"ისლ­ამური სახელმწიფო" ცდილობს ევროპა სირიაში სახმელეთო ომში ჩაითრიოს?! - კვირის პალიტრა

"ისლ­ამური სახელმწიფო" ცდილობს ევროპა სირიაში სახმელეთო ომში ჩაითრიოს?!

"ევროპაში არ არსებობენ უდანაშაულო ადამიანები და ჩვენ მივესალმებით მკვლელობის ყველა მეთოდს - იქნება ეს ქვა, დანა, ქვეითად მოსიარულეთა გატანა გადასასვლელზე, შხამი, მოგუდვა... ყველაფერს, რაც სიცოცხლეს წაართმევს მათ".

აბუ მუჰამედ ალ-ადნანის ("ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენელი) მიმართვიდან, 22 მაისი, 2016 წ.

"დარწმუნებული ვარ, ისინი ბრძოლის სხვა სტადიაზე გადავლენ, გამოიყენებენ ავტომანქანა-სატყუარებს, ასაფეთქებელ მოწყობილობებს... უფრო გაძლიერდებიან" - როდესაც საფრანგეთის საშინაო დაზვერვის შეფი პატრიკ კალვარი ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოდიოდა, ალბათ, ვერც კი იფიქრებდა, რომ სულ რაღაც ორი თვეში ტერორისტები სწორედ ავტომობილ-სატყუარას გამოიყენებდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასახოცად.

14 ივლისს, როდესაც ნიცელები ბასტილიის აღების მორიგ წლისთავს ზეიმობდნენ, ავტომანქანა-ფურგონი მათ რიგებში შეიჭრა და ადამიანებზე ნადირობა გააჩაღა. მანქანამ ადამიანების "ტალღაში" 2 კილომეტრი გაიარა. საქმე პანიკამ და ქაოსმა გაართულა. როდესაც სამართალდამცავებმა როგორღაც მოახერხეს ფურგონის მძღოლის (მუჰამედ ბუჰ-ლელი) ლიკვიდაცია, დაღუპულთა რიცხვი უკვე რამდენიმე ათეულს აღწევდა. ნიცის ტერაქტს 84 კაცი ემსხვერპლა (მათ შორის ბავშვებიც იყვნენ), დაშავდა 202 ადამიანი, აქედან 45-ის მდგომარეობა უმძიმესია...

ტერაქტები ნიცისთვის უცხო არ არის. 2008 წლის 20 ივლისს, შუადღისას, საბაჟო შენობასთან 5-წუთიანი ინტერვალით ორი აფეთქების ხმა გაისმა. საბედნიეროდ, ტერაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ 18 კაცი დაშავდა. მაშინ მომხდარზე პასუხისმგებლობა "კორსიკის განმათავისუფლებელმა ფრონტმა" აიღო, რომელიც წლებია, კუნძულის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ბედის ირონიაა, ალბათ, რომ ნიცის "ინგლისურ სანაპიროზე" დატრიალებულ ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ორლანდმა გააუქმა საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის გამო იყო დაწესებული...

როგორც ყველა ტერაქტმა, ნიცაში მომხდარმაც საზოგადოებას დაანახა ხელისუფლების უმწეობა და კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ევროპა, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებს. ჯერ კიდევ ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ მიუთითებდნენ ექსპერტები ტერორიზმთან ბრძოლის მეთოდების მოძველებაზე. ამის მიზეზი, ბევრ სხვასთან ერთად, სპეცსამსახურებს შორის ცუდი კომუნიკაციაც უნდა იყოს. მაგალითად, ფრანგულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოზე" თავდასხმის მომწყობებს სპეცსამსახურები კარგად იცნობდნენ, თუმცა მათი დროულად დაკავება ვერ მოხერხდა. თავის დროზე, თურქეთის სპეცსამსახურებიც აფრთხილებდნენ ფრანგ კოლეგებს მოსალოდნელ ტერორისტულ იერიშებზე, მაგრამ ამაოდ...

