ტელემედიის დარბევა თურქეთში - კვირის პალიტრა

ტელემედიის დარბევა თურქეთში

28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას დეჟავიუს განცდა ჰქონდა " მეზობელი თურქეთის ოპოზიციურ ტელესტუდიებში სტამბოლის პოლიცია შევიდა.

ჟურნალისტებმა არეულობის პირდაპირი ეთერით გადაცემა მოასწრეს. ცნობილმა ჟურნალისტმა ქალმა, ადრე მმართველი პარტიის მხარდამჭერმა, კონსერვატიული პუბლიცისტიკის ხატად მიჩნეულმა ნაზლი ილიჯაკმა პირდაპირ ეთერში განაცხადა: "ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა, მაგრამ ჩვენი მემარცხენე მეგობრებისგან ჩვენ ვისწავლით წინააღმდეგობის გაწევას". თურქი

სამართალდამცველები 28 ოქტომბერს "კოზა იპეკის" ჰოლდინგის კუთვნილი ტელეკომპანიების, Kanalturk-ისა და Bugun TV-ის ოფისებში შევიდნენ. კაბინეტებიდან თანამშრომლები ძალით გაიყვანეს, შენობებთან შეკრებილი აქტივისტები და მედიის წარმომადგენლები კი დაარბიეს.

თურქეთის ხელისუფლებამ "კოზა იპეკის" მფლობელობაში მყოფი 22 კომპანიის მართვა ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ რეიდები 1-ელ ნოემბერს დაგეგმილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინ ჩატარდა. დროებით მმართველად დაინიშნა აჰმად ონალი " გაზეთ "საბაჰის" სარეკლამო განყოფილების ყოფილი უფროსი, რომელიც ძალიან ახლოს არის ქვეყნის მმართველ "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიასთან.

ოფიციალური ანკარა ჰოლდინგს ადანაშაულებს აშშ-ში მცხოვრები თურქი ოპოზიციონერის " ისლამის მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენის მხარდაჭერაში. ერდოღანის განცხადებით, გიულენი თურქეთის ხელისუფლების დამხობას ცდილობს. თურქეთის პრეზიდენტი სწორედ გიულენის პროპაგანდას უკავშირებს 2013 წლის დეკემბრის ხმაურიან საპროტესტო გამოსვლებს. სექტემბერში სტამბოლის პროკურატურამ ფეთჰულაჰ გიულენის წინააღმდეგ საქმე აღძრა და მას 11,5-დან 34 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ოპოზიციური ტელეკომპანიების ოფისების იერიშით აღებას აშშ და დასავლეთი გამოეხმაურნენ. აშშ მოუწოდებს თურქეთის ხელისუფლებას, "დაიცვას უნივერსალური დემოკრატიული ფასეულობები". ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მარტინ შულცმა კი ღრმა შეშფოთება გამოთქვა... Freedom House-ის შეფასებით, ეს იყო "ცენზურის" აქტი, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დებატებზე კონტროლის დამყარებას.

რამაზ გურგენიძე