მარსის მისია - "ნასა" მარსზე არა მხოლოდ მისვლას, იქ ინსტიტუტის დაარსებასაც ფიქრობს - კვირის პალიტრა

მარსის მისია - "ნასა" მარსზე არა მხოლოდ მისვლას, იქ ინსტიტუტის დაარსებასაც ფიქრობს

"ახლახან კოსმოსში დედამიწისკენ მომავალი კიდევ ერთი ასტეროიდი შენიშნეს"

ჩვენს თავზე ვარსკვლავებიანი ცა რომ არ იყოს, ალბათ, ოცნებაც არ იარსებებდა. როგორც კი გონში ჩავვარდებით, მაშინვე ვიწყებთ ფიქრს, რა ხდება უსასრულო სამყაროში, არის თუ არა იქ სიცოცხლე. მეცნიერები თავს იკავებდნენ მტკიცებისაგან, რომ დედამიწის გარდა სიცოცხლე კიდევ სადმეა - აქამდე ამის საბუთი არ არსებობდა, სწავლულისთვის კი საბუთს ალტერნატივა არა აქვს. იქნებ მეცნიერება არც ელოდა, რომ ოდესმე ასეთი "საბუთი დაიდებოდა" - ასტრონომების საუკუნოვანი ლოდინი 2015 წელს გასრულდა: მარსზე წყალი და ჩვენს გალაქტიკაში კი "მეორე დედამიწა" აღმოაჩინეს. ე.ი. იქ, სადღაც... სიცოცხლეა. გვაძლევს თუ არა ეს იმის თქმის უფლებას, რომ კოსმოსმა კაცობრიობას კარი გაუღო? თუმცა ერთი რამ ცხადია: არასოდეს შეიცვლება ადამიანის სურვილი, რაც შეიძლება მეტად ჩასწვდეს იმ უსასრულობას, რომლის შესახებაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი რამიშვილი გვესაუბრება...

- ადამიანი ჯერ კიდევ იმ შორეულ წარსულში მიხვდა, რომ თავად მას, დედამიწას და სამყაროს "ერთი ხელი" მართავს და ამ ერთმა ხელმა ვარსკვლავებთან დააკავშირა. ზეცის პირველი პროფესიონალი დამკვირვებელი დიდი მეცნიერი გალილეო გალილეი იყო. მან დაიწყო ტელესკოპური დაკვირვება მარსსა და ვენერაზე და აღმოაჩინა, რომ ვენერას ისეთივე ფაზები აქვს, როგორიც მთვარეს. მთვარეზე მთებიც გალილეო გალილეიმ შეამჩნია. მოგვიანებით მეცნიერებმა მარსზეც დაინახეს მთები და ყინული, რომელიც სეზონების მიხედვით, ისევე როგორც დედამიწაზე, დნება და იმატებს. თუმცა მარსის ყინული თხევად ფორმაში არ გადადის, პირდაპირ ორთქლდება. ამან ავარაუდებინა მეცნიერებს იქ წყლის არსებობა. ფიქრობდნენ, რომ მარსზე წყალი ორთქლის სახით უნდა ყოფილიყო. ამასობაში კი მარსზე თხევადი წყალიც აღმოჩნდა. ეს არის ჰიდრატირებული მინერალები, რომლებიც დაქანებებზე მიედინება და ქმნის მუქ ზოლებს. მარსზე სეზონები იცვლება და ეს ზოლები თბილ თვეებში მკაფიოდ ჩანს, ცივში კი მკრთალდება. ანუ ეს უკვე თხევადი წყალია და ისიც შესაძლებელია, რომ მარსზე აღმოჩნდეს ტბები ან მდინარეები. ეს კი ყველაფერს ცვლის.

- მაინც რას?

- სადაც წყალია, იქ ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ყველამ ვიცით, რომ სიცოცხლის უძლიერეს ფენომენს მცირე მოცულობის წყალიც კი ჰყოფნის გადარჩენა-არსებობისთვის. მართალია, მარსზე მარილიანი წყალია, მაგრამ ამ წყალში ის მინერალებია, რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის.

- მარსზე წყალმა მწერალი რეი ბრედბერი გამახსენა - ის ამ პლანეტაზე სიცოცხლესა და კოლონიზაციას აღწერს.

- კოლონიზაციაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ "Nasa" 2020 წლისთვის ფიქრობდა მარსზე ექსპედიციის გაგზავნას. რა თქმა უნდა, სწორი გათვლებით, მარსი მზის ორბიტაზე დედამიწის მსგავსად, ელიფსური ფორმით მოძრაობს.

ექსპედიციის ხომალდი დედამიწიდან ისე უნდა გავიდეს, რომ მარსი დედამიწას წინ უსწრებდეს, ხომალდის მოძრაობა კი გათვლილი იყოს იმგვარად, როცა დედამიწა მარსს დაეწევა, ხომალდს მცირე აპარატი გამოეყოფა რამდენიმე კაცით და მარსზე დაეშვება. ისინი მარსზე გადასხდებიან, ხომალდი კი უკან გამობრუნდება. ექსპედიციის წამოსაყვანად მარსზე მორიგი ხომალდი მივა. ყოველ შემთხვევაში, ასე მოხდა მთვარეზე დაჯდომა. "Nasa" მარსზე არა მხოლოდ მისვლას, იქ ინსტიტუტის დაარსებასაც ფიქრობს.