კონტრტერორისტული ცენტრი, რომელიც ჰააგაში შეიქმნა და რომელსაც, როგორც მაშინ ძლიერნი ამა ქვეყნისანი აცხადებდნენ, ევროპაში სიმშვიდე უნდა მოეტანა, ფაქტობრივად, უუნარო აღმოჩნდა ხალიფატის ტერორის წინაშე.

ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ევროპელი სპეცსამსახურები ინტერნეტსივრცეს მოიაზრებენ, მხოლოდ საფრანგეთში 2015 წლის თებერვლიდან დაიბლოკა 40 ჯიჰადისტური საიტი და 180-მდე ვებგვერდი, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია - "ისლამური სახელმწიფოს""ანალოგიური მიმართულება უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა: მხოლოდ 2015 წელს ხალიფატმა"800 ვიდეორგოლი (11 ენაზე), =15 000 ფოტო და 20 ახალი ინტერნეტჟურნალი გაუშვა ქსელში.

ნიცის სისხლიანი ტრაგედიიდან მეორე დღეს ქსელში გამოჩნდა განცხადება არაბულ ენაზე, რომ ტერაქტი ხალიფატის სამხედრო მინისტრ ომარ ალ-შიშანის (თარხან ბათირაშვილის) სიკვდილისთვის შურისძიება იყო. ეს გახდა მინიშნება, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას ხალიფატი"აიღებდა. თუმცა, შურისძიების ვერსია სარწმუნო არ ჩანს, ტერაქტი, სავარაუდოდ, ბევრად ადრე იყო დაგეგმილი, ვიდრე ხალიფატი""ჟღალი გენერლის" სიკვდილს დაადასტურებდა.

საინტერესოა, რომ ევროპაში ტერორისტებმა პირველად გამოიყენეს პალესტინური მეთოდი. სწორედ პალესტინელი თავდამსხმელები იყენებენ ავტომობილებს მსგავსი ტერაქტების მოსაწყობად. კითხვაზე, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ხალიფატის ტერორი, მოსაზრება უამრავია. თუმცა სტამბოლის ტერაქტის შემდეგ გაჩნდა სრულიად განსხვავებული ვერსია: "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს ევროპა სირიაში სახმელეთო ომში ჩაითრიოსო(?!). ამ მოსაზრებას თავისი გამართლებაც აქვს: 2016 წლიდან ხალიფატი კარგავს როგორც ტერიტორიებს, ასევე ადამიანურ რესურსს. სახმელეთო ოპერაციები ხალიფატს"თავის გადარჩენისთვის სჭირდება. რადგან ევროპული სამხედრო ნაწილების შეყვანა სირიაში ერთგვარად წინასწარმეტყველების აღსრულებას ნიშნავს საკრალური ხალიფატის შესახებ, რაც უფრო მეტი ევროპელი სამხედრო იქნება სირიაში, მით მეტი მხარდამჭერი ეყოლება "ისლამურ სახელმწიფოს".

ტერორისტები საბრძოლო ხელოვნებას დღითი დღე აუმჯობესებენ, რაც მთავარია, ტერორი დღეს უფრო იაფი და ხარისხიანია, ვიდრე თუნდაც გასულ საუკუნეში იყო. თვითმკვლელების გამოჩენამ ბევრი რამ შეცვალა ტერორიზმის უახლოეს ისტორიაში. როგორც ყველა რელიგია, ისლამიც თავის მოკვლას ცოდვად მიიჩნევს. მაგალითად, თავის დროზე, შაჰიდობა უცხო ხილი იყო ავღანეთშიც. პირველად უსამა ბინ ლადენი მიხვდა, როგორ შეიძლებოდა თვითმკვლელის გამოყენება =და მოუწოდა კიდეც მხარდამჭერებს, ღმერთისთვის თავის მოკვლა ცოდვა არასდროს იქნებაო, რაც უსამიზმის საფუძვლად იქცა. დღეს ხალიფატი, ძირითადად, თვითმკვლელებს იყენებს, რაც ძალიან იაფი უჯდება. იმისთვის, რომ გაანადგურო ათეულობით ადამიანი ან დაახეიბრო, მხოლოდ 150 დოლარია საჭირო. ამდენი ღირს ბომბი, რომელსაც ისინი იყენებენ, ხოლო შაჰიდის ქამარი 80 დოლარი ჯდება. ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საიქიო ცხოვრების სიკეთეებისთვის სიცოცხლეს დათმობენ, ამიტომ სირიაში თვითმკვლელთა სკოლებიც კი არსებობს(?!).

