"ამ საშინელებას ვერასოდეს დავივიწყებთ" - კვირის პალიტრა

"ამ საშინელებას ვერასოდეს დავივიწყებთ"

ნეპალი - გამოცხადებული მიწისძვრის ქრონიკა!

ნეპალის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, რომელიც 25 აპრილს, დილის 6 საათზე მოხდა, გაეროს მონაცემებით, 8 მლნ კაცი დაზარალდა, დაუყოვნებელი დახმარება კი 1,4 მლნ კაცს სჭირდება.

7,9 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ კატმანდუდან 82 კმ-ით იყო დაცილებული. მოგვიანებით აღირიცხა კიდევ 20 მიწისქვეშა ბიძგი, მათ შორის, 26 აპრილს, საღამოს - 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა. დედაქალაქ კატმანდუში მრავალი შენობა დაზიანდა, სოფლად მდგომარეობა კიდევ უარესია.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 6 ათასს ასცდა. ნეპალის მთავრობის პროგნოზით, დაღუპულთა რიცხვი 10 ათასს მიაღწევს.

ნეპალის ისტორიაში ბოლო 81 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველმა სეისმურმა კატაკლიზმებმა მთაში გამოიწვია ზვავები, რის გამოც მხოლოდ ევერესტზე 18 კაცი დაიღუპა (ეს გახდა ყველაზე დიდი კატასტროფა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე ასვლების ისტორიაში). 5 ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე ევერესტის საბაზო ბანაკში ბლოკირებული აღმოჩნდა ათასამდე კაცი, რომლებიც ვერტმფრენებით გამოიყვანეს. ბიძგები იგრძნობოდა დელიში, ინდოეთის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში, ასევე მიანმასა და ბანგლადეშში. სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობენ სამხედროები და უცხოელი მაშველები ჩინეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, იაპონიიდან...

"ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა"

"პირველად ვიყავი კატმანდუში, ამ საოცარმა ქალაქმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. ერთი უბანია, ტამელი, ტურისტების უბნად ითვლება და ყველაზე მრავალფეროვანია. სწორედ იქ ვიყავით და ერთ-ერთ ღია კაფეში შესვლას ვაპირებდით, ახლაც ყურებში მიდგას ის საზარელი ხმა, რაც მიწისძვრას ახლდა, მეგონა, მიწა გაიხსნებოდა და თან ჩაგვიტანდა. ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ქალაქი მიწასთან გაასწორა, ხალხი უმისამართოდ გარბოდა, შველას ითხოვდა, ეს საშინელება ჩემი თვალებიდან არასდროს ამოვა", - ასე იხსენებს ნეპალში 25 აპრილს მომხდარ მიწისძვრას ქართველი ტურისტი, რომელიც ახლა უკვე ინდოეთში იმყოფება.

დავით ფიფია, ქართველი ტურისტი: - კატმანდუში ხშირად ჩამოვდიოდი. აქაურობა ძალიან მიყვარს. მხიარული და შრომისმოყვარე ხალხი ცხოვრობს. პირდაპირ ქალაქის ცენტრში, ღია ცის ქვეშ კარვებში ცხოვრობენ სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად კი, ევროპიდან ჩამოსული ჰიპები, გაგვიმართლა, რომ იქ გავჩერდით და არა - სასტუმროში... ეს მოჟრიამულე ქალაქი ერთ დღეში ნანგრევებად იქცა, ულამაზესი შენობები ჩამოიქცა და ქვეშ ათასობით ადამიანი მოიყოლა.

მახსოვს მხოლოდ ხმაური, გამაყრუებელი გრუხუნი და ძირს ზვავად წამოსული შენობები... რომ არ იცი, საით უნდა გაიქცე.

რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ყველაფერი დასრულდა, მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი. ვნახე უამრავი გაგუდული, დასახიჩრებული, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანი. ხალხი შოკშია, მათი სამყარო ერთ დღეში დაიქცა... გაოცებული ვუყურებ ნეპალელებს, რომლებიც საკუთარ სახლებს კი არა, დანგრეულ წარსულსა და კულტურას დასტირიან; ძალიან განიცდიან, რომ ღირსშესანიშნაობათა დიდი ნაწილის აღდგენა თითქმის შეუძლებელია, და ძალიან აღიზიანებთ მიწისძვრის შედეგად განადგურებულ ნაგებობებთან მოპოზიორე უცხოელი ტურისტები.

