მკვლელობა პირდაპირ ეთერში და "მოლოტოვის კოქტეილები"... სტუდიაში! - კვირის პალიტრა

მკვლელობა პირდაპირ ეთერში და "მოლოტოვის კოქტეილები"... სტუდიაში!

ვესტერ ლი ფლენაგანი: "ჩემს ტყვიებს დაღუპული ადამიანების ინიციალები აქვს"

"მკვლელობა გადავიღე, ნახეთ!" ამ სათაურით სოციალურ ქსელ "ტვიტერში" მკვლელმა ჩადენილი მკვლელობის ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელიც ტელეფონით გადაიღო...

ვირჯინიის შტატის ქალაქ მონეტაში 26 აგვისტოს, დილით, ადგილობრივი დროით 6 საათსა და 45 წუთზე, ტელეარხ WDBJ-TV-ის ("ეი-ბი-სის" ქსელში შედის) ყოფილმა თანამშრომელმა, ვესტერ ლი ფლენაგანმა ყოფილი კოლეგები " 24 წლის კორესპონდენტი ალისონ პარკერი და 27 წლის ოპერატორი ადამ უორდი რეპორტაჟის დროს პირდაპირ ეთერში, რამდენიმე გასროლით მოკლა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ქალი, რომლისგანაც თავდასხმის დროს ინტერვიუს იღებდნენ, ზურგში დაიჭრა, სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

კორესპონდენტი ინტერვიუს ის-ის იყო, იწყებდა, რომ... გაისმა 8 გასროლა... ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომელმა ყოფილი კოლეგები - ალისონ პარკერი და ადამ უორდი რეპორტაჟის დროს პირდაპირ ეთერში რამდენიმე გასროლით მოკლა, რესპონდენტი კი ზურგში დაიჭრა... სასტიკი თავდასხმა ახალგახსნილი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა. კორესპონდენტი დილის გადაცემისთვის ქალაქის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელ ვიკი გარდნერთან ტურიზმის თემაზე ინტერვიუს ის-ის იყო, იწყებდა, რომ... გაისმა 8 გასროლა, რის შემდეგაც კამერა ჯერ აირია და რამდენიმე წამში ძირს დაენარცხა. თუმცა არ გამორთულა და მუშაობა განაგრძო " ფირზე აღბეჭდა თავდამსხმელი მამაკაცი შავ შარვალსა და მუქლურჯ პერანგში, ხელში პისტოლეტით. მკვლელში 2 წლის წინ სამსახურიდან დათხოვნილი აფროამერიკელი ვესტერ ლი ფლენაგანი ამოიცნეს.

პოლიციელები მაშინვე დაადგნენ მკვლელის კვალს. მან ორი ავტომობილის გამოცვლა მოასწრო და დევნა რამდენიმე საათს გაგრძელდა, საბოლოოდ, ეჭვმიტანილი მიხვდა, რომ პოლიციას ვეღარ დაუსხლტებოდა, გზიდან გადავიდა და თავის მოკვლა სცადა " ტყვია დაიხალა. ფლენაგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

პოლიციის ცნობით, ვესტერ ლი ფლენაგანი ბრაის უილიამსის სახელითაც იყო ცნობილი. თითქმის 4-საათიანი დევნის დროს მან მოახერხა და სოციალურ ქსელ "ტვიტერში" სწორედ ბრაის უილიამსის ექაუნთზე გამოაქვეყნა ჩადენილი მკვლელობის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ტელეფონით გადაიღო. გარდა ამისა, რამდენიმე ჩანაწერის გაკეთებაც მოასწრო, თუმცა ამჟამად მისი ექაუნთი ბლოკირებულია. ბოლო პოსტებში ფლენაგანი წერს, რომ კორესპონდენტი ალისონ პარკერი ხშირად იყენებდა რასისტულ გამოთქმებს, უკანასკნელ ჩანაწერში კი ამბობს: "მკვლელობა გადავიღე, ნახეთ!"

ტელევიზიის ხელმძღვანელმა კრისტ ჰერსტმა "ტვიტერში" დაწერა, რომ მას და ალისონს რომანი ჰქონდათ და მალე დაქორწინებასაც აპირებდნენ.

"9 თვე ვიყავით ერთად, ეს იყო საუკეთესო ცხრა თვე ჩემს ცხოვრებაში. დაქორწინებას ვაპირებდით, ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი", " წერს ჰერსტი და ალისონთან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილი ოპერატორი ადამ უორდიც ქორწილისთვის ემზადებოდა " გაზაფხულზე, ვაშინგტონის ჟურნალისტიკის მუზეუმში, ადამმა მეგობარ გოგონას ხელი სთხოვა...

