რაიონი NO GO - უკონტროლო დასახლება ბრიუსელში - კვირის პალიტრა

რაიონი NO GO - უკონტროლო დასახლება ბრიუსელში

"ქვეყანამ, რომელმაც ბოლო წელს ანტიტერორისტულ ღონისძიებებში 200 მილიონზე მეტი დახარჯა, თავდასხმის პრევენცია ვერ შეძლო"

ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელში ტერორისტულ აფეთქებას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. 22 მარტს, ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე, აეროპორტ "ზავენტემში", ბრიუსელისა და "ამერიქან ეარლაინის" სარეგისტრაციო პუნქტებთან, ორი ძლიერი აფეთქება მოხდა. თვითმხილველთა თქმით, სანამ თვითმკვლელი ტერორისტი ბომბს აამოქმედებდა, დარბაზში სროლის ხმა და ფრანგულ და არაბულ ენებზე შეძახილები გაისმა.

როგორც გაირკვა, "ზავენტემის" აეროპორტში აფეთქება ტრაგედიის მხოლოდ დასაწყისი იყო - დაახლოებით 09:00-საათზე "მალბეკისა" და "შუმანის" მეტროსადგურებზე, სადაც ევროკავშირის შენობებია, ძლიერი აფეთქების ხმა ისევ გაისმა... ბელგიის დედაქალაქში თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა შეჩერდა, გაუქმდა ყველა ავიარეისი, დაიხურა სკოლები, სამთავრობო დაწესებულებები და ევროკავშირის შტაბბინაც კი. მთავრობამ საზღვრების დაკეტვა გადაწყვიტა, საფრანგეთი-ბელგიის საზღვართან დამატებით 1600 სამხედრო განათავსეს.

უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს ევროპის სხვა სახელმწიფოებმაც. კონტროლის რეჟიმი გამკაცრდა გერმანიის, ესპანეთის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთისა და ფინეთის აეროპორტებში.

ბრიუსელში ტერაქტამდე ოთხი დღით ადრე ბელგიის დედაქალაქში პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დააკავეს. როგორც ბელგიის შს მინისტრი იან იამბონი განმარტავს, უწყებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სალაჰ აბდესლამის დაკავების საპასუხოდ ბრიუსელში ტერაქტების მოწყობის საშიშროება არსებობდა.

ტერაქტიდან ცოტა ხანში სამართალდამცავებმა თვითმკვლელი ტერორისტები ამოიცნეს. 24 წლის ნაჯიმ ლააქრაუი ბრიუსელის ერთ-ერთი კათოლიკური სკოლის წარჩინებული მოსწავლე ყოფილა, სანამ 2013 წელს სირიაში ჩავიდოდა. მან ბრიუსელის აეროპორტში აიფეთქა თავი. დადგინდა ორი თვითმკვლელი ტერორისტის, ძმები იბრაჰიმ და ჰალიდ ელ-ბაკრაუიების ვინაობაც, მათგან ერთმა აეროპორტში, მეორემ კი მეტროში აიფეთქა თავი...

25 მარტს პოლიციამ ბრიუსელში სამი კაცი დააპატიმრა, რომლებიც, სამართალდამცავების განცხადებით, პარიზში თავდასხმას გეგმავდნენ.

ბრიუსელში ტერაქტების სერიას მსოფლიო მედია ეხმაურება:

დიდი ბრიტანეთი - The Guardian

რატომ აღმოჩნდა ტერორისტების სამიზნე ბელგია?

