"აქ უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქურთებს ჭკუა უნდა ასწავლონ" - რა ხდება სტამბოლში მორიგი ტერაქტის შემდეგ? - კვირის პალიტრა

"აქ უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქურთებს ჭკუა უნდა ასწავლონ" - რა ხდება სტამბოლში მორიგი ტერაქტის შემდეგ?

"სტამბულში მომხდარი აფეთქების დღეს, სოციალური ქსელები დაბლოკეს, საშინელი კადრები რომ არ გავრცელებულიყო"

"უცხოელები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აქ ჩამოსვლის ეშინიათ..."

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 50 -მდე, მათგან შვიდის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის სამი ისრაელის მოქალაქეა, სხვა დაშავებულებისა და დაღუპულების ვინაობა და ეროვნება ჯერჯერობით უცნობია... აფეთქება, 19 მარტს, დილით ტურისტებით ხალხმრავალ ადგილას, ისტიკლალის ქუჩაზე მოხდა. თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არავის არ აუღია...

ეს თურქეთში ბოლო კვირის განმავლობაში მეორე ტერაქტია, 13 მარტს ანკარაში მომხდარ აფეთქებას 37 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებული ტერაქტების სერიამ სიმშვიდე დაურღვია დგილობრივ მოსახლეობას. ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ, რადგან მუდმივი საფრთხის ქვეშ მშვიდი ცხოვრების საშუალება აღარ აქვთ...

იემენ ბოზგუთი, სტამბოლის მცხოვრები:

- რამე უნდა იღონოს ჩვენმა ხელისუფლებამ, სად არიან უშიშროების სამსახურები, რომელთაც სახელმწოფო მილიარდობით თანხას ახარჯავს. რატომ არ ხდება დროული აღკვეთა, გამოძიება, პრევენცია, ასე როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ტერორისტების თარეში რას გვაჩვევს ხელისუფლება? აქ უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ ქურთებს ჭკუა უნდა ასწვალონ, ჩვენ, უბრალო ადამიანებს, არავისთან ომი არ გვინდა, მშვიდობა და თავისუფალი ცხოვრება გვსურს. თუ ამას თურქეთის ხელმძღვანელობა ვერ უზრუნველყოფს, მაშინ უნდა წავიდეს...

ასეთივე სიტუაცია იყო რამდენიმე წლის წინ დიარბაქირში, იქაურობა დანგრეული იყო, მუდმივად ხდებოდა აფეთქებები.

მაშინ ძალიან ბევრი ჯარისკაცი დაიხოცა იქ. შემდეგ რაღაცნიარად დამშვიდდა ვითარება. ან შეიძლება ახლაც ხდება ტერაქტები, მაგრამ არ შუქდება. სტამბულის აფეთქების დღეს, სოციალური ქსელები დაბლოკეს, საშინელი კადრები რომ არ გავრცელებულიყო, მაგრამ მაინც ყველამ ვნახეთ ის დაფლეთილი ადამიანები ქუჩაში რომ ეყარნენ... სამი შვილი მყავს, მე და ჩემი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებდით, ძალიან ბევრს ვშრომობდით, რათა ისინი კარგ სკოლაში გვეტარებინა და კარგი განათლება მიგვეცა, მაგრამ ახლა მხოლოდ იმისთვის ვლოცულობთ, რომ სახლში ცოცხლები და ჯანმრთელები დაგვიბრუნდნენ. სკოლის უსაფრთხოების სამსახურს ვკითხე, რამდენად დაცულები ვართ საფრთხისგან-მეთქი, - ამაზე პასუხი არ მაქვს, თუ ღელავთ, შეგიძლიათ შვილები სხვა სკოლაში გადაიყვანოთო, ეს გამოსავალია?!

აქ ძალიან ბევრი ქურთი ახლობელი გვყავს, მეზობლები, მეგობრები, ისინიც შეშინებული არიან, ამბობენ, - ამას ვინც აკეთებს, ის ჩვენი მტერიც არისო... ზოგი ამას ხმამაღლა ამბობს, ზოგს ეშინია, ვაითუ, წინ დამხვდესო... სტამბოლში ძალიან ბევრი ქურთი ცხოვრობს, ისინიც ისეტივე დაუცველები არიან, როგორც ჩვენ, ამიტომ მათზე ანგარიშწორების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ.

ასიდა იესგოენი, სტამბოლში მცხოვრები თურქი:

- ყველაზე ხალხმრავალ ადგილებს არჩევენ, რომ დაგვაფრთხონ. ეს პირველი შეთმხვევა არ არის. დედაჩემი შეესწრო ამ საზარელ ფაქტს, მარკეტიდან ბრუნდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე რომ გამოსულიყო, შეიძლება დღეს ცოცხალი აღარც ყოფილიყო, -  ნაფლეთები და სისხლის შხეფები მაღაზიის შუშებზე და ასფალტზე იყოო... არ ვიცით, რა იქნება ხვალ. რომელ ქალაქს, ქუჩას ან შენობას აირჩევენ თვიმკვლელი ტერორისტები და როგორ ვიცხოვროთ მშვიდად.

ეს ყველას ემუქრება, მთელ მსოფლიოს და ყველამ ერთად იფიქროს გამოსავალზე... ქვეყანა ომის პირას არის. გათენების გვეშინია.  აპრილში "ექსპო 2016" იწყება, დიდი იმედით ველოდებოდით, რადგან იმედი გვქონდა, რომ ის სასტუმროებიც შეივსებოდა, რომლებიც ამ დაძაბული ფონის გამო ვერ მუშაობდა და დაიკეტა. ახლა კი, ჩემი ნაცნობი უცხოელებისგან მესმის, რომ მათი ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები იხურება, რადგან უსაფრთხოების გარანტია არ აქვთ. სტამბოლის გავლით სადმე ფრენისაც კი ეშინიათ, ან თუ იძულებული გახდნენ აქ ჩამოვიდნენ, აეროპორტის შენობიდან არ გამოდიან, - პირდაპირ გვეუბნებიან, რომ აქ ჩამოსვლის ეშინიათ. ყოველდღიურად იცვლება აქაურობა, საფრთხე, სულ უფრო აქტუალური ხდება და პასუხის გამცემი არავინ არის. მალე ალბათ ტურიზმიც მოკვდება ამ ქვეყანაში, რა გვეშველება, არ ვიცი...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)