მორიგი ავიაკატასტროფა, მორიგი საიდუმლო... - კვირის პალიტრა

მორიგი ავიაკატასტროფა, მორიგი საიდუმლო...

ეგვიპტური "აერობუსის" ტერორისტული აქტის შედეგად ჩამოვარდნის ვერსია არ გამოირიცხება

18 მაისს კიდევ ერთი სამგზავრო ლაინერი ვერ დაეშვა აეროპორტში. იგი რადიოლოკატორების ეკრანებიდან გაქრა და ესეც საიდუმლოდ დარჩებოდა, მეორე დღეს ხმელთაშუა ზღვაში, ქ. ალექსანდრიიდან 290 კმ-ში რომ არ აღმოეჩინათ თვითმფრინავის ფრაგმენტები და დაღუპული მგზავრის სხეულის ნაწილები.

ერთი რამ გაირკვა - პარიზიდან კაიროში მიმავალი ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir სამგზავრო ლაინერი Airbus А320, მართლაც ჩავარდა ზღვაში და მის ბორტზე მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა, მაგრამ ჯერჯერობით კვლავ საიდუმლოდ რჩება, რამ გამოიწვია თითქმის ახალი სამგზავრო ლაინერის ისეთი უცაბედი ავიაკატასტროფა, რომ ეკიპაჟმა უბედურების სიგნალის გადაცემაც ვერ მოასწრო?

ეგვიპტური "აერობუსი" 11,3 კმ სიმაღლეზე მიფრინავდა და მოულოდნელად, ელვის სისწრაფით, 6,7 კმ-მდე დაეშვა, თანაც 360 გრადუსით შემოტრიალდა, რაც მიუთითებს, რომ თითქმის 70-ტონიანი სამგზავრო თვითმფრინავი რაღაც გარემოებამ აიძულა, მხოლოდ გამანადგურებლებისთვის დამახასიათებელი მკვეთრი საჰაერო მანევრი შეესრულებინა.

თუკი ჰაერში თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა უჩნდება, პილოტებს თითქმის ყოველთვის აქვთ დრო, უბედურების მაუწყებელი რადიოსიგნალი გაგზავნონ. მხოლოდ ბორტზე ბომბის აფეთქების ან საზენიტო რაკეტის მოხვედრისას, როდესაც საფრენი აპარატი ჰაერშივე იშლება, ამის საშუალება არ არის.

არც იმ ვერსიის გამორიცხვა შეიძლება, რომ ტერორისტებმა რაღაცნაირად მოახერხეს პილოტთა კაბინაში შეღწევა (არადა, ამ თვითმფრინავით შენიღბულად მგზავრობდა უსაფრთხოების სამი ოფიცერი) და შტურვალის ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლის დროს "აერობუსმა" გააკეთა სწორედ ის წარმოუდგენელი - 360-გრადუსიანი შემოტრიალება სიმაღლის სწრაფად დაკარგვითა და შტოპორში გადასვლით.

თუკი გამოვრიცხავთ ეგვიპტური ავიალაინერის საზენიტო ან საბრძოლო თვითმფრინავიდან გასროლილი "ჰაერი-ჰაერი" კლასის რაკეტით ჩამოგდების ვერსიას, ასევე - ტექნიკურ გაუმართაობასა და ეკიპაჟის შეცდომას (მეტეოროლოგიური პირობები ფრენისთვის საუცხოო იყო), რჩება ბორტზე აფეთქების ან სალონში ტერორისტების ყოფნის ვერსიები.

ორივე შემთხვევაში არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდება საფრანგეთი, რომელმაც ვერ დაიცვა პარიზის აეროპორტიდან აფრენილი ეგვიპტური სამგზავრო ლაინერის უსაფრთხოება.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტების შესწავლისა და ქიმიური ანალიზის შედეგად ადვილად შეიძლება იმის დადგენა, მოხდა თუ არა აფეთქება თვითმფრინავის შიგნით, თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში პრობლემა ის გახლავთ, რომ ეგვიპტური ავიალაინერის ფრაგმენტები ხმელთაშუა ზღვაში გაიფანტა და მათი აღმოჩენა და შეგროვება ძნელია.

ძალიან ბევრ საიდუმლოს ნათელს მოჰფენდა ე.წ. შავი ყუთების აღმოჩენა, რომლებიც ავიაკატასტროფის შემდეგ ერთხანს შOშ სიგნალს გადასცემს რადიოეთერში კოორდინატების მითითებით.

თუკი ადრე თუ გვიან დადასტურდა ტერაქტის ვერსია, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში გამარჯვება ჯერ კიდევ შორსაა.