"ერთი შეხედვით, ბელგია სულაც არ ჰგავს სახელმწიფოს, რომელიც ტერორისტების ძალადობის ცენტრად უნდა ქცეულიყო, მაგრამ რადიკალებს ბევრი მიზეზი "დაუგროვდათ" ამ პატარა ქვეყანაზე თავდასხმისთვის. პრობლემა ღრმა ისტორიულ ფესვებში უნდა ვეძებოთ. როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოებმა, ბელგიამაც 1980-1990-იან წლებში ტერორისტული თავდასხმების რამდენიმე სერია გადაიტანა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომთან იყო დაკავშირებული. 1990 წელს ალჟირში მიმდინარე სამოქალაქო ომი ბელგიაზეც აისახა, მით უმეტეს, რომ ამავე პერიოდში საფრანგეთიდან განდევნილი მუსლიმანი მქადაგებლები სწორედ ბრიუსელში აღმოჩნდნენ. როდესაც მოსახლეობამ ამის გამო უკმაყოფილება გამოთქვა, ხელისუფლებამ მუსლიმანი მქადაგებლები მარგინალებად გამოაცხადა. მათივე განმარტებით, ვინმე იოჰან ლემანი ანტირასისტულ მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. ლემანი დღემდე ბრიუსელის რაიონ მოლენბეკში მუშაობს, სადაც პარიზის ტერაქტში მონაწილე პირები, მათ შორის, სალაჰ აბდესლამი ცხოვრობდნენ.

თავდაპირველად, ევროპელი სამართალდამცავები 90-იან წლებში დაწყებული პროცესისგან მომდინარე საფრთხეს ვერ აღიქვამდნენ. გავიდა წლები... ტერორისტები მადრიდსა და პარიზში გამოჩნდნენ, ბრიუსელი კი, მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსს ინარჩუნებდა, არადა, მედიასაშუალებებში ხშირად ჩნდებოდა ინფორმაცია, რომ ამ პატარა ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფები სულ უფრო ძლიერდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ერაყში ბრიუსელიდან მცირე სამხედრო კონტინგენტი გაიგზავნა, რადიკალური ძალებისთვის ბელგიაზე გასალაშქრებლად ეს საკმარისი იყო. ამ შემთხვევაში ბელგია ბევრად მძიმე რეალობის წინაშე დადგა - ერაყში გაგზავნილი მისი სამხედროების დიდი ნაწილი მოწინააღმდეგეთა რიგებში აღმოჩნდა. მეტიც, 2005 წელს ბელგიის მშვიდობიანი ძალების ერთ-ერთმა მოსამსახურე ქალმა თავი აიფეთქა. ის პირველი თვითმკვლელი ევროპელი გახლდათ. 2008 წელს ტერორისტების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა, რომლებიც ახალგაზრდა ბელგიელ მუსლიმანებს სასწავლებლად""ალ-ქაიდას" ბანაკებში გზავნიდნენ. ახალგაზრდულ ბანაკებში მოსწავლეებს სწორედ ევროპაზე თავდასხმისთვის ამზადებდნენ. ეს ინფორმაცია თავად ბელგიის პროკურატურამ გაავრცელა.

თანდათან ბელგიის ქალაქებში რადიკალური ჯგუფები გამოჩნდნენ. პროცესების კატალიზატორი სირიაში ომის დაწყება აღმოჩნდა. სირიაში ბელგიამ 460-ზე მეტი მუსლიმანი მოქალაქე გაგზავნა, რომელთა დიდი ნაწილი ისევ მოწინააღმდეგეთა ბანაკში, კერძოდ კი,""ისლამური სახელმწიფოს" შემადგენლობაში გადავიდა. მათი უმრავლესობა ბელგიაში, მოლენბეკის რაიონში ცხოვრობდა. ამ რაიონში დღეს 90 ათასი კაცი ცხოვრობს, რომელთა 80% მუსლიმანია. მოლენბეკი წლების განმავლობაში ერთგვარ დახურულ რაიონადაც კი ჩამოყალიბდა. ლემანის განცხადებით, რაიონში გადამბირებლები გამოჩნდნენ, ისინი განსაკუთრებით სირიაში ახალგაწვეულ მუსლიმან სამხედროებზე მუშაობდნენ, რაშიც სამხედროების ნათესავები და მეგობრები ეხმარებოდნენ. აღსანიშნავია, რომ სირიაში აღმოჩნდა რაიონში არსებული მეჩეთის ორი სულიერი მოძღვარიც, თუმცა არავინ იფიქროს, რომ მეჩეთი მთავარი პრობლემაა - "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გადასული ერთ-ერთი ბელგიელის დედა იხსენებს, რომ მისი შვილი მეჩეთში არც კი დადიოდა.

