"ერდოღანი ცუდად დაასრულებს" - პუტჩი თურქულად! - კვირის პალიტრა

"ერდოღანი ცუდად დაასრულებს" - პუტჩი თურქულად!

ტანკის წინ გაწოლილი მოქალაქის კადრი ერდოღანის საინფორმაციო ომში გამარჯვების უტყუარი მაჩვენებელია, რადგან უდავოა, რომ მსოფლიოს სიმპათია ერდოღანის ხელისუფლების მხარეს გადაიხრებოდა და არა - ტანკის კოშკურაში მსხდომებისკენ

"შარის ეპიცენტრში ვიმყოფებით"

თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა ქართველი საზოგადოება, პირველ რიგში იმაზე ჩააფიქრა, თუ რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენს ქვეყანაზე.

გიორგი ანთაძე, პოლიტოლოგი: - თვალში მხვდება მთელი რიგი გარემოებები, რაც, ვიმედოვნებ, მხოლოდ დამთხვევაა, მაგრამ ჯაჭვივით კი ებმის ერთმანეთს. თურქეთის ამბებამდე, ფაქტობრივად, რამდენიმე საათით ადრე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში არეულობაა მოსალოდნელი და რუსეთი ყველაფერს იღონებს თავისი ინტერესების დასაცავად.

მიმდინარე პროცესებით, თურქეთში ერდოღანი ამარცხებს დემოკრატიისა და პროდასავლური განწყობების ტრადიციულ ბასტიონს - არმიას. ამჯერად, მგონი, საბოლოოდ დაამარცხა. რამდენიმე წლის წინ 400-მდე ოფიცერი და 40-მდე გენერალი დააკავა. ახლა დაკავებების ახალი სერია დაიწყო.

თურქეთი ეჭვმიტანილია ISIS-სთან თანამშრომლობაში, ისლამისტების მომზადებასა და გამოყენებაში. მავანნი ამბობენ, რომ ბაზების ფოტოებიც არსებობს. ამას დავუმატოთ თურქეთის პრემიერ-მინისტრ ილდირიმის განცხადებაც, - ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს ოპოზიციონერ გიულენს, თურქეთთან ომის მდგომარეობაში იქნებაო. არადა, გიულენს ამერიკაში აქვს მიღებული პოლიტიკური თავშესაფარი...

დრო იდეალურად არის შერჩეული ერდოღანის სასარგებლოდ: ბრექსიტი, ევროპის საემიგრაციო კრიზისი, რომლის მოგვარებაც თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია, დათბობისკენ მობრუნებული რუსულ-თურქული ურთიერთობა, სირიის კრიზისი, პლუს არჩევნები ამერიკაში. ახლა ერდოღანის რეჟიმისთვის მთავარია სახალხო მასების მხარდაჭერის გამოყენება, მისთვის სასურველი ცვლილებების გასატარებლად. საუდის არაბეთმაც უკვე ოფიციალურად მხარი დაუჭირა ერდოღანს.

რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ? ალბათ, მოუხდება ასე თქმა: შარის ეპიცენტრში ვიმყოფებით, რეგიონში ყველაზე სუსტი თავდაცვის სისტემითა და წინასაარჩევნო რეჟიმში მყოფნი. რაც უფრო ავტორიტარული გახდება თურქეთის პოლიტიკური რეჟიმი, მით უფრო დაუმეგობრდება რეგიონში მისნაირს, მისნაირი კი, რუსეთია. ანუ ერდოღანი და პუტინი ერთმანეთს ჰგვანან. თვითმფრინავის ინციდენტის მიუხედავად, ისინი დაახლოვდნენ. მოსალოდნელია მათი კიდევ უფრო დაახლოება, რაც ნამდვილად არ გვაწყობს. თურქეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და ნატოს წევრია. სანამ ნატოს წევრია, მანამდე მათი თამაშის წესებით თამაში მოუწევს, მაგრამ პროცესები უცნაურად ვითარდება.

ჩვენ რა გამოსავალი გვაქვს? ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვყალიბდეთ მთელი ერი, რომ თუ რამე მოხდა, ეს ქვეყანა პირველ რიგში თითოეული მოქალაქის დასაცავია?!

