კიოლნის ამბები ყველაფერს შეცვლის?! - გერმანიაში ნაციონალისტებმა "გაიღვიძეს" - კვირის პალიტრა

კიოლნის ამბები ყველაფერს შეცვლის?! - გერმანიაში ნაციონალისტებმა "გაიღვიძეს"

პირველ იანვარს, ახალი წლის ღამეს, კიოლნის ტაძარსა და რკინიგზის სადგურთან ადამიანები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან ლტოლვილთა თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ. დაზარალებულთა განცხადებით, მიგრანტები მათ დამიზნებით უშენდნენ ფეიერვერკებს, სძალავდნენ ფულს და ძვირფას ნივთებს, თავს ესხმოდნენ ქალებს. კიოლნის პოლიციამ 90-მდე განცხადება მიიღო ძალადობის მსხვერპლი ქალებისგან. იყო ცნობა ერთი გაუპატიურების შესახებაც. დაზარალებულები აცხადებდნენ, რომ მიგრანტები მთვრალები იყვნენ. მსგავსი თავდასხმა მოხდა გერმანიის სხვა ქალაქებშიც. 50-მდე შემთხვევა აღირიცხა ჰამბურგში.

6 იანვარს კიოლნის მერმა ჰენრიეტა რეკერმა თანაქალაქელ ქალებს ურჩია - "თავდასაცავად უცნობებისგან გაშლილი ხელის გაწვდენაზე დაეჭირათ თავი". მის რჩევას აღშფოთების ისეთი ტალღა მოჰყვა, მერმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მას სწორად ვერ გაუგეს.

7 იანვარს გერმანულ პრესაში გამოჩნდა პოლიციის პატაკი, სადაც აღნიშნულია, რომ პირველ იანვარს მოედანზე ქაოსი სუფევდა, სამართალდამცავებს ეშინოდათ, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი და შეკრებილებს წესრიგისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, მიგრანტები არაფრად აგდებდნენ მათ და უყვიროდნენ: "ვერაფერს გვიზამთ, ჩვენ ანგელა მერკელმა მოგვიწვია!"

8 იანვარს გერმანიის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტობიას პლატემ განაცხადა, რომ პოლიციამ შეძლო დანაშაულში ეჭვმიტანილი 31 პირის ვინაობის დადგენა. 29 მათგანი მიგრანტია და ბინადრობაზე თანხმობას ელის."იდენტიფიცირებულ თავდამსხმელთაგან 9 ალჟირელია, 8 - მაროკოელი, 4 - სირიელი, 2 - გერმანელი.

ქალებზე ძალადობა გააპროტესტა 32 წლის შვეიცარიელმა მხატვარმა მილო მუარემ და კიოლნის ცენტრალურ მოედანზე შიშველი გამოვიდა პლაკატით: "გვეცით პატივი! ჩვენ არ ვართ თავდასხმის ობიექტები მაშინაც კი, როცა შიშვლები ვართ!"

აშკარაა, რომ გერმანელების განთქმულ მულტიკულტურიზმს და მთელ დასავლეთ ევროპას ტოლერანტობის გამოცდის ჩაბარება მოუწევს... დღემდე სოციალურ ქსელებში მიყუჟულმა, მარგინალებად შერაცხილმა მულტიკულტურიზმის კრიტიკოსებმა და მემარჯვენე ნაციონალისტებმა თავი წამოყვეს. უცებ გაცოცხლდა ტოლერანტული ევროპისთვის შეუფერებელი პოლიტიკური მიმდინარეობა - პეგიდა -"ევროპის პატრიოტები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ". სწორედ"პეგიდას ეგიდით გაიმართა 9 იანვარს კიოლნში ანტიისლამური მიტინგი, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა. უსაფრთხოებას 1 700 პოლიციელი იცავდა. ანტიისლამისტებმა, რომლებიც მსვლელობასაც გეგმავდნენ, პოლიციელებს ბოთლები დაუშინეს. სამართალდამცველებმა მსვლელობა წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით აღკვეთეს.

პარალელურად გაიმართა მიტინგი - "კიოლნი მემარჯვენეების წინააღმდეგ", რომლის მონაწილეთა აზრით,"არ შეიძლება ახლო აღმოსავლეთიდან ყველა ლტოლვილის პოტენციურ ბოროტმოქმედად მიჩნევა.

სამოქალაქო უკმაყოფილებისა და დაძაბულობის ზრდის ფონზე ანგელა მერკელმა განაცხადა: "კანონის სიმკაცრეზე დაყდნობით, აუცილებელია, შევისწავლოთ, რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი."ყველაფერი უნდა გამოვარკვიოთ. წაყრუება არ შეიძლება. რაც მოხდა, საშინელებაა" და დასძინა, რომ პოლიტიკოსებმა უნდა იმსჯელონ, როდის შეიძლება მიგრანტს ჩამოერთვას გერმანიის ტერიტორიაზე ყოფნის უფლება. გერმანიის იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა მომხდარს ორგანიზებული დანაშაულის ახალი დონე უწოდა. მისი აზრით, თავდასხმები, რომლებშიც ასობით მიგრანტი მონაწილეობდა, წინასწარ იყო დაგეგმილი.

10 იანვარს კი კიოლნში 7 ჩამოსულს სცემეს. თავდამსხმელთა 20-კაციანი ჯგუფი თავდაპირველად რკინიგზის სადგურთან 6 პაკისტანელს დაესხა თავს, რომელთაგან 2 საავადმყოფოში მოხვდა. შემდეგ ერთ სირიელსაც სცემეს. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ერთმანეთი "ფეისბუკით" იპოვეს. გამოქვეყნდა ცნობები, კიოლნის პოლიციაში შესული განცხადებების რიცხვმა ახალი წლის ღამეს ძარცვის, ცემისა და სექსუალური ძალადობის თაობაზე 500-ს გადააჭარბა...

დღეს ევროპა დაბნეულია. პოლარული განწყობილებები კი ნელ-ნელა ძალას იკრებს. რა გზას დაადგება დასავლეთევროპული ცივილიზაცია, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გადამწყვეტ როლს, ალბათ, სირიაში ომის მიმდინარეობა და ლტოლვილთა ახალი ნაკადი ითამაშებს, რომელიც გაზაფხულზე აუცილებლად მოიმატებს.

გელა გურგენიძე