხვა მიზეზებთან ერთად}. ასე, რომ რუსეთის მმართველად საღად მოაზროვნე პიროვნების მოსვლის შემთხვევაში ეს ქვეყანა შეიძლება კვლავ დაუბრუნდეს ცივილურ სამყაროს, რაც ბედნიერების მომტანი იქნება არა მარტო რუსეთისთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც!
malxaz
16 მარტი 2015 13:58
რაც არ უნდა იმდენი დაიწეროს პუტინის საქმის შესახებ მთავარი ერთია რომ ჩვენთვის არაფერი შეიცვლება ამიტომ ვინ იქნება კრემლში ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობაარ აქვს

რედაქტორის რჩევით