ოპტიმისტურად არის განწყობილი პოლიტიკურ საკითხებში დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი თამაზ იმნაიშვილი: - 15 ივლისის ამბავი თურქეთში თითქმის იმავეს მცდელობაა, რაც 1997 წელს მოხდა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ერბაქანი გენერალურმა შტაბმა გადააყენა, ქვეყანაში სამოქალაქო რეჟიმი დაამყარა და თავიდან ჩაატარა არჩევნები. მაშინ გენერალურ შტაბს კონსტიტუციით ჰქონდა ამის უფლება, რაც 2013 წელს ერდოღანმა კონსტიტუციაში ცვლილებების შედეგად გააუქმა. შესაბამისად, მისი გადაყენება ლეგალურად ვერ შეძლეს.

"ერდოღანი ცუდად დაასრულებს"

2003 წელს, ერდოღანმა პანთურქიზმის იდეა გაახმოვანა და თურქული მოდგმის ხალხის გაერთიანება სცადა. 2008 წლის შემდეგ მან ტექნიკურად დაიწყო ჩანაფიქრის განხორციელება. პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის მიღებით ბევრი რამის შეცვლა შეეძლო. 2013 წელს, როდესაც ის აირჩიეს პრეზიდენტად და პრაქტიკულად სრული ძალაუფლება მიიღო, კონსტიტუცია შეცვალა, 43 გენერალი, 285 პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დააპატიმრა, უმრავლესობას სამუდამო, დანარჩენს კი - 15-20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მის გვერდით დადგა სამსუნის უნივერსიტეტის პროფესორი აჰმედ დავიდოღლუ, რომელმაც პრეზიდენტს ახალი, პანოსმანიზმის იდეა შესთავაზა. ერდოღანმაც სიამოვნებით აიტაცა და მიივიწყა პანთურქიზმი. მალევე, იმის გამო, რომ დავიდოღლუ უფრო ქარიზმატულ პიროვნებად ჩანდა, ერდოღანმა მისი მოშორება გადაწყვიტა, ამისათვის ახლახან რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება გამოიყენა - სწორედ მას დააბრალა და გაუშვა. პრემიერად მოვიდა ილდირიმი, პანოტომანური იდეის გამავრცელებელი. შესაბამისად, თურქული გავლენის გასაძლიერებლად მესამე თეორია წამოსწიეს წინ. სამივე იდეის ხორცშესასხმელად ერდოღანმა ხისტი პოლიტიკა გაატარა და, ფაქტობრივად, ყველა მოიმდურა მსოფლიოში. არაბულ სამყაროში, ევროპაში, კავკასიაში თითქმის აღარსად ჰყავს მეგობარი. შესაბამისად, გადატრიალების მცდელობა, ფაქტობრივად, მისი 13-წლიანი ხისტი პოლიტიკის შედეგი იყო. ხალხს კარგად ახსოვს ის ერბაქანის პერიოდიდან, როგორც რელიგიური ფუნდამენტალიზმის დამკვიდრებისთვის მოქმედი აქტიური ფიგურა.

ვფიქრობ, ერდოღანი ასევე დაისაჯა პუტინთან პოლიტიკური თამაშების გამო, მას ეს არ აპატიეს. თურქეთის ეკონომიკას რუსეთიდან უდიდესი შემოსავლები ჰქონდა, რაც ურთიერთობების გაუარესების გამო დაეკარგა... ცოტა ხნის წინ პუტინს თვითმფრინავის ჩამოგდების გამო მოუბოდიშა. რუსეთმაც მოუხსნა თურქეთს თითქმის ყველანაირი სანქცია, გახსნა ტურისტული ხაზი თურქეთის მიმართულებით და ერდოღანს გაუჩნდა იმედი, რომ სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა დაუბრუნდებოდა, მაგრამ ბოლო ამბებით ყველაფერი დასამარდა. თურქეთი გახდა ძალიან არასტაბილური ქვეყანა, როგორც მთელ არაბულ სამყაროში, ისე ყველას თვალში. იქ ტურისტად ჩასვლა და ეკონომიკაში ინვესტირება ძალიან საშიშია. ფაქტობრივად, ერდოღანმა საკუთარი კარიერა ძალიან ცუდად დაამთავრა. სულ რაღაც 6-8 თვეში ყველაფერი მისთვის ცუდად დასრულდება.

გადატრიალება, როგორც სპექტაკლი?

