რა სიურპრიზს უმზადებს რუსეთი თურქეთს - კვირის პალიტრა

რა სიურპრიზს უმზადებს რუსეთი თურქეთს

თურქეთსა და სირიას ტერიტორიული პრობლემები აქვთ... სირიაში დღესაც გამოდის რუკები, სადაც ხათაი კვლავაც სირიის ნაწილად არის მიჩნეული. მოსალოდნელია, რომ ის რუსეთმა სირიის ტერიტორიად აღიაროს...

"საქართველოს მუსლიმების უმრავლესობა ღირსეული მოქალაქეა"

რატომ ეწინააღმდეგება რადიკალური ისლამის იდეოლოგია სხვა რელიგიურ იდენტობებს? ვინ როგორ მუშაობს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმ მოსახლეობაზე გავლენის მოსახდენად? ამის თაობაზე "კვირის პალიტრას" აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე ესაუბრა.

- "ისლამური სახელმწიფო" იდეოლოგიური თვალსაზრისით ახალი მოვლენა არ არის. გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ისლამური სამყაროსთვის პალესტინის საკითხის მოუგვარებლობა განსაკუთრებით შემაწუხებელი გახდა. ბრძოლის რადიკალური ფორმა - ტერორიზმი კი 70-იანი წლებიდან მოდის. ბოლო დრომდე გამორჩეული "ალ-ქაიდა" იყო, მაგრამ "ისლამური სახელმწიფოს" შექმნამ ვითარება უფრო დაამძიმა.

"ისლამური სახელმწიფოს" მესვეურების ერთი ნაწილი სადამ ჰუსეინის რეჟიმის წარმომადგენლები არიან, დანარჩენები - სხვა რადიკალი ისლამისტები... მათი მიზანია, ჯერ სირიასა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ხელისუფლების დამყარება, შემდგომში კი მთელ მსოფლიოში გაბატონება. მათ სურთ წარსულის დაბრუნება - VII საუკუნეში არსებობდა ისლამური სახალიფო, რომელიც შემდგომ დაიშალა (ასე თუ ისე, თავი მოიტანა 1258 წლამდე). მოგვიანებით ოსმალეთის იმპერია აცხადებდა, რომ ისლამური სახალიფოა. რადიკალი ისლამისტების მიზანი სხვა იდენტობების განადგურება და ერთიანი ისლამური იდენტობის შექმნაა, რომელიც დაქვემდებარებული იქნება შარიათზე, ისლამურ სამართალსა და კანონმდებლობაზე. რაც უნდა გასაკვირი იყოს, მათი უპირველესი მტერი თანამორწმუნე სუნიტები არიან, რომლებმაც ჭეშმარიტი ისლამის გზას გადაუხვიეს და რჯულს განუდგნენ. ჭეშმარიტი ისლამი, მათი შეხედულებით, არის ის, რაც კლასიკურ ისლამურ ხანაში, ე.ი. VII საუკუნეში, შუამავალი მოციქული მუჰამედისა და პირველი მართლმორწმუნე ხალიფების დროს არსებობდა. რადიკალი ისლამისტების მტრები არიან შიიტებიც... რადიკალი ისლამისტებისთვის მიუღებელია დასავლეთიც მისი რელიგიური მიმდინარეობებითურთ.

- ქართველი მუსლიმების იდეოლოგია როგორია?

- საქართველოში მუსლიმთა სამი თემია: აჭარელი მუსლიმები, პანკისის ხეობისა და აზერბაიჯანული დიასპორა. საერთოდ, ისლამი ნებისმიერ ქვეყანაში ადგილობრივი რეალობიდან გამომდინარე სპეციფიკურ ნიშნებს იძენს. მაგალითად, აჭარელ მუსლიმებს შენარჩუნებული აქვთ ისტორიული მეხსიერება, რომ მათი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ. ეს მათ ქრისტიანებთან თანამეზობლურ ურთიერთობას განაპირობებს. პანკისში უფრო ე.წ. სუფიური ანუ ჩრდილოეთკავკასიური საძმოების ისლამია გავრცელებული. ე.ი. მთის ტრადიციები და ისლამისტური ხედვები შეზავებულია. აზერბაიჯანელი თემი პატივს სცემს იმ ქვეყანას, სადაც ის ცხოვრობს და ასევე იმ ურთიერთობას, რაც აზერბაიჯანს და საქართველოს აქვს. სხვათა შორის, ახლახან აზერბაიჯანში სპეცოპერაცია ჩატარდა - აიყვანეს რადიკალური ისლამის წარმომადგენლები იმ მოტივით, რომ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდნენ.

აჭარელ მუსლიმებზე თურქეთიდან ცდილობენ გავლენის მოხდენას. საქართველოში რადიკალური ისლამი უფრო ახლო აღმოსავლეთიდან, არაბული ქვეყნებიდან გამოსული რადიკალი ემისრების მეშვეობით შემოდის. არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე ემისარი თურქიც იყოს და ამ იდეოლოგიას ემსახურებოდეს.

ისინი მარჯვედ იყენებენ სოციალურ ქსელს და ეწევიან პროპაგანდას. პანკისის ხეობაDში მდგომარეობა სპეციფიკურია. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს აქ შემოვიდა ლტოლვილთა ნაკადი. მართალია, პანკისში ძალიან ბევრი სამხედრო ოპერაცია ჩატარდა, მაგრამ დაძაბულობის კერა იქ მაინც არ მოშლილა.

პანკისში სუფიური საძმოების ისლამია გავრცელებული, სადაც მთის ადათი და ისლამური ნორმები შერწყმულია. ეს არის სპეციფიკური ჭრილი, რომელიც რადიკალი ისლამისტებისთვის მიუღებელია და ისლამის გარყვნადაა მიჩნეული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქე მუსლიმების უმრავლესობა ქვეყნის ღირსეული მოქალაქეა, აქტიური მორწმუნეები, რომლებიც რაღაც "ისლამურ სახელმწიფოზე" კი არ ფიქრობენ, არამედ მორწმუნეთათვის პირობების გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური პრობლემების მოხსნაზე და ა.შ.

- და მაინც, ზოგიერთი ისლამურ სახელმწიფოში მიდის. მათზე გავლენას ვინ ახდენს?

- უფრო თვალში საცემია ახალგაზრდების რადიკალიზაცია, რაც მხოლოდ სოციალურ პრობლემებს არ უნდა დავუკავშიროთ. მათ თვითრეალიზაცია სჭირდებათ, რის საშუალებასაც "ისლამური სახელმწიფო" აძლევს, შეუძლიათ, ავანტიურისტული სულის გამოვლინება და პოპულარობის მოპოვება, თანაც მათ გადასაბირებლად დიდი ფული ტრიალებს. ცხადია, ამაზე სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებიც მუშაობენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 15-20 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარი ფული დაგროვდა, რომელიც რადიკალური ორგანიზაციების ხელში მიდიოდა. ვფიქრობ, ეს ფული ჩვენთანაც მუშაობს. თუმცა, "ისლამურ სახელმწიფოს" ძალიან შეუმცირდა ფინანსები მას შემდეგ, რაც აშშ-მა და საფრანგეთმა ნავთობსარეწების დაბომბვა დაიწყეს. ასე რომ, არ არის გამორიცხული, საქართველოდან "ისლამურ სახელმწიფოში" წასულები მალე სამშობლოში დაბრუნდნენ...

- თურქეთში ოსმალეთის იმპერიის აღდგენის დაუძლეველ სურვილს რაიმე კავშირი აქვს ჩვენთან მიმდინარე პროცესებთან?

- თურქეთს დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ დასავლეთისკენ ჰქონდა პირი. XXI საუკუნის დასაწყისში კი (ერდოღანის მმართველობის პირობებში) ამ ქვეყანაში პრაქტიკულად, ჩუმი რევოლუცია განხორციელდა - ახლო აღმოსავლეთისაკენ შებრუნდა, სადაც მყარი პოზიციების მოპოვებას ცდილობს. თვალში საცემია ის, რომ თურქეთი ძალიან დაუპირისპირდა ისრაელს, რომელიც მისი მტკიცე პარტნიორი იყო. თურქეთში ზომიერად ისლამისტური ხელისუფლებაა, რომელიც სეკულარიზმის (სახელმწიფო მმართველობისა და რელიგიის გამიჯვნა) პრინციპებს ჯერჯერობით არ ეხება, მაგრამ ისლამის წინ წამოწევის ტენდენცია იგრძნობა.

- თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის გამწვავებას რა შეიძლება მოჰყვეს?

- ვიმედოვნებ, რომ რუსეთს გონიერება ეყოფა და მესამე მსოფლიო ომის დაწყებისგან თავს შეიკავებს... არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ისარგებლოს იმით, რომ თურქეთსა და სირიას ტერიტორიული პრობლემები აქვთ. ე.წ. ხათაის ოლქი ფრანგული პროტექტორატისას სირიის ტერიტორია იყო, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის წინ (1938 წელს) ფრანგებმა თურქეთს (ამ უკანასკნელის მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად) გადასცეს. სირიაში დღესაც გამოდის რუკები, სადაც ხათაი სირიის ნაწილად არის მიჩნეული. მოსალოდნელია, რომ ის რუსეთმა სირიის ტერიტორიად აღიაროს. მას შემდეგ, რაც მან აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, ასეთი ავანტიურა აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

- რუსეთი და თურქეთი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ნავთობით ვაჭრობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ...

- რაც უნდა პარადოქსული იყოს, თავად ასადის რეჟიმიც ყიდულობდა ნავთობს "ისლამური სახელმწიფოსგან", რადგან ეს მისთვის ძალიან იაფი იყო (სხვათა შორის, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები ერთ-ერთ ელექტროსადგურსაც აკონტროლებენ და ასადის რეჟიმი იძულებულია, მათ ელექტროენერგიის საფასურიც გადაუხადოს). რამდენიმე დღის წინ ისრაელის ერთმა გაზეთმა დაბეჭდა, რომ თვით ისრაელიც კი იყო ამ ნავთობის მყიდველი...

როცა თურქეთის და რუსეთის ხელისუფლებები ერთმანეთს ნავთობით ვაჭრობაში ადანაშაულებენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ არგუმენტები ორივე მხარეს გააჩნია.

ფაქტია, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" ამ ნავთობის გაყიდვით დიდი შემოსავალი ჰქონდა. მართალია, მან რაღაც ზარალი მიიღო მას შემდეგ, რაც მის კონტროლქვეშ მყოფ ნავთობსარეწებზე საფრანგეთმა საჰაერო იერიში მიიტანა, მაგრამ დაფინანსების წყარო სრულად გადაკეტილი არ არის. ველოდები, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ფინანსები მკვეთრად შეიზღუდება. უკვე ჩანს, რომ დასავლეთმა "ისლამური სახელმწიფოს" სრული განადგურება გადაწყვიტა. ასე რომ, საქართველოდან წასული ახალგაზრდებიც შექმნილ სიტუაციას გააანალიზებენ და ისევ საქართველოში დაბრუნებას ამჯობინებენ. მსგავსი პროცესი მსოფლიოში უკვე დაწყებულია. მაგალითად, ბელგიიდან გასული 130 მებრძოლიდან 85 უკან დაბრუნდა. არადა, სწორედ მათი დიდი ნაწილის მოფიქრებული იყო საფრანგეთის ტერაქტი.

- როგორ აფასებთ, სუს-ის მიერ ტერორიზმში ეჭვმიტანილი 4 პირის დაკავებას?

- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ სიტუაციაში სახელმწიფო პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს...

"რადგან წვერი აქვს, ტერორისტია?"

29 ნოემბერს, ოზურგეთის რაიონის დაბა ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ოთხი პირი დააკავეს. მირიან ბერიძის, ჯამბულ აბდულაევისა და გია ბახუნტარიძის სახლებიდან (ჩაქველი ლაშა გობაძე აჭარაში დააკავეს) ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ლიტერატურა და "ისლამური სახელმწიფოს" დროშები ამოიღეს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" ადევს. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

ზეინალ აბდულაევი, ჯამბულის მამა: - დილის ხუთის ნახევარი იქნებოდა, როცა სახლში სპეცრაზმელები შემოცვივდნენ და ჯამბული საწოლიდან წამოაგდეს. ყველაფერი გადმოყარეს და ამოიღეს ძველი, ჟანგიანი იარაღი, რომელიც მანამდე თვალით არ მინახავს; ასევე შავი დროშა თეთრი ზოლებით და თქვეს, ეს ტერორისტების დროშააო და იზოლაციადახვეული მილი. სოფელში ჯამბულზე ცუდს არავინ იტყვის. მისთვის საეჭვო არაფერი შეგვიმჩნევია. სირიაში წასული ბადრი ირემაძე ჩვენი მეზობელია. ის და ჯამბული ერთად დადიოდნენ სალოცავად, ბადრიმ სირიაში წასვლა რომ დააპირა, დაემდურნენ ერთმანეთს. ჯამბული ჯარიდან რომ ჩამოვიდა, ჩემი უფროსი ვაჟი გარდაიცვალა და ამის გამო წვერი ჰქონდა მოშვებული. ჩემს ოჯახში იარაღი არასდროს გაჭაჭანებულა. უფროსი ვაჟი 7 წელი სპეცრაზმში მსახურობდა და დანაც კი არ მოუტანია შინ. რადგან წვერი აქვს, ტერორისტია?!

ნათელა ბერიძე, მირიანის დედა: - სპეცრაზმელებმა გათენებისას 5 საათზე შემოამტვრიეს კარი. ყველას გვეძინა, შინ სტუმარიც გვყავდა. მას და ჩემს ქმარს ხელები გაუკრეს, მირიანი კი აიყვანეს. ყველანი პირველ სართულზე ერთ ოთახში შეგვყარეს. თვითონ მეორე სართულზე ავიდნენ, ჩადეს იარაღი და მერე დაიწყეს ჩხრეკა. ამოიღეს ორი ხელყუმბარა, რაღაც დროშა... ვერც მივხვდით, რა იყო. მირიანი მორწმუნეა და ალბათ, ამისთვის ისჯება. შეიძლება მიზეზი ისიც არის, რომ ჩემი ძმისშვილი - მამუკა ანთაძე სირიაშია წასული...

ჩვენ ქართველები ვართ, აქ ვრჩებით და მშვიდად ცხოვრება გვინდა. ყველა დაკავებულის ოჯახი ამტკიცებს, რომ მათ შვილებს იარაღი ჩაუდეს... ჩემი შვილი უდანაშაულოა!

ნანა ფიცხელაური