"თურქეთში, შესაძლოა, ქაოსი დაიწყოს"
18-01-2016
"თურქეთში, შესაძლოა, ქაოსი დაიწყოს"
თურქეთში 2016 წელი ტერაქტებით დაიწყო. 12 იანვარს სტამბოლის ცენტრში (აია-სოფიას მეჩეთთან) თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

10 ადამიანი­ დაიღუპა (მათ შორის - გერმანელი ტურისტებიც), 35-მდე კი დაიჭრა. 14 იანვარს აფეთქება მოხდა დიარბაქირში, პოლიციის განყოფილებასთან, რაც ასევე მსხვერპლით დასრულდა. რას მოასწავებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გახშირებული ტერორისტული აქტები და მოახდენს თუ არა ეს გავლენას საქართველოზე? "კვირის პალიტრას" ექსპერტი­ ბადრი ნაჭყებია ესაუბრა:

- თურქეთში ტერაქტები­ ახლა არ დაწყებულა... დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა მოსაზრება, რომ
თურქეთში ტერაქტები ქურთების მუშათა პარტიის აქტივობებს უკავშირდებოდა. სწორედ ამიტომ აშშ-მა ქურთების მუშათა პარტია ტერ­ორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, მაგრამ ევროპა ასე არ მიიჩნევს. მეტიც, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქურთების მუშათა პარტიას ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნა.
ცხადია, თურქეთი ქურთების მუშათა პარტიის მისწრაფებას, შექმნას დამოუკიდებელი ერთეული (თუნდაც ავტონომია), ქვეყნის
დაშლის საფრთხედ მიიჩნევს. ამიტომ თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო ზომები და რამდენიმე თვეა, ქურთებით მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რაშიც არტილერიაც არის ჩარ­თული, ავიაციაც და სხვა დანაყოფებიც...­

ტერაქტების ისტორიას თუ გადავხედავთ,­ ასეთ სურათს მივიღებთ: 2003 წლის 15 ნოემბერს, სტამბოლის ერთ-ერთ უბანში ტერაქტი განხორციელდა, 27 ადამიანი დაიღუპა და 300 დაიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ალ-ქაიდამ" აიღო. 2003 წლის 20 ნოემბერს სტამბოლში, რამდენიმე ადგილას, კვლავ განხორციელდა აფეთქებები, დაიღუპა 28 და დაიჭრა 450 ადამიანი. კვალი აქაც ისევ "ალ-ქაიდ­ასთან" მივიდა. 2007 წლის 22 მაისს ანაფალტალარიაში პაკისტანური წარმოშობის თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. 121 ადამიანი დაიჭრა და 9 დაიღუპა, რაც ისევ "ალ-ქაიდას" დაჰბრალდა. საეჭვო ტერორისტული აქტი მოხდა 2013 წლის 11 მაისს ხათაიში - ორი ავტომობილი აფეთქდა, მაგრამ დღემდე არ არის გარკვეული, ვინ განახორციელა ეს ტერაქტი. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ტერაქტები მხოლოდ "ალ-ქაიდასთან" არ ყოფილა დაკავ­შირებული. 2015 წლის 10 ოქტომბერს ანკარაში ტერაქტი მოხდა მშვიდობიანი დემონსტრაციის მიმდინარეობისას (დემონსტრანტებს შორის იყვნენ როგორც თურქები, ისე - ქურთებიც). დემონსტრანტები მშვიდობას ითხოვდნენ და სურდათ, ქურთების პროვინციაში თურქეთის საბრძოლო ოპერაცია დასრულებულიყო. თავდაპირველად თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ეს ტერორისტული აქტი ქურთების მუშათა პარტიას უკავშირდებოდა, თუმცა, სპეცოპერაციის შედეგად ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აქტივისტები დააკავეს. პასუხისმგებლობა სწორედ რადიკ­ალური ისლამის წარმომადგენლებმა აიღეს. 2016 წლის 12 და 14 იანვრის ტერაქტებზეც "ისლამური სახელმწიფო" იღებს პასუხისმგებლობას, არადა, დიარბაქირი, სადაც ბოლო აფეთქებით რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ფაქტობრივად, თურქული ქურთისტანის დედაქალაქია. ჩემი აზრით, ტერაქტში მათი მონაწილეობა გამორიცხული არ არის.

