მიგრანტი ბავშვები ევროპაშიც მონური შრომისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან?! - სად გაქრა 10 000 ბავშვი?! - კვირის პალიტრა

მიგრანტი ბავშვები ევროპაშიც მონური შრომისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან?! - სად გაქრა 10 000 ბავშვი?!

ევროპის პოლიციის სამსახურმა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები დაადასტურა.

"არავინ გამოჩნდა, ვინც იქნება პასუხისმგებელი ამ ბავშვთა მოვლა-პატრონობაზე, ამიტომ ისინი რჩებიან ბედთან მარტონი, მიტოვებულები. მათი მთავარი მიზანი - საკუთარი თავის გადარჩენაა"

ევროპის პოლიციის სამსახურის ოფიციალური განცხადების თანახმად, გასულ წელს 10 ათასამდე მიგრანტი ბავშვი, რომელთაც უფროსების გარეშე გადმოკვეთს ევროპის საზღვარი, დაკარგულად ითვლება. ისინი, მას შემდეგ გაუჩინარდნენ, რაც მიგრაციის სახელმწიფო სამსახურებმა დაარეგისტრირეს.

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ბავშვები შეიძლება გამხდარიყვნენ სექსუალური ძალადობისა ან კრიმინალური დაჯგუფებების მსხვერპლნი. ამ საკითხს იკვლევს არასამთავრობო ორგანიზაცია Save the Children, მათი ინფორმაციით, გასულ წელს ევროპაში სულ 26 ათასი ბავშვი და მოზარდი ჩამოვიდა, ხოლო დაკარგულთა რიცხვზე პირველად საჯაროდ უკვე ევროპოლი ლაპარაკობს.

მიზანი - მიგრანტები

ევროპის პოლიციის სამსახურის  ადმინისტრაციის უფროსმა ბრაიან დონალდმა გამოცემა Observer-თან ინტერვიუში ისაუბრა, რომ ევროპის ქვეყნების ხელისუფალთ არ აქვთ კონკრეტული ინფრომაცია, იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გამქრალიყო დაახლოებით 10 ათასი ბავშვი, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

„ყოველი მათგანი არ გამხდარა კრიმინალურ დაჯგუფებათა მსხვერპლი - ზოგიერთი მათგანი შეუერთდა ნათესავებსა და ახლობლებს, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ისინი ზუსტად სად და ვისთან იმყოფებიან“- განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

საყურადღებოა, რომ ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში, იტალიის მიგრაციის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებდნენ ლტოლვილ ბავშვთა გაუჩინარებაზე. მათი ცნობით, 5 ათასამდე ბავშვი მიგრანტთა მიმღები ცენტრებიდან დაიკარგა, ხოლო ოქტომბერში შვედეთში გავრცელდა ინფორმაცია ათასამდე ბავშვის დაკარგვის შესახებ, ისინი ქვეყანაში უფროსების თანხლების გარეშე იმყოფებოდნენ.

ბრაიან დონალდი თავის განცხადებაში უშვებს იმ ფაქტსაც, რომ შესაძლოა ბავშვების უმეტესი ნაწილი საბერძნეთში დაიკარგა, რადგან 2015 წელს სწორედ საბერძნეთის საზღვრების გადმოკვეთას ცდილობდა მილიონობით მიგრანტი. ისინი ამ გზით შევიდნენ ევროპის სხვა ქვეყნებში, ხოლო საბერძნეთის მთავრობას კრიტიკის ცეცხლში ატარებდნენ, რადგან ისინი მიგრნტთა სარეგისტრაციო პროცედურებსაც კი ვერ უზრუნველყოფდნენ.

კრიმინალური დაჯგუფებები კი, რომლებიც დაკავებულნი არიან ადამიანთა ვაჭრობით, მიზანში უკვე მიგრანტებს იღებენ. ამის კარგი ამსახველია სტატისტიკა, რომელიც გერმანიაში გამოქვეყნდა. ციხეები გაივსო კრიმინალებით, რომლთა ბრალეულობაც სამიგრაციო კრიზისს და მიგრანტებს ეხება.

არსებობს სერიოზული საფრთხეები იმისა, რომ ბავშვები მონური შრომისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი არიან. ევროპის პოლიციის სამსახურმა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის ფაქტები დაადასტურა.

საერთაშრისო მიგრაციის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლეონარდ დოილმა გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი გამოყოფს რესურსებს, რათა იპოვონ გაუჩინარებული ბავშვები.

"ბი-ბი-ბი" -ს კორესპოდენტმა ევროპაში ჩაატარა საკუთარი გამოძიება. ის ესაუბრა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრ ფაბიო სორგონის. იტალიელი ქველმოქმედის თქმით, ქვეყანას არ ჰქონდა იმის დრო, რომ მიგრანტთა თავშესაფრებით უზრუნველყოფა მოეხდინა.

"მხოლოდ რამდენიმე თავშესაფარია, რომელთაც ჰყავთ საკმარისი რაოდენობით თარჯიმნები. ბევრმა არ იცის ბავშვების ენა, მიგრანტებს უფლება აქვთ ცენტრი მხოლოდ დღის განმავლობაში დატოვონ, კარებს მიღმა კი, ბავშვები ცუდ გარემოში ადვილად ხვდებიან, მათ იქ ექსპლუატაციას უწევენ.

ცენტრებში არ ჰყავთ ისეთი პერსონალი, ვინც შეძლებს დაეხმაროს სექსუალური თუ, სხვაგვარი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და მოზარდებს, ამიტომ მათ უჩნდებათ დაუცველობის გრძნობა, გარბიან საერთო საცხოვრებლებიდან და იტალიის ქუჩებში იკარგებიან.

არავინ გამოჩნდა, ვინც იქნება პასუხისმგებელი ამ ბავშვთა მოვლა-პატრონობაზე, ამიტომ ისინი რჩებიან ბედთან მარტონი, მიტოვებულები. მათი მთავარი მიზანი - თავის გადარჩენაა" - ნათქვამია ჟურნალისტის გამოძიებაში.

ევროპოლის განცხადება ბავშვთა გაუჩინარების შესახებ გამოქვეყნდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ისინი ქვეყანაში მიიღებენ მიგრანტ ბავშვებს სირიიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან, თუმცა არა იმათ, ვინც უკვე დარეგისტრირებულია ევროპის სხვა ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ეგეოსის ზღვაში მორიგი გემი ჩაიძირა, შედეგად გარდაიცვალა 39 მიგრანტი, მათ შორის იყვნენ ბავშებიც, ისინი თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას ცდილობდნენ.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, ხმელთაშუა ზღვაში 55 568 მიგრანტთაგან 224 ადამიანი დაიღუპა.

წყარო

მოამზადა ეკა გადახაბაძემ