გასულ წელს ბელგიელმა სამართალდამცავებმა მოლენბეკის რაიონში სირიიდან დაბრუნებული ბოევიკების წმენდის სპეცოპერაციაც ჩაატარეს, თუმცა ქსელის ერთ-ერთი ლიდერი, სალაჰ აბდესლამი, სპეცოპერაციის დაწყებამდე ქალაქიდან გაიქცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პარიზზე ტერორისტული თავდასხმა სწორედ მისი ორგანიზებული იყო (აბდესლამი ერთადერთი იყო, ვინც პარიზის ტერაქტის ორგანიზატორ ტერორისტებს შორის გადარჩა). ბელგიაში დაბრუნებული აბდესლამი სამართალდამცავებმა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ძალოვანების განცხადებით, აბდესლამის მხარდამჭერებისგან საფრთხეს ელოდებოდნენ, მეტიც, არსებობს ჩვენება, სადაც ტერორისტი ბრიუსელს თავდასხმების სერიით ემუქრება, თუმცა ქვეყანამ, რომელმაც ბოლო წელს ანტიტერორისტულ ღონისძიებებში 200 მილიონზე მეტი დახარჯა, თავდასხმის პრევენცია ვერ შეძლო".

ნორვეგია - Afenpolten

ტერორი უნდა დამთავრდეს

"2001 წლის გაზაფხულზე ბრიუსელში ნორვეგიის კორესპონდენტად გამგზავნეს. ერთ საღამოს გადავწყვიტე, ქალაქში ჰომოსექსუალების ცხოვრებას გავცნობოდი, თუმცა მკაცრად გამაფრთხილეს, დედაქალაქში სხვისი სექსუალური ორიენტაციით არავინ ინტერესდება, თუმცა მოლენბეკის რაიონში, ასევე სხარბელსა და ცენტრალური ვაგზლის ტერიტორიაზე ფრთხილად იყავი, თუ ჰომოსექსუალად ჩაგთვლიან, შესაძლოა, ფიზიკურადაც გაგისწორდნენო. მეტიც, დასახელებული უბნების ქუჩებში ორი თეთრკანიანი მამაკაცის ერთად გავლაც კი თურმე ყურადღებას იქცევს. ერთხელ პაბში, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდი, ცხვირგატეხილი ახალგაზრდა შემოვიდა. როგორც მითხრა, რამდენიმე მაროკოელი დაესხა თავს მხოლოდ იმის გამო, რომ No Go-ს ერთ ბარში ლუდი შეუკვეთა".

სეირნობისთვის საშიშია

"პოლიცია ასეთ რაიონებს არ აკონტროლებს და არც იმის შესაძლებლობა აქვს, კანონდამრღვევები დასაჯოს. ამაზე თავად მოლენბეკის მცხოვრებთა ნაწილიც დიდი ხანია ჩივის. 2001 წელს აზრადაც არ მომივიდოდა, რომ დასავლურ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობდა რაიონები, სადაც ვითარებას სამართალდამცავები ვერ აკონტროლებდნენ, მას შემდეგ კი 15 წელი გავიდა...

