რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული მეგობრობა დიდ ფულზე გაიყიდა?!
14-04-2016
რუსეთ-სომხეთის სტრატეგიული მეგობრობა დიდ ფულზე გაიყიდა?!
მთიან ყარაბაღში მინიომში სომხეთს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის დიდი იმედი ჰქონდა, რაც მწარედ გაუცრუვდა

მთიან ყარაბაღში აქტიური საბრძოლო მოქმედებები შეჩერდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ათობით მებრძოლი დაკარგეს. აზერბაიჯანმა მოახერხა, დაებრუნებინა­ მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სიმაღლე და სოფელი ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში, სადაც ახლა გამალებით აგებს­ თავდაცვით ზღუდეებს.

აი, ასეთი შედეგი მოიტანა ოთხდღიანმა დაპირისპირებამ, მაგრამ მთავარი არც დაბრუნებული სიმაღლეებია და არც - "სპაიკებით" აფეთქებული ტანკები. უმთავრესი გახლდათ მოლოდინი, რუსეთის ხელისუფლების როგორი რეაქცია მოჰყვებოდა მთიან ყარაბაღში
აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებს.
შეიძლება ითქვას, რომ კრემლის რეაქცია მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ბაქოს, ისე ერევნისთვის.

რუსეთმა აზერბაიჯანი აგრესორად არ გამოაცხადა (რასაც ასე ელოდნენ სომხეთში) და ორივე მხარეს სასწრაფოდ ცეცხლის შეწყვეტა მოსთხოვა. ეს ბაქოსთვის საუკეთესო ვარიანტი აღმოჩნდა, რადგან 2 აპრილს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, დიდი რისკის ფასად, ნიადაგი
მოსინჯა - შეიძლებოდა თუ არა ძალით წართმეულის ძალით დაბრუნება და ამ ეტაპზე გამოუვიდა კიდეც.

სამაგიეროდ, ალბათ, ადგილს ვერ პოულობენ ერევანში - სომხეთის უმთავრესმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა სომხეთს არათუ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მხარდაჭერაც არ აღმოუჩინა. მეტიც - აზერბაიჯანის არმიამ მთიან ყარაბაღში, ძირითადად, ის შემტევი სახის შეიარაღება გამოიყენა, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში სწორედ რუსეთისგან იყიდა დაახლოებით 4 მლრდ დოლარად.
რა გამოდის? რუსეთი, რომელიც სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია და მასთან ხელშეკრულებაც კი აქვს დადებული ომის შემთხვევაში სამხედრო ძალით დახმარების თაობაზე, არათუ ეხმარება პარტნიორს, არამედ მის მოწინააღმდეგეს თანამედროვე საიერიშო შეიარაღებით - ტანკებით, საარტილერიო სისტემებითა და დამრტყმელი შვეულმფრენებითაც კი ამარაგებს.

მოხდა უარესიც: გასულ კვირას, მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შემდეგ, რუსეთის ვიცე-პრემიერმა როგოზინმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ მიჰყიდის შეიარაღებას აზერბაიჯანს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა მედვედევმა ცეცხლზე ნავთი დაასხა - აზერბაიჯანი ისეთივე სტრატეგიული პარტნიორია რუსეთისთვის, როგორიც სომხეთიო. ამის შემდეგ სომხეთის ოფიციალური პირებიც ვეღარ მალავენ ემოციებს და ხმამაღლა აცხადებენ, რომ რუსეთის ასეთი ქმედებები ამორალურია. გამოდის, რომ რუსეთმა სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობა იმ მილიარდებზე გაცვალა, რაც აზერბაიჯანმა უკვე შესყიდული იარაღისთვის გადაუხადა მოსკოვს და კიდევ არაერთი მილიარდის გადახდას აპირებს, ერევანმა კი, დიდი თხოვნის შემდეგ, ძლივს გამოსტყუა კრემლს 200 მლნ დოლარი რუსული ტანკებისა და რაკეტების კრედიტით საყიდლად.
გარდა დიდი ფულისა, ალბათ, პრეზიდენტ პუტინს მოსწონს ისიც, რომ მისი აზერბაიჯანელი კოლეგა ნელ-ნელა აცივებს ურთიერთობას დასავლეთთან და უპირველესად - ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.

არსებობს ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება კარგა ხნის წინ აპირებდა ნიადაგის მოსინჯვას მთიანი ყარაბაღის დაკარგული ტერიტორიების ძალის გამოყენებით დასაბრუნებლად, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომმა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიამ მას ტაიმ-აუტი ააღებინა.

