"ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ვიცით რა უნდათ გამტაცებლებს" - კვირის პალიტრა

"ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ვიცით რა უნდათ გამტაცებლებს"

ნავთობტანკერ "ლეონ დიასს" თავს დაესხნენ და გაიტაცეს ეკიპაჟის წევრები, რომელთა შორის ერთი ქართველია

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ნიგერიელი მებრძოლები ნავთობტანკერ "ლეონ დიასს" თავს დაესხნენ და გაიტაცეს ეკიპაჟის წევრები, რომელთა შორის ერთი ქართველია. "ლეონ დიასი" ბერძნულ კომპანია "ლეონ შიფინგ ენდ თრეიდინგს" ეკუთვნის. გატაცებული მეზღვაურის ოჯახისა და დამსაქმებელი კომპანიის (რომელიც ჩართულია მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში) თხოვნით, ქართველი მეზღვაურის ვინაობას არ ვამხელთ, თუმცა, იმის შესახებ, რა ბედი ეწია ქართველ მეზღვაურს და რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო მის დასახმარებლად, "კვირის პალიტრას" საზღვაო სააგენტოს ხელმძღვანელი, მამუკა ახალაძე ესაუბრა.

- შემთხვევა ნიგერიის სანაპიროდან 193 კილომეტრის მოშორებით მოხდა. თავდამსხმელებმა ხუთი მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ერთი ქართველია (გატაცებულთა შორის არიან რუსი და ფილიპინელი მეზღვაურებიც). ქართველი მეზღვაური გემზე ზეინკალი იყო. გემი ბენინის რესპუბლიკის სამხედრო ძალებმა გაათავისუფლა და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა, თუმცა, მეზღვაურები გატაცებულები არიან და მათ შესახებ არავითარი ინფორმაცია არა გვაქვს.

- გემის გათავისუფლების დროს მეზღვაურებს რატომ ვერ უშველეს?

- როდესაც ბენინის რესპუბლიკის სამხედრო ძალები გემის დასახსნელად მივიდნენ, თავდამსხმელებს მეზღვაურები უკვე გატაცებული ჰყავდათ.

- თუ არის ცნობილი, ვინ არიან თავდამსხმელები?

- სამწუხაროდ, არც ეს ვიცით. უცხოური მედიასაშუალებებით სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. ითქვა, რომ თავდამსხმელები ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილი თვითაღიარებული სახელმწიფოს, ბიფარას აჯანყებულები იყვნენ. ამ ვერსიით, მებრძოლები ნავთობტანკერს გასულ კვირას დასხმიან თავს, ხომალდისა და ეკიპაჟის წევრებს, თურმე, აფეთქებით ემუქრებოდნენ, მერე კი ხომალდი დატოვეს და მძევლები თან წაიყვანეს. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ასევე, ამბობენ, რომ მეზღვაურები ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. ზოგი მედიასაშუალება წერს, რომ მეზღვაურები ტერორისტების ტყვეობაში არიან. ჯერჯერობით არც ერთი ეს ინფორმაცია არ დასტურდება. ყველა ელის, როდის მოინდომებენ გამტაცებლები ვინმესთან დაკავშირებას და გაირკვევა, ვინ არიან და რა უნდათ.

- საქართველომ საკუთარი მოქალაქის დასაცავად რა ღონისძიებებს მიმართა?

- ინფორმაციის მიღებისთანავე დავიწყეთ დაკავშირება როგორც გემის მფლობელთან, ასევე დამსაქმებელ ბერძნულ კომპანიასთან. ნიგერიის საზღვაო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს; საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი თავისი დიპლომატიური არხებით აქტიურად არის ჩართული ქართველი მეზღვაურის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში. ვესაუბრებით მეზღვაურის ოჯახსაც. მე ეკონომიკის სამინისტროსგან დავალებული მაქვს, საკონსულო დეპარტამენტთან კოორდინირებულად ვითანამშრომლო და მეზღვაურის ოჯახის დასახმარებლად ყველაფერი გავაკეთო. ყველაზე ცუდი ის არის, რომ არ ვიცით, რა უნდათ გამტაცებლებს.

ნიგერია დიდი ქვეყანაა, იქ არის პოლიტიკური და სეპარატისტული ჯგუფები, რომლებიც ცენტრალურ ხელისუფლებას ებრძვიან. ჩვენი ინფორმაციით, ნიგერიის სამთავრობო სტრუქტურები ჩართული არიან ინფორმაციის მოძიების პროცესში, თუმცა, როგორც ჩანს, მათთვის ერთ ან ორ დღეში რამის გარკვევა შეუძლებელია. ამ შემთხვევაში დამაიმედებელი მხოლოდ ის არის, რომ მან დაიქირავა საერთაშორისო კრიზისების მართვის ინგლისური ჯგუფი, რომელიც პრობლემის მოგვარების პროცესში ჩაერთო. სხვათა შორის, იმ ზონაში, სადაც გემი მოძრაობდა, ტერორისტული თუ მეკობრული თავდასხმების საფრთხე დიდია. ეს არის დასავლეთ აფრიკის საზღვაო ზონა, ნიგერიის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დროშით ათასობით გემი დაცურავს.

- როგორც ვიცი, სახიფათო ზონაში გემს შეიარაღებული დაცვა მიაცილებს...

- ამ შემთხვევაში გემი ხმელეთიდან დიდი მანძილით იყო დაშორებული და მისი შეიარაღებული დაცვით გაცილება სავალდებულო არ იყო. ზონა, სადაც გემის შეიარაღებული ძალებით გაცილება სავალდებულოა, სომალისთან არის ახლოს...

- ალბათ, ბევრს აინტერესებს, რატომ არ ამხელთ გატაცებული ქართველი მეზღვაურის ვინაობას...

- ეს როგორც მეზღვაურის დამსაქმებელი კომპანიის, ასევე მისი ოჯახის თხოვნაა. მივმართავ მედიასაშუალებებს, არ გაამხილონ გატაცებული მეზღვაურის ვინაობა. ამან, შესაძლოა, გატაცებულის მდგომარეობა დაამძიმოს, მით უფრო, რომ არ ვიცით, მისი გამტაცებელი ტერორისტია, მეკობრე თუ სხვა ვინმე...

თუ ის თანხის გამოძალვის მიზნით არის გატაცებული და გამჟღავნდა, რომ მის ძებნაში სახელმწიფოა ჩართული, ამან შესაძლოა, გამოსასყიდი თანხის ოდენობა გააათმაგოს. თუ მეზღვაური ტერორისტებს ჰყავთ გატაცებული, რაც მეტად გახმაურდება ინფორმაცია, მით უფრო შეეცდებიან მის საქვეყნოდ დასჯას, ასე რომ, გატაცებულის ვინაობის გამხელა არავითარ შემთხვევაში ხელს არ გვაძლევს.