დღემდე ე.წ. No Go რაიონები ევროპის მაღალგანვითარებულ დედაქალაქებში, პარიზსა და ლონდონში დიდ პრობლემას წარმოადგენენ. პოლიცია ოფიციალურად არ აღიარებს, რომ მსგავს რაიონებში უძლურია, თუმცა თავად ადგილობრივები ამის შესახებ დიდი ხანია ინფორმირებულნი არიან და მაქსიმალურ სიფრთხილესაც იჩენენ. გასული წლის ნოემბერში დიდი ბრიტანეთის გაზეთმა, Independent-მა ინტერვიუ ჩაწერა ბრის დე რიუივერთან, რომელიც რვა წლის განმავლობაში ბელგიის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახლდათ უსაფრთხოების საკითხებში. მისი თქმით, ბრიუსელში საშიში რაიონები არ არსებობს, თუმცა გამონაკლისს მხოლოდ მოლენბეკი წარმოადგენს. დე რიუივერი კონკრეტულ მიზეზსაც განმარტავდა: აქ მცხოვრებ ახალგაზრდებს ცუდი განათლება აქვთ, რაც მათ წვრილმანი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. ხშირად აქვთ კონფლიქტი პოლიციასთანაც და რაც მთავარია, ადვილად ექცევიან რადიკალური დაჯგუფებების გავლენის ქვეშ. სამწუხაროდ, ბრის დე რიუივერს არ განუმარტავს, რატომ არ იზრუნა ბელგიის ხელისუფლებამ რაიონის ცივილიზაციასთან მეტი ინტეგრაციისთვის. დროა, ბელგიის სამართალდამცავებმა გაიაზრონ, რომ თუ მოლენბეკზე კონტროლი არ დაწესდება, მთლიანად ბელგიის სახელმწიფოში არ იქნება წესრიგი".

"შავი ნივთი დავინახე და საეჭვოდ მომეჩვენა..."

22 მარტს, ბრიუსელის აეროპორტში ქართველი ჟურნალისტი ქეთი ქარდავაც იმყოფებოდა. მან შემთხვევის ადგილიდან მსოფლიოს მასშტაბით პირველი ფოტოები გაავრცელა.

- "ზავენტემი" ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ აეროპორტად ითვლება. აეროპორტში შესვლისთანავე გაძლიერებული დაცვა შევამჩნიე, როგორც მითხრეს, კონტროლის უმკაცრესი ზომები აეროპორტში პარიზის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მიიღეს. ტერიტორიაზე შეიარაღებული ჯარისკაცები და სამხედრო ქვედანაყოფები იდგნენ. მეტიც, როგორც გაირკვა, იმ დღეს დაცვის სამსახურის თანამშრომლების რაოდენობა გააორმაგეს კიდეც. დილის რვა საათზე ბრიუსელის ავიახაზების ბილეთების ოფისთან ვიყავი, როდესაც ხელმარცხნივ შავი ნივთი დავინახე. მაშინვე საეჭვოდ მეჩვენა, მაგრამ ვიფიქრე, ვაჭარბებ-მეთქი, რადგან საშიში რომ ყოფილიყო, სამართალდამცავები აუცილებლად შეამჩნევდნენ. დაახლოებით ორ წუთში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. აეროპორტის სახურავიდან მინები ცვიოდა, ირგვლივ კვამლი იყო, ვერაფერს ვარჩევდი. დაღუპულები არ მინახავს, ისინი აეროპორტის მეორე ნაწილში იყვნენ, მაგრამ ჩემ ირგვლივ დაჭრილები დავინახე. როგორც კი მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი, ჟურნალისტურმა ინსტინქტმა მძლია და ფოტოების გადაღება დავიწყე.

- რა ვითარებაა დღეს ბრიუსელში?

- ბრიუსელის მოსახლეობა ქუჩაში გამოსვლას ერიდება. არადა, ეს ის ქვეყანაა, სადაც ევროპის 28 ლიდერი თითქმის ყოველდღიურად არის, აქ არის ევროკავშირის საბჭოს შენობაც და უამრავი საელჩო. ზოგ სახელმწიფოს ბრიუსელში სამი ელჩიც კი ჰყავს მოვლინებული. ამიტომ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ერთ დღეს ამდენად დაცულ და წარმომადგენლობით ქალაქში სამი მასშტაბური ტერაქტი მოხდებოდა. მიუხედავად უდიდესი ტრაგედიისა, ბელგიელები სიმშვიდეს ინარჩუნებენ და ერთიანები არიან - ჩვენ ერთად აუცილებლად დავამარცხებთ ტერორიზმს.

