"ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება!" - კვირის პალიტრა

"ეს მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება!"

შესაძლოა, რეიდიც ჩატარდეს, მაგრამ სპეცსამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ჰუმანიტარულ ფონდებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ და გაარკვიონ, ხომ არ შეიცავს მათი საქმიანობა ექსტრემიზმის ნიშნებს...

პროცესები ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. ისმის განცხადებები მესამე მსოფლიო ომის საშიშროებაზე. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ რადიოსადგურ "ინტერთან" რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების საფრთხეზე ილაპარაკა. საერთაშორისო თანამეგობრობა სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისა და დაბომბვების შეჩერების აუცილებლობაზე ლაპარაკობს, თუმცა, ჯერჯერობით, ყველა მიღწეული შეთანხმება ქაღალდზე რჩება. პარალელურად თურქეთი სულ უფრო ხშირად ხდება ტერორისტთა სამიზნე. გასულ კვირას ანკარაში მომხდარ აფეთქებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ორგანიზაცია "ქურთისტანის გათავისუფლების ქორებმა" აიღო, 28 კაცი შეეწირა, 61 კი დაიჭრა.…

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი ტერორიზმის საკითხებში: - ოლანდის განცხადება საყურადღებოა, თუმცა პირადად მე ფართომასშტაბიან დაპირისპირებას თურქეთსა და რუსეთს შორის გამოვრიცხავ. ვეჭვობ, რუსეთმა თურქეთის ტერიტორიას დაარტყას ან ოფიციალურმა ანკარამ თუნდაც სირიაში რუსეთის ბაზების დაბომბვა გაბედოს. მსგავსი რამ თუ მოხდა, გამოვა, რომ რუსეთი ნატოს წევრ ქვეყანას იარაღით დაუპირისპირდება, ეს კი მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გახდება. თუმცა არ გამოვრიცხავ მცირემასშტაბიან შეტაკებებს სირიის ტერიტორიაზე თუნდაც თურქულ და რუსულ ავიაციას შორის. ფაქტია, ეს ორივე ქვეყანა ჩართულია სირიის ომში, სადაც ინტერესთა ისეთი შეჯახებაა, გარკვევაც კი ჭირს, ვინ ვის უპირისპირდება. მაგალითად, სირიაში მოქმედი "ქურთთა დემოკრატიული კავშირი" აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც ნატოს წევრი და აშშ-ის პარტნიორი თურქეთი ბომბავს, რამაც გვარიანად შეაშფოთა თეთრი სახლი და ანკარას თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

დღეს ლაპარაკია იმაზეც, რომ სირიაში სახმელეთო ოპერაციაში შესაძლოა საუდის არაბეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ჩაერთოს, მაგრამ ახლო მომავალში პროცესების ამგვარ განვითარებას ნაკლებად ველი. თუმცა, ვითარება ისეთია, რაიმეს გამორიცხვა შეუძლებელია. მას შემდეგ, რაც თურქეთმა სამხედრო დარტყმები მიაყენა სირიელ ქურთებს, მოსალოდნელია, ამჟამად აშშ-ის პარტნიორები სირიელი ქურთები რუსეთის მოკავშირეები გახდნენ. რუსეთის ავიადარტყმებმა შედეგი მოიტანა, ასადის ხელისუფლებას არა აქვს საკმარისი სამხედრო ძალა, რომ ის ტერიტორიები, რომელთაც ბომბავს რუსეთი, დაიცვას. შესაძლოა ამისთვის სირიელი ქურთების საბრძოლო დანაყოფები გამოიყენონ. ასადი მათთან კოალიციის შექმნას ცდილობს, რათა ერთგვარი ბუფერული ზონა შეიქმნას სირიასა და თურქეთს შორის სწორედ ქურთების ხარჯზე. ამ შემთხვევაში თურქეთი ჩავარდება რთულ მდგომარეობაში.

- შესაძლოა, რომ ამ პროცესებში რუსეთი სახმელეთო ოპერაციითაც ჩაებას?

- ძნელი სათქმელია, თუმცა ასადის წარმომადგენლები აღარ მალავენ, რომ ალეპოსთან და ლატაკიის ირგვლივ სახმელეთო ოპერაციებს რუსეთის გენერალური შტაბის მაღალი რანგის მრჩევლები ხელმძღვანელობენ. გამომდინარე აქედან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახმელეთო ოპერაციაში რუსეთი ფაქტობრივად, უკვე მონაწილეობს.

- ბოლო ხანს თურქეთი არაერთხელ იქცა ტერორისტთა სამიზნედ. ტერორისტული აქტების უკან ქურთთა მოძრაობას მოიაზრებენ, ანკარაში მომხდარ აფეთქებაზეც პასუხისმგებლობა ქურთულმა ორგანიზაციამ აიღო.

- დღეს თურქეთში ტერორისტული აქტების მოწყობა ყველაზე ნაკლებად უნდა აწყობდეთ ქურთებს, რადგან მათი პრობლემის გადაწყვეტაში დღეს ლამის მსოფლიოა ჩართული. შესაბამისად, ცოტა გამიკვირდა ბოლო ტერაქტზე ქურთული ორგანიზაციის მიერ პასუხისმგებლობის აღება. ერთიც ცხადია, თურქეთში გააქტიურდნენ ნაციონალისტურ-რადიკალური ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ ქურთთა მოძრაობის დისკრედიტაციას, დაძაბულობის ესკალაციასა და პოლარიზაციას.

- ჯერ კიდევ შემოდგომაზე ვარაუდობდნენ, რომ ისლამისტ ექსტრემისტთა გააქტიურება კავკასიაში შესაძლოა გაზაფხულზე დაწყებულიყო. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რეგიონებში დაწყებულმა საპოლიციო რეიდებმა ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლება საფრთხის პრევენციას ცდილობს.

- გავიხსენოთ ბულგარეთში არსებული ვითარება. ამ ქვეყანაშიც პროცენტულად დაახლოებით იმდენი მუსლიმანი ცხოვრობს, რამდენიც ჩვენთან. იქაც იყო გააქტიურებული ისლამისტთა საინფორმაციო-პროპაგანდისტული მუშაობა და ხელისუფლებამ საპოლიციო რეიდები კი არ მოაწყო, დაარტყა იმ ჯგუფებს, რომლებიც ქვეყანაში მუშაობდნენ და გარკვეული სახელმწიფოების ჰუმანიტარულ ფონდებს წარმოადგენდნენ. შესაძლოა, რეიდიც ჩატარდეს, მაგრამ სპეცსამსახურებმა პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ჯგუფებსა და ჰუმანიტარულ ფონდებს, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ და გაარკვიონ, ხომ არ შეიცავს მათი საქმიანობა ექსტრემიზმის ნიშნებს. ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობდეს... მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირანსა და ჩინეთთან ურთიერთობის გააქტიურებაც. ირანის ინტერესებშია საქართველოს ტერიტორიის დერეფნად გამოყენება როგორც დასავლეთთან, ისე რუსეთთან. აშკარაა, რომ სერიოზულ ინვესტიციებს გეგმავს ჩვენს ქვეყანაში ჩინეთი. ჩემი ინფორმაციით, ყაზახები ბათუმის პორტიდან წასვლას აპირებენ და არ გამოვრიცხავ, რომ მისით სწორედ ირანული და ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ. მოკლედ, ჩვენ არა მხოლოდ ლაზიერთა შეტევაზე უნდა ვიფიქროთ, არამედ პაიკებსაც უნდა მივადევნოთ თვალყური, თუ გვსურს საჭადრაკო დაფაზე მიმდინარე პარტია მოვიგოთ.

ნათია დოლიძე