ყარაბაღი ცეცხლშია - მორიგი შეტაკება თუ დიდი ომის დასაწყისი?! - კვირის პალიტრა

ყარაბაღი ცეცხლშია - მორიგი შეტაკება თუ დიდი ომის დასაწყისი?!

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე, მათ სტრატეგიულ პარტნიორებს - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიის დიდ ომში გადაიზარდოს

აფეთქებული ტანკები, ჩამოგდებული შვეულმფრენები და უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავები, ათეულობით დაღუპული და დაჭრილი - აი, ის არასრული სია, რაც 2 აპრილს, გამთენიისას ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიიღეს დაპირისპირებულმა მხარეებმა.

ყარაბაღში შეტაკებები აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებს შორის ხშირად ხდებოდა, თუმცა ამჯერად ვითარება ძალზე დაძაბულია, რადგან დაპირისპირებული მხარეების სტრატეგიული პარტნიორები, თურქეთი და რუსეთი, ბოლო ნახევარი წელია, თავად გახდნენ ერთმანეთის მოწინააღმდეგენი. თუკი აქამდე მოსკოვსა და ანკარას საიდუმლო დიპლომატიური არხების გამოყენებით არაერთხელ დაუშოშმინებია ოფიციალური ბაქო და ერევანი, დღეს ამის იმედი ნაკლებად არის, რაც ძალზე ზრდის სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ალბათობას, რომელშიც შეიძლება საქართველოც იქნეს ჩათრეული.

მთიან ყარაბაღში ბრძოლები 2 აპრილს, დილის 2 საათზე დაიწყო ორი მიმართულებით: სამხრეთით, გადრუტის რაიონში და ჩრდილო-აღმოსავლეთით, მარდაკერტთან. მოწინააღმდეგე მხარეები აქტიურად იყენებენ არტილერიასა და ავიაციას. დანაკარგის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 24 საათის შემდეგ სომხურმა მხარემ დაადასტურა 18 სომეხი მებრძოლის დაღუპვა და 35-ის დაჭრა, ოფიციალური ბაქო კი 2 აპრილს, საღამოს აცხადებდა, რომ სომხეთმა ბრძოლებში დაკარგა 100 კაცზე მეტი, 6 ტანკი და 15 საარტილერიო დანადგარი. აზერბაიჯანელებმა 12 ჯარისკაცის დაღუპვა დაადასტურეს. თავის მხრივ, ერევანი აცხადებს, რომ გაანადგურა აზერბაიჯანის არმიის დივერსიული ჯგუფი, ჩამოაგდო მათი საბრძოლო შვეულმფრენი და უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი

საქმე ის არის, რომ რუსეთს სომხეთთან დადებული აქვს ხელშეკრულება, რომელიც ომის დაწყების შემთხვევაში ერთმანეთისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს. ანალოგიური დახმარებაა განსაზღვრული თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებშიც. თუმცა უმოკლესი გზა ხმელეთსა და ჰაერში, იმისთვის, რომ რუსეთი სომხეთს დაეხმაროს, თურქეთი კი - აზერბაიჯანს, სწორედ საქართველოზე გადის, რაც ოფიციალურ თბილისს დილემის წინაშე აყენებს - გაუხსნას თუ არა გზა ერთ ან მეორე მხარეს.

კიდევ ერთი საშიშროებაა ის, რომ ორივე ეროვნების საქართველოს მოქალაქეები კომპაქტურად ცხოვრობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე სამცხე-ჯავახეთისა თუ ქვემო ქართლის რეგიონებში და მათ შეიძლება მოინდომონ ისტორიული სამშობლოს დახმარება საქართველოს ტერიტორიაზეც, მაგალითად, დივერსიული მოქმედებებით აზერბაიჯანის ან სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატრანზიტო ტვირთების განადგურებით.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანისა და სომხეთის არმიების შეიარაღებაში გამოჩნდა შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "სმერჩები" და ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო სისტემა "ტოჩკა-უ"-ები, რაც დაპირისპირებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, მძლავრი სარაკეტო დარტყმები მიაყენონ ერთმანეთის ქალაქებს. საგულისხმოა, რომ რუსეთს სტრატეგიული პარტნიორის, სომხეთის გარდა, შემტევი სახის თანამედროვე შეიარაღება აზერბაიჯანისთვისაც მიუყიდია და როგორც მოსალოდნელი იყო, 2 აპრილიდან ბაქო სომხეთის არმიასთან ბრძოლაში აქტიურად იყენებს რუსეთში ნაყიდ ტანკებს, დამრტყმელ შვეულმფრენებსა და საარტილერიო დანადგარებს.

