"საყვარელიძე კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს" - საყვარელიძე "ბრუტუს"?! - კვირის პალიტრა

"საყვარელიძე კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს" - საყვარელიძე "ბრუტუს"?!

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში პროკურატურამ დეპუტატთა არაერთი კოლექტიური მიმართვა მიიღო, რომლის თანახმად, საყვარელიძის თანამდებობა და დღის განრიგი პროკურატურის შესახებ კანონს არ შეესაბამება.

უწყების ინფორმაციით, საყვარელიძის გათავისუფლება უკავშირდება მის მიერ საპროკურორო ეთიკის უხეშ დარღვევას, ასევე სხვა პროკურორის საქმიანობაში ჩარევას.

საყვარელიძის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებას ოდესის გუბერნატორი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

სააკაშვილმა "ფეისბუკში" დაწერა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს.

"როდესაც დავით საყვარელიძე ოდესის ოლქში დაინიშნა პროკურორად, ის დამეხმარა მაფიის წინაღმდეგ ბრძოლაში და წესრიგის დამყარებაში. მან დაიწყო მთელი რიგი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება, რომელიც ეხებოდა კივალოვს და პოროშენკოს ბლოკის ადგილობრივ წარმომადგენლებს.

დღეს საყვარელიძე ოდესაში მოქმედი კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით გაათავისუფლეს. პრეცედენტი, როდესაც პროკურორს ხსნიან ადგილობრივი, სეპარატიზმში შემჩნეული, ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების მოთხოვნით, ქვეყნისთვის ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტმა, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, თავისი პოზიცია ნათლად და მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს. არა იმიტომ, რომ ეს რომელიმე ჩვენგანისთვის იქნება კარგი, არამედ იმიტომ, რომ უკეთესი იქნება უკრაინისთვის და ქვეყნის მომავლისთვის", - დაწერა "ფეისბუკში" სააკაშვილმა.

დავით საყვარელიძის გათავისუფლების შესახებ დღეს გახდა ცნობილი, მოგვიანებით გაირკვა, რომ უმაღლესმა რადამ უკრაინის გენერალური პროკურორის პოსტიდან ვიქტორ შოკინის გადაყენებას დაუჭირა მხარი.

იხილეთ ასევე: საყვარელიძის გათავისუფლების კვალდაკვალ, უკრაინაში ქართველი პროკურორი მოდებაძე დააკავეს