ფლენაგანის განმარტებით, ის რასობრივი და სექსუალური დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო - ავიწროებდნენ შავკანიანი მამაკაცებიც და თეთრკანიანი ქალებიც, დასცინოდნენ და დევნიდნენ კანის ფერისა და ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო...

მოგვიანებით ისიც გაირკვა, რომ ფლენაგანმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ტელეარხ "ეი-ბი-სის" 23-გვერდიანი ფაქსი გაუგზავნა. წერს, რომ ბოლო წვეთი, რამაც იარაღის ხელში აღება აიძულა, გახდა აფროამერიკელი მრევლის ეკლესიაში ჩაცხრილვა, რომელიც ჩარლსტონში ამა წლის 17 ივნისს მოხდა... ფლენაგანის განმარტებით, ის რასობრივი და სექსუალური დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო " ავიწროებდნენ შავკანიანი მამაკაცებიც და თეთრკანიანი ქალებიც, დასცინოდნენ და დევნიდნენ კანის ფერისა და ჰომოსექსუალური ორიენტაციის გამო.

"რატომ გავაკეთე ეს? რამაც საბოლოოდ მიბიძგა ამისკენ, ეკლესიაში მომხდარი მკვლელობა იყო. ჩემს ტყვიებს იქ დაღუპული ადამიანების ინიციალები აქვს. როდესაც ერთად ვმუშაობდით, ალისონი და ადამი ჩემი მისამართით რასისტულ კომენტარებს აკეთებდნენ. ჯერ ალისონმა დაიწყო, შემდეგ ადამიც აჰყვა ამ გართობას... როცა გადაცემას ვუჩივლე, მერე დამშვიდდნენ. მახსოვს ერთი დღე " სასამართლო შენობიდან გამოვდიოდი, დაბნეული ვიყავი, მეშინოდა, მაგრამ ვიცოდი, უნდა მებრძოლა! მათ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს და კოშმარად აქციეს. ახალი ამბების დირექტორი ტირანი იყო, თანამშრომლებს უთხრა, თუ რამეს შეცდომით გავაკეთებდი, ფირზე აღებეჭდათ... შემდეგ პენსილვანიიდან სამსახურის შემოთავაზება მივიღე, მაგრამ უფროსობამ ისე მოაწყო, რომ უარი ათქმევინეს ჩემს აყვანაზე. მე რატომ უნდა მჭირდებოდეს სამსახურში მოძალადე ხალხთან გამკლავება, ამაზე კანონმდებლებმა უნდა იზრუნონ", " წერს ფლენაგანი თავის წერილში.

"მოლოტოვის კოქტეილები"...სტუდიაში!

მკვლელობები ათასი ჯურის ყაჩაღსა თუ ტერორისტს ბევრჯერ გადაუღია და სხვადასხვა ქსელშიც გამოუქვეყნებია, თუმცა ეს პირდაპირ ეთერში მკვლელობის პირველი ჩანაწერი იყო. მანამდე პირდაპირ ეთერში მხოლოდ მკვლელობის მცდელობა მოხვდა, თანაც ორჯერ.

2013 წლის იანვარში ბულგარეთში პოლიციამ პირდაპირ ეთერში მკვლელობის მცდელობისთვის დააკავა 25 წლის ბოროტმოქმედი, რომელიც ადრე ძარცვის, ხულიგნობისა და ნარკოტიკების მოხმარების გამო იყო ნასამართლევი. მან პარტია "მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებისთვის" (ეს პარტია ბულგარელი მუსლიმანების, უფრო ზუსტად, თურქების, ანუ მოსახლეობის 12%-ის, ინტერესებს გამოხატავს) ყრილობაზე, რომელსაც ტელევიზიით გადასცემდნენ, ტრიბუნაზე მდგომი პარტიის ლიდერის მოკვლა ახლო მანძილიდან გაზის პისტოლეტით სცადა, თუმცა არ გამოუვიდა...

2012 წლის ოქტომბერში ბოლივიის ქალაქ იაკუიბაში პირდაპირ ეთერში ჟურნალისტ ფერნანდო ვიდალს სტუდიაში შევარდნილმა ოთხმა მამაკაცმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, გაქცევისას კი სტუდიაში "მოლოტოვის კოქტეილებიც" დაყარეს. ჟურნალისტმა მაღალი ხარისხის დამწვრობა მიიღო, მაგრამ გადარჩა. თავდასხმისას ვიდალი საუბრობდა ადგილობრივ კონტრაბანდისტებზე, რომლებიც ბოლივია-არგენტინის საზღვარზე მოქმედებენ. სხვათა შორის, ვიდალი მანამდე 10 წლის მანძილზე იაკუიბას მერი იყო.