"ყველაფერში დამნაშავე მერკელია" - მიგრანტთა კრიზისი ევროპის ერთიანობას და შენგენის ზონას შეიწირავს?! - კვირის პალიტრა

"ყველაფერში დამნაშავე მერკელია" - მიგრანტთა კრიზისი ევროპის ერთიანობას და შენგენის ზონას შეიწირავს?!

გერმანიის ქალაქ კიოლნში ახალი წლის ღამეს მიგრანტთა მიერ მოწყობილი არეულობისა და თავდასხმების, ასევე შევდეთში მიგრანტი მოზარდის მიერ სპეციალური თავშესაფრის თანამშრომლის მოკვლის  შემდეგ ევროპაში სულ უფრო და უფრო იზრდება  აგრესია არაბული მიგრაციის მიიმართ. სულ უფრო ბევრ ქვეყანაში ისმის ამ პროცესის საწინააღმდეგო განცხადებები. აშკარაა, მთელ დასავლეთ ევროპას ტოლერანტობის გამოცდის ჩაბარება მოუწევს... დღემდე სოციალურ ქსელებში მიყუჟულმა, მარგინალებად შერაცხილმა მულტიკულტურიზმის კრიტიკოსებმა და მემარჯვენე ნაციონალისტებმა თავი წამოყვეს. უცებ გაცოცხლდა ტოლერანტული ევროპისთვის შეუფერებელი პოლიტიკური მიმდინარეობა - პეგიდა -"ევროპის პატრიოტები დასავლეთის ისლამიზაციის წინააღმდეგ". სწორედ"პეგიდას ეგიდით გაიმართა 9 იანვარს კიოლნში ანტიისლამური მიტინგი,

ბოლო დღეების განმავლობაში ევროპის ლიდერების განწყობაც შეიცვალა სირიელი მიგრანტების მიმართ. ისინი უკვე ღიად აღიარებენ, რომ ევროპამ მიგრანტების კრიზისზე კონტროლი დაკარგა, ეს კი საშიშროებას უქმნის ევროპული ერთიანობის მომავალს.

  • საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, მანუელ ვალსის განცხადებით, ევროპამ შეიძლება დაკარგოს თავისი ისტორიული საფუძველი, რაც, სავარაუდოდ, შეიძლება უკვე რამდენიმე თვეში მოხდეს.
  • გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ვოლფგანგ შოიბლეს თქმით, თუ შენგენის სისტემა განადგურდება, ევროპას სერიოზული საფრთხე დაემუქრება.
  • ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის, მარკ რუტეს განცხადებით, ევროპის ლიდერებს აქვთ 6-8 კვირა იმისათვის, რომ შენგენის სისტემა გადაარჩინონ.
  • ევროკომისიის წარმომადგენლის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპას ბოლო შანსი დარჩა. "შენგენის გარეშე ევროს აზრი არ ექნება".
  • "ნურავის ექნება ილუზოა, რომ ევროპაში ერთიანი ვალუტის მოქმედება შესაძლებელი იქნება, თუ საზღვრები ჩაიკეტა", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

ყველასათვის ცნობილია, რომ შენგენის შეთანხმება უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებს შორის თავისუფალ გადაადგილებას და ეს არის ევროპული ერთიანობის ერთ-ერთი საყრდენი, ახლა კი ეს ყველაფერი იგნორირებულია - საზღვრებზე აღმართულია ბარიერები და წესდება სასაზღვრო კონტროლი.

ორი დღის წინ, საბერძნეთი გააფრთხილეს, რომ თუ მიგრანტთა ნაკადს ვერ გააკონტროლებდა, შესაძლოა შენგენის ზონიდან გარიცხონ. მაგრამ საინტერესოა, ევროკავშირის ლიდერები ხედავენ კი საფრტხის მთელ სიღრმეს? რთული დასაჯერებელია, რომ შესაძლებელია რამდენიმე თვეში საერთო ევროპული ბაზარი დაიშალოს, თუმცა პრობლემა ცხადია!  "ჩვენ აღარ გვაქვს ძალა გავუმკლავდეთ ამას" - ამბობს ჰოლანდიის პრემიერ მინისტრი მარკ რუტე.

2015 წელს ევროპაში 1.83 მილიონი მიგრანტი შევიდა, აქედან მილიონ ადამიანზე მეტმა თავშესაფარი გერმანიაში ითხოვა. 2016 წელს კი თურქეთიდან და საბერძნეთიდან საზღვარი 35 ათასმა ადამიანმა უკვე გადაკვეთა.

