მფრინავმა კაიროს აერ­ოპორტში დაშვება ითხოვა და... რადარების ეკრანებზე გამოსახულება გაქრა - კვირის პალიტრა

მფრინავმა კაიროს აერ­ოპორტში დაშვება ითხოვა და... რადარების ეკრანებზე გამოსახულება გაქრა

სინაის ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო ავიალაინერი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფა 2015 წლის 31 ოქტომბერს, პატარა ქალაქ ელ-არიშის მახლობლად მოხდა.

"როსავიაციის" მონაცემებით, დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი, რუსეთის მოქალაქეები: 200 ზრდასრული მგზავრი, 17 ბავშვი და ეკიპაჟის 7 წევრი.

(იხილეთ ფოტოგალერეა)

ავიაკომპანია "კოგალიმავიას" ლაინერი Airbus A-321 (სავაჭრო მარკით METROJET) ტუროპერატორებისთვის "ბრისკო და ოდეონი" ასრულებდა ჩარტერულ რეისს - 7K 9268 აეროპორტ შარმ-ელ-შეიხიდან აეროპორტ პულკოვოში (სანქტ-პეტერბურგი). აფრენიდან 23 წუთის შემდეგ ლაინერის მფრინავი დისპეტჩერს დაუკავშირდა და ტექნიკური ხარვეზების შესახებ აცნობა. მფრინავმა ასევე მარშრუტის შეცვლა და კაიროს აეროპორტში დაშვება ითხოვა, რის შემდეგაც გაწყდა რადიოკავშირი და რადარების ეკრანებზე გამოსახულება გაქრა.

ორძრავიანი აერობუსი ავიაკომპანია "კოგალიმავიას" პარკს 2012 წლის აპრილში გადაეცა, სარეგისტრაციო კოდით EI ETJ. მანამდე ეკუთვნოდა ლიბანის ავიაკომპანია "მიდლ ისტ აირლაინს", თურქულ "ონურსა" და საუდის არაბეთის "საუდი არაბიან აირლაინს", საბორტო ნომრით 663. პირველი გაფრენა ამ თვითმფრინავმა 18 წელზე ცოტა მეტი ხნის წინ განახორციელა.

ფრენის ტრეკის საბოლოო ქრონოლოგია ასეთია:

03:51 სთ-ზე ადგილობრივი დროით თვითმფრინავი აფრინდა;

04:11 სთ-ზე აკრიფა ფრენის სიმაღლე 10 210 მ და სიჩქარე 748 კმ/სთ;

04:13 სთ-ზე სიჩქარე მოულოდნელად დაეცა ჯერ 341 კმ/სთ-მდე, შემდეგ 172 კმ/სთ-მდე, ხოლო სიმაღლე 8 649 მ-მდე.

19 წამის შემდეგ კი ტრანსპონდერმა ფრენის პარამეტრების გადაცემა შეწყვიტა.

ეგვიპტის სამთავრობო სამსახურებმა თვითმფრინავის ნამსხვრევები ქალაქ ელ-არიშის მახლობლად აღმოაჩინეს.

ამასობაში პულკოვოში, სადაც მგზავრებს ახლობლები ელოდებოდნენ, აეროპორტის ონლაინტაბლოდან გაქრა ჯერ თვითმფრინავის რეისი #9268 შარმ-ელ-შეიხი - სანქტ-პეტერბურგი, შემდეგ კი განრიგიდან რეისი #9269, რომელიც პეტერბურგიდან შარმ-ელ-შეიხში პულკოვოდან უნდა დაბრუნებულიყო. სასოწარკვეთილი ადამიანებისთვის ნათელი გახდა, რომ თვითმფრინავს უბედურება შეემთხვა... რამდენიმე საათის შემდეგ ოფიციალურად გამოქვეყნდა დაღუპულთა სრული სია.

ეგვიპტური მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრი შარიფ ისმაილი. გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა და იმ დღეს დაგეგმილი ღონისძიებები გააუქმა.

P.S. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მათ ჩამოაგდეს. როგორც სააგენტო "როიტერი" იტყობინება, სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა მომხდარისთვის პასუხისმგებლობა აიღეს.

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა პროვინცია სინაიში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება შეძლეს, რომლის ბორტზეც 220 რუსი ჯვაროსანი იმყოფებოდა. მადლობა ღმერთს, ყველა მათგანი მოკლულია", - ნათქვამია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა განცხადებაში.

როგორც BBC აღნიშნავს, რუსულმა თვითმფრინავმა კატასტროფა სინაის ნახევარკუნძულის იმ რაიონში განიცადა, სადაც შეიარაღებული მებრძოლები აქტიურობენ. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრი კი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს...

ევროპის ორმა უდიდესმა ავიაკომპანიამ - Lufthansa-მ და Air France-მ ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც მომხდარ ავიაკატასტროფას ასახელებენ და ფრენის შეჩერებას იქამდე გეგმავენ, ვიდრე არ გაირკვევა, რამ გამოიწვია კატასტროფა...

ავიაკომპანია METROJET - "კოგალიმავია"

რუსული ავიაკომპანია METROJET ჩარტერულ გადაზიდვებს ასრულებს. შტაბბინა მოსკოვშია, "დომოდედოვოს" აეროპორტში. გენდირექტორი - სერგეი მორდვინცევი.

ავიაკომპანია "კოგალიმავია" დაფუძნდა 1993 წელს, ასრულებდა რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. ასევე არენდით მუშაობდა ირანში. მისი პარკი შედგებოდა ტუ-134 და ტუ-154 თვითმფრინავებისგან. 2007 წლიდან ავიაკომპანია "სიბირთან" ერთად ასრულებდა რეისებს "სიბირის" კუთვნილი Airbus A-319-ით. 2011 წლიდან ავიაკომპანია ეწევა მხოლოდ ჩარტერულ გადაზიდვებს, რა მიზნითაც შეიძინა Airbus-ის და Bombardier-ის თვითმფრინავები. 2012 წელს რებრენდინგის შემდეგ მიიღო ახალი სახელწოდება METROJET. 2012-2014 წლებში ასრულებდა რეისებს გერმანული ტურისტული კონცერნის TUI-ს ბრენდით.

რამაზ გურგენიძე