დაპირისპირებული მხარეები, ტრადიციულად, მალავენ საკუთარ საბრძოლო დანაკარგებს და ზრდიან მოწინააღმდეგის მსხვერპლის რაოდენობას, ამიტომაც ძნელია თქმა, თუ რომელ მხარეს რა დანაკარგი აქვს. თუმცა იკვეთება, რომ აზერბაიჯანის არმია შეტევით საბრძოლო ოპერაციაში იყენებდა უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებსა და დამრტყმელ შვეულმფრენებს.

"20 წელია, ჩვენი მიწების ოკუპაცია გრძელდება"

ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი: "20 წელია, რაც ჩვენი მიწების ოკუპაცია გრძელდება. გაერომ ოთხი რეზოლუცია მიიღო, რომლებიც მთიან ყარაბაღს უკავშირდება. საჭიროა ამ რეზოლუციების ამოქმედება, რათა სასწრაფოდ და უპირობოდ გავიდნენ სომხეთის შეიარაღებული ძალები ჩვენი ტერიტორიიდან".

"ეს აზერბაიჯანმა დაიწყო"

სერჟ სარგსიანი, სომხეთის პრეზიდენტი: "1994 წლის შემდეგ, ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებია, რომელიც აზერბაიჯანმა დაიწყო. სომხეთის შეიარაღებული ძალების დროული ჩარევით, შესაძლებელი გახდა არათუ ვითარების გაკონტროლება, არამედ მოწინააღმდეგისთვის არსებითი დანაკარგის მიყენება".

"სომხეთი ცეცხლს ნუ ეთამაშება"

რეჯებ ტაიპ ერდოღანი, თურქეთის პრეზიდენტი: - "სომხეთი ცეცხლს ნუ ეთამაშება. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების უმოქმედობამ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკითხში იმ ფაქტის წინაშე დაგვაყენა, რომელსაც ახლა ვუყურებთ. ამ ჯგუფს სამართლიანობის უზრუნველყოფისთვის რომ ემოქმედა, არსებული ვითარება არ გვექნებოდა".

ყარაბაღის ომის ისტორია

მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა, იქ უმეტესწილად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობდა. 1988 წელს დაიწყო მოძრაობა, რომ ყარაბაღის ავტონომიური ოლქი სომხეთს გადასცემოდა, რასაც, ბუნებრივია, აზერბაიჯანელთა წინააღმდეგობა მოჰყვა. 1990 წლის იანვრიდან მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, დაპირისპირებული მხარეები საბჭოთა სამხედრო ნაწილებიდან გადაცემულ ცეცხლსასროლ იარაღსა და საარტილერიო დანადგარებს იყენებდნენ. კონფლიქტის ზონაში ე.წ. სამშვიდობო მისიით შეყვანილი საბჭოთა არმიისა და შინაგანი ჯარების დანაყოფები ხშირად სომხებს უჭერდნენ მხარს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წლიდან, საბრძოლო მოქმედებებმა უფრო ფართო მასშტაბი მიიღო, დაპირისპირება გასცდა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას და სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ომში გადაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა ყოფილი საბჭოთა არმიისგან სომხეთზე მეტი შეიარაღება დაიტოვა, საბრძოლო მოქმედებებში უპირატესობას მაინც სომხური მხარე აღწევდა, რაც რუსეთის ფარული სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერითაც იყო გამოწვეული. სომხეთის მიერ ე.წ. ლაჩინის დერეფნის დაკავების შემდეგ ერევანს პირდაპირი სახმელეთო კავშირი გაუჩნდა მთიან ყარაბაღთან, რამაც ხელი შეუწყო სომხეთის არმიის წარმატებას.

1994 წლის 5 მაისს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რის შემდეგაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა. ფაქტობრივად, შეიქმნა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა, რომელსაც ოფიციალური ბაქო ვერ აკონტროლებს, სამაგიეროდ, იგი იმართება ერევნიდან.