- რადიკალური ისლამისტები რომ საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას, ეს არაფერს ნიშნავს?
- რასაკვირველია, ნიშნავს. თუმცა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ერდოღანი თურქეთის ტერიტორიაზე ისლამიზაციის პოლიტიკას ატარებს... მაშ, როგორ ხვდებოდნენ რადიკალური ისლამის­ მიმდევრები პანკისიდან, შუა აზიიდან, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან თურქეთის ტერიტორიაზე?! სწორედ ამან გააჩინა ეჭვი, რომ თურქეთი ბაშარ ასადის წინააღმდეგ რადიკალურ ძალებს ეხმარებოდა... თუმცა, როცა აშშ-მა, დასავლეთმა და რუსეთმაც "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ზომები მიიღეს, თურქეთი იძულებული გახდა, პოზიცია შეეცვალა... საპასუხო დარტყმებსაც ამიტომ იღებს.

- და როგორ შეიძლება რადიკალური ისლამის მიმდევრები­ და ქურთები (რომლებიც ერთმანეთის მოწინააღმდეგენი არიან) თურქეთის ტერიტორიაზე ტერაქტებს ერთობლივად ახორციელებდნენ?
- მსოფლიო ტერაქტების ისტორიას თუ გავიხსენებთ, ხშირად მათზე პასუხისმგებლობას რეალური დამნაშავე არ იღებს. მაგალითად, 2011 წლის სექტემბრის ტერაქტის შემთხვევაში პირველად არა "ალ-ქაიდამ", არამედ სხვა ორგანიზაციამ აიღო პასუხისმგებლობა; 2008 წელს მუმბაიში მომხდარი მასშტაბური ტერაქტის შემთხვევაშიც თითქმის ანალოგიური სიტუაცია იყო... ახლაც რადიკალურმა ისლამმა კი აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის გამორიცხული, კვალი კვლავ ქურთების მუშათა პარტიასთან მიდიოდეს. რადიკალური ისლამის წარმომადგენლები ამ აღიარებით თურქეთს აფრთხილებენ, რომ მათ წინააღმდეგ არაფერი მოიმოქმედოს და მხარი რადიკალურ ისლამს დაუჭიროს. არც ის არის გამორიცხული, ამ შემთხვევაში მისი რომელიმე მიმდევარი ქურთების სასარგებლოდ მოქმედებდეს.

- რა გავლენას მოახდენს საქართველოზე თურქ­ეთში შექმნილი ვითარება?
- არაერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს,­ რომ რაც იქ ხდება, ერდოღანის პოლიტიკის კრახია. მან ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, დემოკრატიული ფასეულობები მეორეხარისხოვანი გახადა და ქვეყანა კრიზისის წინაშე დააყენა. არ არის გამორიცხული, თურქეთში სერიოზული ქაოსი დაიწყოს და ქვეყანა დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. რასაკვირველია, ამ პროცესში რუსეთს თავისი ინტერესები აქვს. აშკარაა, რომ ლავროვი პროქურთული პარტიის ლიდერს თავისთან იხმობს და ელაპარაკება, რაც თურქეთს აღიზიანებს. ამას ყარაბაღში კრიზისიც ემატება და ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კერები იქმნება. არ არის გამორიცხული, სახიფათო კონფლიქტების ალყაში აღმოვჩნდეთ. ამიტომ საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს. მან მეზობელ ქვეყნებთან და რუსეთ-ამერიკასთან ურთიერთობის დაბალანსება უნდა შეძლოს.
lela
29 იანვარი 2016 10:11
დაიწყება თუ არა ამ ჩემს ფეხებს
მადლიუსას და ვაჟა-17ს
21 იანვარი 2016 02:21
სანამ თურქეთი დაინგრევა, მანამდე თქვენი ღრუსეთი ჩამოიშლება და სულ ტყუილად ნუ აგებთ ამ ოცნების კოშკებს თქვე პუტინის მონებო.
მადლიუსას და ვაჟა17-ს
20 იანვარი 2016 10:49
მადლიუს, შენ არ ვიცი ვინა ხარ, მაგრამ აი ეს ვაჟა17 ФСБ-ზე მუშაობს და მათი პროპაგანდონია. რაში გაწყობთ არასტაბილური მეზობელი. საქართველოც გინდათ კიდევ უფრო დაშალონ? ვაი თქვენს რუსეთუმე თავის პატრონს!!!

რედაქტორის რჩევით