- რას ამბობთ?!

- "Nasaს" საუცხოოდ ეხერხება მუშაობა. მას უამრავი მილიარდერი აფინანსებს. როცა კოსმოსის შემსწავლელ მეცნიერებს ფული აქვთ, ისინი მუშაობენ და მეცნიერების რამდენიმე დარგს ავითარებენ. თუმცა, მარსზე გაფრენა თვით "Nasaმაც" კი გადადო - 2020 წლისთვის ჰქონდა დაგეგმილი და ახლა ამბობენ, ექსპედიცია 2030 წლისთვის შედგებაო.

- რატომ, დიდი თანხები სჭირდება?!

- "Nasa" მიიჩნევს, რომ მარსზე გასაფრენად ჯერ მზად არ არის. დედამიწიდან მარსამდე მანძილის დაფარვა წარმოუდგენელ თანხებს მოითხოვს; ამასთან, მარსზე ერთი ექსპედიციის მისვლა-მოსვლას დაახლოებით 2 წელიწადი მაინც სჭირდება...

მარსის ატმოსფერო ჩვენთვის ვერ გამოდგება - ის შეიცავს დიდი რაოდენობით მეთანს, რომელიც დედამიწის მკვიდრისთვის შხამია. თუმცა, რახან მარსზე გაფრენა იგეგმება, ექსპერიმენტებიც ტარდება და არა მხოლოდ კოსმოსურ სადგურებზე...

- ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტის დროს მოხალისეები 500 დღით შეასახლეს დახურულ სივრცეში, სადაც მოკლებული იყვნენ კომუნიკაციას, მზეს, დედამიწის სუფთა ჰაერს... მაშინ გახდა ცნობილი, რომ ასეთ დროს გაუთვალისწინებელი შემთხვევების რისკი დიდია.

- ალბათ. მაგრამ, ცხადია, რომ 2030 წლისთვის მარსზე მისია მზადდება. ვნახოთ, რა გამოვა. იქამდე არც ისე დიდი დროა.

- თქვენი აზრით, მომზადდება თუ არა ოდესმე ასეთი მისია იმ ბოლო წლებში აღმოჩენილ პლანეტებზე, რომლებიც დედამიწას ჰგავს, ანუ როგორც ასტრონომები ამბობენ, "სიცოცხლის ზონაში" არიან?

- სამყაროში უამრავი გალაქტიკა არსებობს, მათ შორის ჩვენიც, რომლის ნაწილიც ჩვენი მზის სისტემაცაა, ჩვენი მზითა და მის გარშემო მოძრავი პლანეტებით. ასე რომ, ჩვენს გალაქტიკაში ჩვენნაირი უამრავი მზეა თავისი პლანეტებით. სიცოცხლე კი იმ პლანეტაზე ივარაუდება, რომელიც "სასიცოცხლო ზონაში" აღმოჩნდება, ანუ თავისი მზისგან დაახლოებით ისეთი დაშორებით არის, როგორიც ჩვენი დედამიწაა, სადაც მზე არც წვავს და არც ყინავს. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია, რადგან თუ სიცოცხლის მამოძრავებელ მილიონობით ნიშანს რომელიმე გამოაკლდება, სიცოცხლეც არ იქნება.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად კოსმოსის შემსწავლელი მეცნიერებაც განვითარდა - კოსმოსში გაფრინდა უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი თანამგზავრი "კეპლერი", რომელმაც რამდენიმე ისეთი პლანეტა დააფიქსირა ჩვენს გალაქტიკაში, სადაც სიცოცხლე ივარაუდება. მათ შორის ჩვენს დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს 2015 წლის ზაფხულში აღმოჩენილი "კეპლერ 452ბ", ანუ ის, რომელსაც "მეორე დედამიწა" შეარქვეს. ეს პლანეტა თითქმის იმგვარივე სიდიდით არის დაშორებული თავისი "მზისგან", როგორც ჩვენი დედამიწა. მისი "მზის" სიდიდე მხოლოდ 3%-ით აღემატება ჩვენი მზის სიდიდეს და დედამიწაზე "ოდნავ", 1 მლრდ-ნახევარი წლით უფროსია, ანუ 6 მილიარდი წლისაა.

ამ პლანეტის ზედაპირული ტემპერატურა დაახლოებით -8 გრადუსია, ჩვენი დედამიწისა, -10 (სათბური ეფექტის გამოკლებით). ასე რომ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, "მეორე დედამიწა" ცოცხლობს.

- და იქამდე ვერასოდეს მივალთ?