25 აპრილის მიწისძვრას ემსხვერპლა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ნეპალის ძეგლებიც. მთლიანად განადგურდა საკულტო ნაგებობები კატმანდუს დურბარის მოედანზე. ამ სასახლის მოედანზე თავმოყრილი იყო 50-მდე უძველესი ტაძარი, თუმცა, ყველა ავთენტიკური აღარ იყო - ზოგი თითქმის მთლიანად აღადგინეს 1934 წლის საშინელი მიწისძვრის შემდეგ.

სამწუხაროა კატმანდუს 11-სართულიანი ტყუპი კოშკის - დჰარაჰარასა და ბჰიმსენის ისტორია. ეს უკანასკნელი პირველად 1834 წლის მძლავრი მიწისძვრის დროს დაზიანდა, ზუსტად 100 წლის შემდეგ კი, 1934 წლის მიწისძვრამ ბჰიმსენი მთლიანად გაანადგურა, "ტყუპისცალ" დჰარაჰარასგან კი მხოლოდ 4 სართული გადარჩა. ის სრულად აღადგინეს და ორივე სახელი ერთად უწოდეს, თუმცა, სტიქიამ ამჯერად მთლიანად მოსპო...

ხახიეთის ტრაგედია

ბოლო საუკუნეებში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა საქართველოში 1991 წლის 29 აპრილს მოხდა. იმერეთ-რაჭის მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერის რაიონის სოფელ ხახიეთში მდებარეობდა. ძირითადი ბიძგის მაგნიტუდამ 6,9-7,2 შეადგინა, ხოლო ინტენსივობამ რიხტერის სკალით - 9 ბალი. მიწისძვრამ მოიცვა ამბროლაურის, ჯავის, ონის, საჩხერის, ტყიბულისა და ჭიათურის რაიონების ტერიტორიები 700-მდე სოფლით. დაინგრა და დაზიანდა 4600-მდე სახლი, 1000-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა და დაიღუპა 100-ზე მეტი კაცი. სოფელი ხახიეთი მთლიანად განადგურდა. მიწისძვრით ჩამოშლილმა კლდემ ხახიეთისწყლის ვიწრო ხეობა გადაკეტა და წარმოიქმნა 100 მ სიგანისა და 300 მ სიგრძის ტბა. ჩამოშლილი მასის ქვეშ კი მოყვა 20-კომლიანი სოფელი 40 მცხოვრებით.

წინასწარმეტყველება ახდა

მეცნიერთა აზრით, 25 აპრილის მიწისძვრისთვის წინა პირობა 81 წლის წინ შეიქმნა, როცა მძლავრმა ბიძგებმა 17 ათასი კაცი შეიწირა. მათი განმარტებით, ეს ორი "წყვილი მიწისძვრა" მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ასეთივე კატასტროფული "წყვილი" დროის დაახლოებით ამ ინტერვალით, ამ ადგილას, 700 წლის წინაც წარმოიქმნა! ორივე შემთხვევაში ერთი მიწისძვრის მიერ მეორის "მომზადება" გამოწვეულია დედამიწის ქერქის თავისებურებით: ამ რეგიონში ტექტონიკურ ფილებს შორის ნაპრალ-განატეხი მიწის ზედაპირამდე ამოდის და მისი სიგრძე 1000 კმ-ია. ნაპრალ-განატეხში იწყება დაძაბულობის დაგროვება, რომელიც ერთი კიდიდან მეორემდე დაახლოებით 80 წელიწადში აღწევს და ახალი ბიძგებით მთავრდება. ეს ყველაფერი საფრანგეთის ატომური ენერგეტიკის კომისარიატის უფროსის, გეოლოგ ლორან ბოლენჟეს ხელმძღვანელობით ახლახან (მარტში) აღმოაჩინეს. ჯგუფმა გამოიკვლია ტექტონიკურ ფილებს შორის განატეხი და ზუსტად იწინასწარმეტყველა რაიონი, სადაც მომავალი მიწისძვრა მოხდებოდა...

ჰაიტის საუკუნის კატასტროფა

2010 წლის 12 იანვარს კუნძულ ჰაიტიზე მოხდა მიწისძვრა 7,0 მაგნიტუდით. ეპიცენტრი ზღვაში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 25 კმ-ზე იყო. დაიღუპა 316 ათასი კაცი, 300 ათასზე მეტი დაშავდა, 1,3 მილიონი კი უსახლკაროდ დარჩა. დიდი მსხვერპლი კუნძულზე მშენებლობის დაბალმა ხარისხმაც განაპირობა. გაეროს გენერალური მდივნის, პან გი მუნის განცხადებით, ჰაიტის მიწისძვრა კაცობრიობის ისტორიის ბოლო ასწლეულების ყველაზე ტრაგიკულ მოვლენად შეიძლება შეფასდეს.