"თურქეთში დღესაც ასზე მეტი შაჰიდი-დივერსანტია" - კვირის პალიტრა

"თურქეთში დღესაც ასზე მეტი შაჰიდი-დივერსანტია"

28 ივნისს სტამბოლში, ათათურქის აეროპორტის ტერიტორიაზე, ადგილობრივი დროით საღამოს 10 საათზე, სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ავტომატური იარაღით მგზავრებს ცეცხლი გაუხსნა, რასაც აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის საპასუხო ცეცხლი მოჰყვა. თუმცა, სანამ პოლიცია ტერორისტებს გაანადგურებდა, მათ თავი აიფეთქეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 43 კაცი, 239 კი მძიმედ დაშავდა.

30 ივნისს ცნობილი გახდა, რომ სტამბოლში ტერაქტის ორგანიზებაში 13 ეჭვმიტანილი დააკავეს. ამასთან, რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტის შემდეგ თურქეთის პოლიციამ ჩრდილოკავკასიელებით დასახლებულ რაიონებში რეიდები ჩაატარა...

2016 წელს თურქეთი არაერთი მასშტაბური ტერაქტის სამიზნე გახდა. მეტიც, 7 და 8 ივნისს ტერაქტებს 14 კაცის სიცოცხლე შეეწირა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თურქულ პროსახელისუფლებო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ ათათურქის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზებაში, შესაძლოა, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი იყოს. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ Reuters-ის ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა. აჰმედ ჩატაევი საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავა.

ოფიციალური ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცავებმა ლაფანყურის ტყეში დივერსანტთა ჯგუფთან მოლაპარაკების მიზნით ჩატაევი გაგზავნეს, თუმცა ის დივერსანტებთან დარჩა. რამდენიმე დღეში ის დააკავეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩატაევი გირაოთი გაათავისუფლეს, 2013 წლის 18 იანვარს კი პროკურატურამ მისი სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ჩატაევი ჯერ ავსტრიაში, შემდეგ კი სირიაში გადავიდა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ფრთას ჩაუდგა სათავეში. Reuters-ის ცნობით, ჩატაევის გარდა, ათათურქის აეროპორტში მოწყობილ ტერაქტში რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.

გვესაუბრება ექსპერტი ვახტანგ მაისაია: - არა მხოლოდ თურქულ მედიაში, ოფიციალურადაც რამდენჯერმე გაიჟღერა ტერაქტში აჰმედ ჩატაევის შესაძლო მონაწილეობამ. ჩატაევი ლოპოტის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, თუმცა ის იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით საპატიმროდან გაათავისუფლეს.

- თუ თურქულმა გამოძიებამ ტერაქტის ორგანიზებაში ჩატაევის მონაწილეობა დაადგინა, იუსტიციის მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

- არ გამოვრიცხავ, რომ ახალი ხელისუფლება მაშინ შეცდომაში შეიყვანეს - გამოძიება ისეთ პირებს ჩააბარეს, რომლებიც ლაფანყურის სპეცოპერაციაში, შესაძლოა, თავადვე მონაწილეობდნენ. ამ შემთხვევაში, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. ჩემი ინფორმაციით, ჩატაევის საქმეს იძიებდა კონტრდაზვერვის სამსახური ვალერი ზუმბაძისა და ლადო დათაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" დროს ამავე სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობდნენ. ზოგადად, კომპეტენტურ ორგანოებს ვურჩევ - გამოიძიეთ ბოლომდე ლაფანყურის საქმე და გახვალთ სააკაშვილზე.

- რამდენად უსაფრთხოა ქართველებისთვის თურქეთში გამგზავრება?

- თურქეთის პრემიერის ინფორმაციით, თურქეთში დღესაც ასზე მეტი შაჰიდი-დივერსანტია. მართალია, "ისლამურ სახელმწიფოს" ამ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არ აუღია, თუმცა ეს მათი ხელწერაა - ბრიუსელშიც ამ მეთოდით ააფეთქეს აეროპორტი.

"ვიღაცამ ხელი ჩამავლო და წამათრია"

გიორგი ნოზაძე, თვითმხილველი: "იმდენად დიდი აფეთქება იყო, ვიბრაციის ტალღამ წამაქცია. მახსოვს, ვიღაცამ ხელი ჩამავლო და, ფაქტობრივად, წამათრია. აეროპორტიდან გასვლას ვითხოვდით, მაგრამ გასასვლელები დაკეტილი იყო. სამი საათი ბუფერულ ზონაში ვიყავით, შემდეგ სათითაოდ გაგვიყვანეს აეროპორტიდან. გარეთ ავტობუსი გველოდებოდა, რომელსაც სასტუმრომდე უნდა მივეყვანეთ. პირველად გამოვცადე, რას ნიშნავს სიკვდილთან ახლოს ყოფნა".

"ბავშვები იატაკზე გაწოლილები ტიროდნენ"

მარგალიტა ჯაფარიძე, თვითმხილველი: "კიშინიოვიდან მოვფრინავდით, თვითმფრინავი სტამბოლში დაჯდომას ვერ ახერხებდა - ნახევარი საათი წრეზე დადიოდა. მიწაზე რომ დავეშვით, პილოტმა გაგვაფრთხილა, აეროპორტის უსაფრთხოება მოწმდება, ამიტომ ცოტა ხანი თვითმფრინავში უნდა დარჩეთო. საათ-ნახევარი დაგვაყოვნეს, მერე ავტობუსამდე თავად ავიტანეთ ჩვენი ბარგი - ესკალატორები არ მუშაობდა. აეროპორტის მაღაზიებსა და ოფისებში არავინ იყო. უჰაერობისგან სუნთქვა გვიჭირდა. აეროპორტის პერსონალი ინგლისურ-თურქულად რაღაცას გვიყვიროდა, მაგრამ უკანა რიგებში ხმა არ გვესმოდა. ბავშვები იატაკზე გაწოლილები ტიროდნენ, ხალხი საჭმელს ერთმანეთს უზიარებდა. გარშემო ჩემოდნები ეყარა, ვიღაცის ცალი ფეხსაცმელი და საბავშვო ეტლი. აეროპორტის თანამშრომლები გასასვლელისკენ მიგვანიშნებდნენ, თუმცა არავინ ვიცოდით, სად მივდიოდით".

რუსუდან შელია