- როცა საქმე კოსმოსს ეხება, რაიმეს მტკიცებას აზრიც კი ეკარგება. "მეორე დედამიწა" პირველიდან 1402 სინათლის წლით არის დაშორებული. ამგვარად, იქ გაფრენის შესაძლებლობა ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენს ფანტაზიებში არსებობს... დანარჩენი მომავალმა იცის.

- ბარემ ასტეროიდების შესახებაც გვითხარით ორიოდ სიტყვა. სულ გვაშინებენ, ოდესმე დედამიწას ასტეროიდი ააფეთქებსო.

- ყველაზე ახლოს დედამიწას მისი არსებობის მანძილზე 2013 წელს ჩაუარა ასტეროიდმა, მაგრამ თითქმის ვერავინ შეამჩნია. არადა, ძალიან ახლოს - 27 743 კმ-ზე ჩაგვიქროლა, მაგრამ არაფერი მოგვსვლია. აქვე ექსკლუზიურად გეტყვით, - ახლახან კოსმოსში დედამიწისკენ მომავალი კიდევ ერთი ასტეროიდი შენიშნეს. იგი, დღევანდელი გამოთვლებით, 2094 წელს სულ 4 500 კმ-ზე ჩაუვლის დედამიწას. თუმცა, ამის მოწმენი ჩვენ ვეღარ გავხდებით.

P.S. რაც უფრო ეცნობი სამყაროს, უფრო რწმუნდები, რომ მას ერთი ხელი მართავს, რომლის ინტერესში ალბათ, დედამიწის დაღუპვა არ შედის. პირიქით, როგორც ჩანს, ჩვენს დედამიწას სამყაროში სიმარტოვე არ უწერია და მომავალში მეზობლებსაც შეიძენს...

მარსის გაბურღვა კლიმატის შესასწავლად

ჯონ ჰოფქინსის უნივერსიტეტის (აშშ) გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის თანამშრომელმა რალფ ლორენცმა წამოაყენა იდეა მარსის გაბურღვის შესახებ, რათა პლანეტის კლიმატზე მზის გლობალური ზეგავლენა გაირკვეს.

მიიჩნევა, რომ 1300-1870 წლების შუალედში დედამიწაზე მცირე გამყინვარების პერიოდი იყო. ჰიპოთეზების მიხედვით, ამის მიზეზი მზის აქტიურობის შემცირება და ვულკანური ამოფრქვევები უნდა ყოფილიყო. ლორენცმა პირველი ჰიპოთეზის გადამოწმება გადაწყვიტა. თუ მზე ასეთ ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე, მაშინ მისი აქტიურობა დანარჩენ პლანეტებზეც უნდა აისახოს.

"მარსის გაბურღვით მიღებული სინჯის ვერტიკალური ფენები მარსული კლიმატის ცვლილებებზე შეგვიქმნის წარმოდგენას. ანალოგიური კვლევით, რომელიც გრენლანდიაში 60 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის საშუალებით ჩატარდა, დედამიწის ისტორიაში მცირე გამყინვარების პერიოდის არსებობა დამტკიცდა", - აცხადებს ლორენცი.

2016 წლისთვის "Nasa" აპირებს მარსისკენ დასაშვები აპარატი – In Sight (მარსის წიაღის სეისმური, გეოდეზიური და ტემპერატურული მკვლევარი) გაგზავნოს, რომელიც წითელი პლანეტის ქანებს 5 მეტრის სიღრმემდე გაბურღავს. ექსპერტთა აზრით, მცირე სიღრმის ჭაბურღილი არასაკმარისია კლიმატზე მზის ზემოქმედების ზეგავლენის შესასწავლად, თუმცა, მცირე მინიშნებებს მაინც მოგვცემს.

მარსზე ხვლიკი შენიშნეს?

ამ ფაქტმა დიდი დაინტერესება გამოიწვია იაპონიის მეცნიერთა შორის - გაკვირვებულნი დარჩნენ მარსის სურათებით, სადაც თითქოსდა ცოცხალი არსება მოჩანდა...

San Francisco-ს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ფოტო, რომელზეც ცოცხალი არსებაა გამოსახული, გადაღებულია მარსზე. ეს კადრი Nasa-ს მეცნიერების საკამათო თემაა, რომელიც სრულ შესწავლას და დასკვნების გამოტანას საჭიროებს. მეცნიერთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ ფოტოეფექტია და კადრზე არანაირი ხვლიკი დაფიქსირებული არ არის.

"დედამიწისეული პარადოქსი"

ფაქტია, მარსზე დედამიწაზე 6-ჯერ უფრო მაღალი მთებია. ამ პლანეტაზე ერთ-ერთი ჩამქრალი ვულკანი მზის სისტემის ყველაზე მაღალ მთად ითვლება - 540 კმ-ზეა გადაჭიმული და 7 კმ სიმაღლის ციცაბო ფერდობები აქვს. მარსის მთები ასე იმიტომ "გაიზარდა", რომ მას არა აქვს ატმოსფერო, რომელიც მთებზე ისე იმოქმედებდა, როგორც დედამიწის ატმოსფერო მოქმედებს ჩვენს მთებზე, ანუ შლის და ეროზიას იწვევს...