პრეზიდენტი ალიევი ძალიან კარგად ხვდება - მთიანი ყარაბაღის გასაღები არც ვაშინგტონშია, არც ბრიუსელში და არც მეგობარ ანკარაში. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვირტუალურ "მინსკის ჯგუფს" კი არა, მხოლოდ მოსკოვის ნებას შეუძლია. სწორედ ამიტომაც, აგვისტოს ომის შედეგების შემხედვარე აზერბაიჯანის ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყო ურთიერთობების გაუმჯობესება კრემლთან, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მილიარდობით ღირებულების რუსული შეიარაღების შესყიდვაც გახლდათ. სიმართლე რომ ითქვას, ოთხი მილიარდით აზერ­ბაიჯანის არმია ისრაელში უფრო თანამედროვე და ეფექტურ შეიარაღებას შეიძენდა, მაგრამ რუსული იარაღის ერთ-ერთ მსხვილ იმპორტიორად ქცევით აზერბაიჯანი რუსეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი გახდა, რასაც, ალბათ, რუსი ჩინოვნიკების მოსყიდვაც დაემატა.

ყოველივე ამის შემდეგ ხომ შეიძლებოდა, კრემლი მართლაც დაფიქრებულიყო, რა სჯობს - მთიანი ყარაბაღის საკითხში ისევ რუსეთის ხელის შემყურე ღარიბი სომხეთის მხარდაჭერა, თუ მეგობრობის განმტკიცება აზერბაიჯანთან, რომელიც აღარც ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ იყურება და რუსულ იარაღსაც დიდი ხალისით ყიდულობს, სამაგიეროდ კი მხოლოდ ერთს ითხოვს: მთიანი ყარაბაღისა და სხვა შვიდი აზერბაიჯანული რაიონის დაბრუნებაში რუსეთმა ხელი არ შეუშალოს...
ბოლოს და ბოლოს, კრემლს ცხინვალის რეგიონის, აფხაზეთის, დნესტრისპირეთის, დონბასის და მთიანი ყარაბაღის აფეთქება იმიტომ უნდოდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი დასავლეთის კალთის ქვეშ არ შეყუჟულიყვნენ.

ამ ფონზე, როცა არც აზერბაიჯანს და არც სომხეთს დასავლეთში არავინ ელოდება და მათ რუსეთის გარდა, წასასვლელი არსად აქვთ, რატომ არ უნდა მოიმადლიეროს მოსკოვმა ბაქო თუნდაც მთიანი ყარაბაღის ნაწილის დაბრუნებისთვის წამოწყებული მინიომის წაყრუებით? სომხეთმა იკითხოს, რომელსაც რუსეთმა "უფროსი ძმის" პრაგმატული დამოკიდებულება უჩვენა...

ყველაფერთან ერთად, კრემლმა მთიან ყარაბაღში, ისევე როგორც სირიაში, ცეცხლის შეწყვეტა თავის ანგარიშზე ჩაიწერა, რითაც ისევ იქცა მსოფლიო პოლიტიკის წამყვან მოთამაშედ.
ჩხინკა
27 აპრილი 2016 12:04
რუსებმა დიდი ხნის წინ შეამზადეს ნიადაგი იმისთვის, რომ სომხეთი თავის მონა-მორჩილ ყმად გაეხადა..სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდეს აზერებს და წასასვლელი არსად დაუტოვეს..ახლა რამდენი ემოციაც არ უნდა აფრქვიონ სომხებმა, აზრი აღარ აქვს, თუ არ უნდათ რუსული თანამედროვე იარაღით შეიარაღებულმა აზერების არმიამ ყარაბაღს კიდევ სხვა ტერიტორიებიც არ მიამატოს,ისევ რუსებს უნდა შეუძვრნენ ერთ ადგილში..ამაზეა ნათავამი რაც მოგივა დავითაო...
imereTi
26 აპრილი 2016 06:14
ყირიმის ომი თუ წააგეს,როგორგა მოხვდა რუსეთის იმპერიაში.ან როდის გაიხსნა მეორე ფრონტი თუ გახსოვთ.რთულია იმ ხალხთან კამათი,რომლებიც რუსთავი-2 ისტორიულ მარგალიტებზე დაყრდნობით ნათლდებიან.ნაკლებათ უყურეთ თომა ჩაგელიშვილს და მეტი ანალიზის უნარი გექნებათ
temo
22 აპრილი 2016 09:31
ეშმაკი დიდ აზარტშია შესული და ღმერთის მეტი ვერავინ ვერ გააჩერებს,რამდენიც გინდა დაიწუნეთ ან მოიწონეთ ვინმეს პოლიტიკური ხოდები,ფულის ხურუშიანობა ყველაფერზე მაღლა დგას დღეს მსოფლიოში.

რედაქტორის რჩევით