"ეს ნატოზე თავდასხმაა"

ვახტანგ მაისაია, პოლიტოლოგი:

- ეს არის თავდასხმა არა მარტო ბელგიაზე, არამედ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირზე, რადგან ეს ტერაქტები მათი შტაბბინების სიახლოვეს მოხდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც, ალბათ, თვეების განმავლობაში მზადდებოდა და მასში რამდენიმე ჯგუფი იყო ჩართული. ამ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა IშIშ-მა აიღო. არ არის უჩვეულო, რომ ეს გაკეთებულია მაღალი დონის სპეცსამსახურების მიერ "ისლამური სახალიფოს" ფორმატში, რამეთუ "ისლამურ სახალიფოში" მოქმედებს უშიშროების საბჭო, რომელიც თავის თავზე იღებს დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ფუნქციებს. საბჭო ასევე არის "ისლამური სახალიფოს" პოლიტიკური ხელმძღვანელი. მისი ფუნქციაა ტერიტორიული დანაყოფების მართვა, რომელთა ძირითადი დანიშნულება პოლიტიკური პოლიციის ამოცანების შესრულება და სტრატეგიულ ობიექტებში კონტრსადაზვერვო და ანტიდივერსიული საქმიანობაა. საინტერესო ის არის, რომ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს "ისლამური სახალიფოს" ლიდერის - ალ-ბაღდადის მოადგილე, სადამ ჰუსეინის ერაყის არმიის გენერალ-მაიორი აბუ ალი ალ-ანბარი. მას ევალებოდა ოპერატიული ამოცანების, სადაზვერვო-დივერსიული და კონტრსადაზვერვო ოპერაციების ჩატარება. ანალოგიური ფუნქციები აქვს სადამ ჰუსეინის ერაყის სამხედრო დაზვერვის ვიცე-პოლკოვნიკ აბუ-მუსლიმ ალ-თუკმანს. სწორედ მათ დაგეგმეს ეს ტერაქტები.

ერაყის ტერიტორიაზე არის შაჰიდების სპეციალური მომზადების ცენტრი, ისინი უპირველესად რელიგიურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას გადიან. ალბათ, ამ ცენტრის ეგიდით მომზადდა დაახლოებით 500-800 შაჰიდი, რომლებიც, შესაძლოა, ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე, მათ შორის, კავკასიაშიც ამოქმედდნენ. შაჰიდების პატარ-პატარა ჯგუფები 1993 წელს ჩეჩნეთის ტერიტორიაზეც მზადდებოდა. შემდგომ ბატალიონის რამდენიმე მებრძოლმა მოახერხა ჩასვლა სირიაში და ახლა ისინი ერაყის ტერიტორიაზე მომზადების ცენტრის ინსტრუქტორები არიან.

2015 წლის მონაცემებით, მათ 50-მდე კავკასიური წარმოშობის შაჰიდი ჰყავდათ. რამდენიმე მათგანი დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა არ არსებობს ზუსტი მონაცემები, რამდენია საქართველოს მოქალაქე.

ტერაქტები მსოფლიო მასშტაბით უკონტროლო გახდა, თუმცა მაინც უნდა გადაიდგას ნაბიჯები ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად. ჩვენს მუსლიმანურ რეგიონებში სპეციალური სოციალურ-ეკონომიკური პროექტები უნდა განვახორციელოთ. 2014 წელს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბმა გამოუშვა ანალიტიკური ბიულეტენები, სადაც ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ - ჯიჰადისტურ საფრთხეზე. შემუშავებული იყო წინადადებათა პაკეტი, რომელიც უნდა გაიზიარონ ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა, რათა გავაუმჯობესოთ უსაფრთხო გარემო. ჩვენთან, ძირითადად, მუშაობს ორი ოპერატიული ორგანო - უშიშროების საბჭო და კრიზისებისა და ეროვნული უშიშროების საბჭო. საინტერესოა, თითოეული მათგანი როგორ გეგმავს კონტრტერორისტულ ბრძოლას. დღეს ეს ორგანოები, სამწუხაროდ, არცთუ ტრანსპარანტულები არიან.

რუსუდან შელია

ნანა ფიცხელაური