რაც უფრო იაფი ჯდება ტერორი, მით უფრო ძვირდება მასთან ბრძოლა. ტერაქტის შემსრულებელთა სასამართლომდე მიყვანა ან ლიკვიდაცია ტერორიზმთან ბრძოლაში ნაყოფს ვერ გამოიღებს, მთავარია, მათი ხელშემწყობების დასჯა, იქნება ეს ფინანსური რესურსით ტერაქტის მომზადების უზრუნველყოფა თუ შემსრულებელთა რეკრუტირება. ისიც ცნობილია, რომ ტერორიზმს ხშირ შემთხვევაში ის სახელმწიფოები აფინანსებენ, რომლებიც ოფიციალურად ხალიფატის წინააღმდეგ შექმნილი კოალიციის წევრები არიან, მაგალითად, ზოგიერთი მდიდარი არაბული ქვეყანა, რომელიც ცალი ხელით "ისლამურ სახელმწიფოს" ებრძვის, მეორით კი, საიდუმლო ფონდების საშუალებით ამავე ხალიფატს აფინანსებს.

სანამ ევროპული სპეცსამსახურები თავს იტეხენ, მომძლავრებულ ტერორს როგორ გაუმკლავდნენ, ისრაელი ტერორიზმთან ბრძოლაში კვლავ გვაოცებს. იმის გამო, რომ მისი მოქალაქეები ბოლო პერიოდში 50-ჯერ გახდნენ ტერორისტების სამიზნე, ისრაელმა უფრო გაამკაცრა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კანონი. ამიერიდან პოლიციას ნება ეძლევა, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს აღმოსავლეთ იერუსალიმის (სწორედ აქედან ხდება თავდასხმები) რომელი რაიონის ბლოკირება მოახდინოს, რაც ავტომატურად შეამცირებს ტერორისტული იერიშების საფრთხეს, გარდა ამისა, აიღებენ ყველა ტერორისტის სახლს, მათი ოჯახის წევრებს და ნათესავებს კი ჩამოერთმევათ ისრაელის მოქალაქეობა და ქონება.

"თეთრი სატვირთო ურჩხულივით მოფრინავდა და ხალხს ჭყლეტდა"

ნიცაში დაკარგულებს შორის ოთხი ქართველიც იყო, თუმცა სამართალდამცავებმა ისინი უვნებელი იპოვეს.

გიორგი მატახელია, თვითმხილველი: "ცოლ-შვილთან ერთად სანაპიროზე მივსეირნობდი. ღონისძიებისთვის მიძღვნილი ფეიერვერკები უკვე დასრულებული იყო, ჩემს შვილს ბასტილიის აღებაზე ვუყვებოდი, როდესაც ინსტინქტურად უკან მოვტრიალდი, რას ვხედავ... 20-25 მეტრში თეთრი სატვირთო მანქანა ურჩხულივით მოფრინავს, ხალხს ჭყლეტს და ადამიანებს ფანტავს... წამებში ჩემი მეუღლისა და შვილის დაახლოებით ორი მეტრის რადიუსზე გადასროლა მოვახერხე და ზუსტად ამ დროს მანქანამ ჩამიქროლა. გონზე რომ მოვედით, ირგვლივ სისხლი იყო, მხოლოდ გადათელილ გვამებს ვხედავდი".

ნინო ბურჭულაძე