"ყველაფერში დამნაშავე მერკელია"

გერმანიის ლიდერებმა უკვე არაერთხელ განაცხადეს, რომ მიგრანტები ევროპის ყველა ქვეყნის პრობლემაა, თუმცა ამ განცხადებას ყველა არ ეთანხმება. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბევრ პოლიტიკოსს განსხვავებული მოსაზრება აქვს. მათი აზრით, მერკელმა თავად "დაუძახა" მიგრანტებს და სწორედ ისაა ყველაფერში დამნაშავე.

ევროკომისიამ სცადა გადაეჭრა პრობლემა მიგრანტებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. მხარეები შეთანხმდენენ, რომ ევროპის ქვეყნებს მიგრანტები გადაენაწილებინათ, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა იმით იყო უკმაყოფილო, რომ მიგრანტების გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღეს არა ერთხმად, არამედ, ხმების უმრავლესობით.

უნგრეთის მიერ სერბეთის საზღვარზე აგებული სასზღვრო კედელი

უნგრეთმა ააგო სასაზღვრო კედელი. გერმანიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა, დანიამ, შვედეთმა და ნორვეგიამ დაიწყეს სასაზღვრო კონტროლი. ეს ყველაფერი კი შენგენის შეთანხმების შეჩერების ტოლფასია. ქვეყნები ამბობენ, რომ სასაზღვრო კონტროლი დროებითია, თუმცა ეძებენ გზებს მის გასაგრძელებლად. ევროპელ ლიდერთაგან ბევრი ფიქრობს, რომ შენგენის შეთანხმების გადარჩენა შეუძლებელია თუ ევროპის საზღვრებს მკაცრად არ დაიცავენ, კერძოდ, სათანადოდ შეამოწმონ შემოსული მიგრანტები და ყველა მსურველს არ გაუხსნან საზღვარი. ამიტომ ევროკომისია გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ევროპული სასაზღვრო და სანაპირო დაცვა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევებში, შეეძლება ევროპული ქვეყნების მთავრობების ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. რა თქმა უნდა, ეს შეთავაზება დამატებით ზღუდავს სახელმწიფოების სუვერენიტეტს, ამიტომ ინიციატივა იწვევს კამათს, ხოლო თუ ახალი სტრუქტურა მაინც შეიქმნება, გაუგებარია როგორ იმუშავებს მთავრობებს შორის უთანხმოების პირობებში?!

ზამთრისა და სიცივის მიუხედავად, მიგრანტების ნაკადი ევროპის ქვეყნებში მაინც არ წყდება. ყოველდღე საზღვარს დაახლოებით 2000-მდე ადამიანი კვეთს. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ფიქრობს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მოვლენები ცხადჰყოფს, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა საერთო ევროპული პასუხის მოძებნა მიგრანტების კრიზისზე. კონფლიქტი აშკარაა, და თავად ბავარიის ლიდერი ჰორსტ ზეეჰოფერი - მერკელის პოლიტიკური მოკავშირე, ღიად სვამს კითხვას იმის შესახებ, თუ რას მოუტანს ქვეყანას მიგრანტების ახალი ნაკადი."ეს იქნება ახალი საზოგადოება, მაგრამ აშკარაა, რომ გერმანიაში მცხოვრებთ არ სურთ გახდნენ ამ საზოგადოების წევრები".

გამოსავლის ძიებაში

ევროკავშირის ქვეყნებს მოუწევთ საკუთარი ფინანსური პოტენციალის გამოყენება, რათა დაარწმუნონ არაწევრი ქვეყნები, თავიანთ სახელმწიფოებში დატოვონ პოტენციური მიგრანტები.

ასე მაგალითად, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა უკვე განაცხადა, რომ საჭიროა დიდი ფინანსური ინვესტიცია, რათა გაუმჯობესდეს მიგრანტების ცხოვრება თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში არსებულ ბანაკებში, რომ ხალხს ამ ბანაკებიდან გაქცევის სურვილი არ გაუჩნდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა ევოკავშირის ქვეყნებმა მხოლოდ მიგრანტი ოჯახები მიიღოს და არა ახალგაზრდა მამაკაცები.

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა

წყარო