მიშელ უელბეკი: "როგორ უმტყუნეს საფრანგეთის ლიდერებმა საკუთარ ხალხს" - კვირის პალიტრა

მიშელ უელბეკი: "როგორ უმტყუნეს საფრანგეთის ლიდერებმა საკუთარ ხალხს"

"ნიუ იორკ თაიმსში" გამოქვეყნდა ცნობილი ფრანგი მწერილის მიშელ უელბეკის წერილი, რომელიც პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტების გამოძახილია. გთავაზობთ სტატიას სრულად:

"იანვარში პარიზზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ორი დღის განმავლობაში მთლიანად ახალ ამბებზე ვიყავი მიჯაჭვული. 13 ნოემბრის თავდასხმების შემდეგ კი ძლივსძლივობით ჩავრთე ტელევიზია; რადგან ჩემს ნაცნობებს ვურეკავდი (საკმაოდ ბევრს), მათ ვინც მოვლენების ეპიცენტრში და მის მეზობლად ცხოვრობდა. ადამიანი ეჩვევა ტერორისტულ თავდასხმებს.

1986 წელს, პარიზში სხვადასხვა საჯარო თავშეყრის ადგილებზე დაბომბვების სერია განხორციელდა. ისინი დღეების და შესაძლოა კვირების შუალედით ხდებოდა; ზუსტად აღარ მახსოვს. თუმცა, ძალიან კარგად მახსოვს პირველი კვირის განმავლობაში მეტროებში შექმნილი ატმოსფერო. ყველგან სრული სიჩუმე იდგა და ადამიანები ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ეს პირველი კვირა იყო. შემდეგ კი, საკმაოდ მცირე დროში, ურთიერთობები აღდგა და ნორმალური განწყობილება დაბრუნდა. პერსპექტივა, რომ მომავალში აფეთქებები კვლავ მოხდებოდა, რჩებოდა ხალხის გონებაში, მაგრამ გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაინაცვლა. ადამიანი ეჩვევა ტერორისტულ თავდასხმებს.

პარიზელები წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს ტერატქების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ავტორი: იან ლანგდსონი

საფრანგეთი გაუძლებს ამას. ფრანგებიც გაუძლებენ, რადგან სხვა გზა არ არსებობს, ყველაფერს ეჩვევა ადამიანი. არ არსებობს ადამიანური ძალა, მათ შორის არც შიში, რომელიც უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულება.

"შეინარჩუნე სიმშვიდე და გააგრძელე."

რა თქმა უნდა, ცოტა ხანში სწორედ ამას გავაკეთებთ (მიუხედავად იმისა, რომ არ გვყავს ჩერჩილი, რომელიც გვიხელმძღვანელებს). მიუხედავად საერთო აღქმისა, ფრანგები საკმაოდ მორჩილი და მარტივად სამართავი ხალხია, მაგრამ არა იდიოტები. თუმცა, მათი მთავარი ნაკლი გულმავიწყი ქარაფშუტობაა, რაც დროდადრო მათი მეხსიერების განახლებას მოითხოვს. არსებობენ ადამიანები, პოლიტიკაში მყოფი ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმაზე, რომ დღეს ჩვენ ასეთ არასახარბიელო ვითარებაში აღმოვჩნდით. ადრე თუ გვიან მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გაირკვეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჩვენი მთავრობის მეთაური უმნიშვნელო ოპორტუნისტი, ან დაბადებით ჭკუასუსტი, რომელიც ჩვენი პრემიერ-მინისტრის როლს ასრულებს, ან თუნდაც "ოპოზიციის ვარსკვლავები" ამ ტესტიდან რაიმე ნათელ დასკვნებს გააკეთებენ.

მაინც ვინ დაასუსტა პოლიციური ძალების პოტენციალი იქამდე, რომ მათ თითქმის აღარ შეუძლიათ საკუთარი დანიშნულების შესრულება? ვინ ბეჭდავდა ჩვენს თავებში წლობის განმავლობაში აზრს, რომ საზღვრები უცნაური აბსურდულობა და საძაგელი და ვადაგასული ნაციონალიზმის ნიშანია?

როგორც ჩანს, დანაშაული საკმაოდ ფართო აუდიტორიაზე ნაწილდება.

რომელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩაითრიეს საფრანგეთი იმ სულელურ და ძვირადღირებულ ოპერაციებში, რომელთა მთავარი შედეგი ერაყის და, შემდგომში, ლიბიის ქაოსში ჩაძირვა იყო? რომელი პოლიტიკური ლიდერები იხრებოდნენ ბოლო დრომდე სირიაში იგივეს გაკეთებისკენ?

(მე მავიწყდება: ჩვენ არ შევსულვართ ერაყში, მეორედ. მაგრამ ახლოს ვიყავით ამასთან. როგორც ჩანს, დომინიკ ვილეპინი, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ისტორიაში შევა იმ მიზეზით, რომ საფრანგეთი, მის ბოლო დროინდელ ისტორიაში, ერთხელ და ერთადერთხელ გადაარჩინა კრიმინალურ ოპერაციაში მონაწილეობისგან, რომელსაც ყველაფერთან ერთად სიბრიყვეც გამოარჩევდა).

სამწუხაროდ დასკვნა აშკარად მწვავეა. 10 (20? 30?) წელია ჩვენი წარმატებული მთავრობები პათეტიკურად, სისტემატიურად, საუბედუროდ მარცხდებოდნენ მათი მთავარი მისიის შესრულებაში: დაეცვათ მოსახლეობა მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

რაც შეეხება მოსახლეობას, ის საერთოდ არ დამარცხებულა. გაურკვეველია ქვემოთ მოსახლეობა რას ფიქრობს ზუსტად, რადგან ჩვენმა წარმატებულმა მთავრობებმა იმაზეც იზრუნეს, რომ რეფერენდუმები აღარ ჩატარდეს (გამონაკლისს წარმოადგენს 2005 წელი, ევროპული კონსტიტუციის შეთავაზებისას ჩატარებული რეფერენდუმი, რომლის შედეგები გადაწყვიტეს არად ჩაეგდოთ). თუმცა, სახალხო გამოკითხვები დაშვებულია და ასე თუ ისე ისინი შემდეგზე მეტყველებენ: რომ ფრანგი ხალხი ყოველთვის ინარჩუნებდა ნდობას და სოლიდარობას საკუთარი პოლიციისა და შეიარაღებული ჯარების მიმართ; რომ ფრანგი ხალხი უმეტესწილად არ მოექცა მორალისტი მემარცხენეების გავლენის ქვეშ, რომელთა მთავარი საზრუნავია მიგრანტებსა და ლტოლვილებს როგორ გავუმასპინძლდეთ; რომ ფრანგები არასდროს უყურებდნენ მათი მთავრობების საგარეო სამხედრო თავგადასავლებს ეჭვების გარეშე.

კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ მოსახლეობას და მის წარმომადგენლობას შორის ჩატეხილი ხიდია, რომელიც ახლა უკვე უფსკრულად იქცა. უნდობლობა, რომელიც დღეს არსებობს ყველა პოლიტიკური პარტიის მიმართ არის არა მხოლოდ უზარმაზარი, არამედ კანონიერიც. მე მეჩვენება რომ, ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთვის, დემოკრატიის ერთადერთი ნამდვილი ფორმისკენ მიბრუნებაა: მე ვგულისხმობ პირდაპირ დემოკრატიას.

წყარო

თარგმნა ნატო მუჯირიშვილმა

მიშელ უელბეკი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი მიშელ ტომაა, 1958 წელს ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ რეიუნიონზე დაიბადა. მან მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც პროვოკატორული რომანების ავტორმა. ის ,,გონკურის" პრემიის ლაურეატია. 2002 წლის 17 სექტემბერს, ჟურნალში Lire გამოქვეყნებული მისი ინტერვიუს გამო რამდენიმე ისლამურმა საზოგადოებამ და მათ შორის პარიზის მეჩეთის წინამძღოლმა უელბეკი დაადანაშაულა ისლამოფობიასა და რასიზმში. მართალია, პარიზის ინტელექტუალური საზოგადოების თანადგომისა და მისი პირადი ადვოკატის წყალობით მწერალს ბრალი მოეხსნა, მაგრამ ამ ფაქტის შემდეგ უელბეკმა დატოვა საფრანგეთი და საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა.