"მუსლიმებმა საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შევძლოთ"
11-01-2016
"მუსლიმებმა საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შევძლოთ"
"დემოკრატიული ღირებულებების ადრეულ ასაკში სწავლებით ტერორიზმსა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლას შევძლებთ"


ცივილიზაციებსა და რელიგიათა შორის დიალოგში შეტანილი წვლილით ცნობილი, ამერიკაში მცხოვრები თურქი მოაზროვნე ფეთჰულლაჰ გიულენი ფრანგულ გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამეგობრობასა და მუსლიმებს მნიშვნელოვან მესიჯებს უგზავნის. გთავაზობთ ამონარიდებს გიულენის სტატიიდან "ჭეშმარიტი რწმენის განზომილება ადამიანის სიცოცხლის დაცვის მიმართ გამოხატული მგრძნობელობაა"."

"ისლამური სა­ხელმწიფოს" და მსგავსი ტერორისტული დაჯგუფებების მიერ ჩადენილი შემზარავი სისასტიკის გამო გული მტკივა. ამ
დაჯგუფებების მიერ ტერორისტული აქტების განხორციელებისას თავიანთი დამახინჯებული იდეოლოგიის მაჰმადიანურ რელიგიასთან დაკავშირება 1,5 მილიარდი მუსლიმის მსგავსად, ჩემთვისაც მტკივნეულია.
ჩვენი, როგორც მაჰმადიანების მოვალეობაა, ერთი მხრივ, კაცობრიობის ამ შემზარავი ტერორისტული თავდასხმებისაგან დასაცავად ყველასთან ერთად ვიბრძ­ოლოთ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენი სარწმუნოების შელახული იმიჯის გამოსწორებისთვის ვიმუშაოთ..."

"ჩვენი, როგორც მუსლიმების, მოვალეობაა
ტერორისტების მიერ გავრცელებული ტოტალიტარული იდეოლოგიის უპირობოდ უარყოფა და მის გავრცელებაში ხელის შეშლა, ხოლო ამის შესაბამისად, გამაერთიანებელი და მრავალფეროვნების მხარდამჭერი მენტალიტეტის ჩამოყალიბება. ჩვენთვის ეთნიკურ, ეროვნულ და რელიგიურ იდენტობაზე წინ ადამიანობა დგას და ასეთი ბარბაროსული ქმედებებით სინამდვილეში ადამიანი ზიანდება. პარიზში დაღუპული ფრანგები, ბეირუთში დაღუპული ლიბანელები, ერაყში განხორციელებული ტერორისტული აქტების შედეგად დაღუპული სუნიტები - უპირველესად, ყველანი ადამიანები ვართ, მიუხედავად რელიგიური და ეთნიკური იდენტობისა. თუ ყველა იმ ადამიანს, ვინც ტკივილს განიცდის, თანაგრძნობას არ გამოვუცხადებთ­, ცივილიზაციის პროგრესი შეჩერდება..."

"პარიზში მომხდარმა უკანასკნელმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ შემზარავ ტერორისტულ აქტებს რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს და ეს როგორც თეოლოგებმა, ასევე რიგითმა მაჰმადიანებმა უპირობოდ უნდა დაგმონ. თუმცა, ახლა დაგმობა და უარყოფა საკმარისი აღარ არის. მუსლიმანურ საზოგადოებაში ტერორისტების მხრიდან ახალგაზრდების გადაბირების საპირისპიროდ, სახელმწიფო უწყებების, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი, ჭკვიანური მოქმედებაა საჭირო..."

"ასეთ ტრაგედიებს ხშირად გადაჭარბებული რეაქცია მოჰყოლია. მუსლიმების საწინააღმდეგო, ანტირელიგიური რიტორიკა, სახელმწიფოების მხრიდან მუსლიმებისადმი გამკაცრებული მოპყრობა მათ სარგებელზე მეტ ზიანს მოუტანს. ევროპაში მცხოვრებმა მუსლიმმა მოქალაქეებმა არასასურველი პირობების მიუხედავად, სახელმწიფოსთან ერთად მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ..."

"ჩვენ, მუსლიმებმა, საკუთარი თავის კრიტიკა უნდა შევძლოთ. ეს ტრადიციული ისლამისგან დაშორება არ იქნება. პირიქით, ეს არასწორი გზისკენ შესაძლო გადახვევის გაცნობიერებას და ჩვენი წინამორბედების მსგავსად, მხოლოდ ყურანისა და სუნნეთის მიხედვით სულისა და არსის კვლავ პატრონობას ნიშნავს..."
"ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ საზოგადოების ნაწილში ისევ ცივილიზაციათა შეჯახებაზე ლაპარაკს მწუხარებით ვისმენ. ვინც პირველად ეს თქვა, არ ვიცი, ინტუიციას დაეყრდნო თუ სხვა მოსაზრებებს, ერთი რამ ცხადია - დღეს ასეთი ენის გამოყენება მხოლოდ ტერორისტულ დაჯგუფებებს წაადგება. რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ცივილიზაციებს შორის ბრძოლა კი არა, მთელი ცივილიზებული კაცობრიობის ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაა..."

"ჩვენი, როგორც მუსლიმი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, რა რთულ პირობებშიც უნდა ვიყოთ, პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა მივიღოთ. კაცობრიობის მშვიდობიან ცხოვრებაში წვლილის შეტანა თუ გვინდა, ტერორიზმი პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური კუთხით კარგად უნდა შევისწავლოთ. კეთილი საქმეებით, რელიგიური წყაროების რადიკალური ინტერპრეტაციის უარყოფითა და მათგან გამიჯვნით უნდა ვეცადოთ, ახალგაზრდობაზე დადებითი გავლენა მოვახდინოთ. დემოკრატიული ღირებულებების ადრეულ ასაკში სწავლებით ტერორიზმსა და ტოტალიტარულ იდეოლოგიებთან ბრძოლას შევძლებთ."
Тазо
25 იანვარი 2016 18:10
სწორედ რომ აქვს საერთო მუსულმანურ რელიგიასთან. თქვენი რელიგია ქადაგებს ურჯულოების წინააღმდეგ ბრძოლას ! ასე რომ ყველანი აფერისტები ხართ და არ ხართ შესაშვები ცივილიზებულ ქევეყნებში !

რედაქტორის რჩევით