შეთქმულების თეორიას თუ გავყვებით, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ. რაში აწყობდა ერდოღანს გადატრიალების გათამაშება? შედეგად, მივიღეთ აბსოლუტურად არასტაბილური ქვეყანა. გაუხსნეს რუსებმა ტურისტული ხაზი, მაგრამ ვინ ჩავა ასეთი ამბის შემდეგ თურქეთში, რამდენი ბიზნესმენი ჩადებს თურქეთის ეკონომიკაში ფულს? აქედან გამომდინარე, თუ ერდოღანმა ეს სპექტაკლი თვითონ დადგა, საკუთარი თავის მტერი უნდა იყოს. მით უფრო გაუგებარია ეს ბოლო პერიოდში თურქეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ქურთისტანთან, ფაქტობრივად, მასშტაბური ომია, რუსეთთანაც თითქმის ომის ზღვარზე იყო. "ისლამურ სახელმწიფოსა" და ევროკავშირთან მწვავე დაპირისპირება აქვს. თურქეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ანტიამერიკული განწყობა გაძლიერდა. ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთი ავანტიურა საბოლოოდ გაანადგურებს ერდოღანს, ამიტომაც მეეჭვება, გადატრიალება მისი დადგმული იყოს. ფაქტია, მან ყველაზე ცუდი შედეგი მიიღო. თურქეთის ეკონომიკა, ფაქტობრივად, დაინგრა, მთლიან შიდა პროდუქტს ექვსპროცენტიანი ვარდნა აქვს, ბიუჯეტში 13%-იანი დეფიციტია. ტურისტული ბიზნესი, ფაქტობრივად, მოკვდა, მოუგვარებელია ქურთების საკითხი. ვიმეორებ, ვინ იყო ამ გადატრიალების ორგანიზატორი, მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელოვანია შედეგი, ერდოღანი თავის პოლიტიკურ კარიერას მალე დაასრულებს.

რა საფრთხე ემუქრება საქართველოს?!

თურქეთის ეკონომიკის ნგრევა ცუდ გავლენას მოახდენს საქართველოს მდგომარეობაზე, რადგან თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და თურქული ეკონომიკის წილი ჩვენთან ძალიან დიდია, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ეს იქნება დამანგრეველი, რადგან ევროკავშირსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ევროკავშირი ცდილობს, აითვისოს ბაზარი, რომელსაც ისტორიულად და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად იკავებდა თურქეთი. შესაძლოა, სერიოზული პრობლემები რომელიღაც სფეროსა და სეგმენტში შეგვექმნას, მაგრამ ეს არ იქნება დიდი ხნით. ევროკავშირი შეეცდება, ჩაენაცვლოს თურქულ ბაზარს. ეს მის ინტერესებშია.

"თურქეთში ქაოსი რომ დაიწყოს..."

ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის საკითხი რომ დაისვას, ძალიან ცუდი იქნება საქართველოსთვის, რადგან ქურთისტანის სახით ახალი სახელმწიფოს შექმნა პირდაპირი სტიმული იქნება საქართველოს სეპარატისტული ანკლავებისთვის, ე.წ. სამხრეთ ოსეთი უფრო ნაკლებად, მაგრამ აფხაზეთი გააქტიურდება. თურქეთში სამოქალაქო ომის შემთხვევაში, ასევე გვემუქრება მიგრაციული პროცესები. ქართული მიგრაცია წამოვა სამშობლოსკენ, რადგან იქ არ ექნებათ სამსახური, უსაფრთხოება და ძალიან ბევრი ქართველი დაბრუნდება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს საზღვრებს ათასობით დევნილი მოაწყდეს.

ვიმედოვნებ, პროცესები უარესობისკენ არ განვითარდება, რადგან თურქეთი ჯერ კიდევ ნატოს წევრია, ამერიკელები ჯერ კიდევ თურქეთში არიან და მათი ინტერესი დიდია არა თურქეთის სახელმწიფოს, არამედ იმ გეოგრაფიული ლანდშაფტისადმი, სადაც განლაგებულია თურქეთი. ახლო აღმოსავლეთში ამერიკელების ყველაზე დიდი სამხედრო და სადაზვერვო ბაზა გერბექშირის ვილაიეთშია. აქედან გამომდინარე, გლობალური პოლიტიკური თამაშის წესებით თუ ვიმსჯელებთ, გამოვრიცხავ, სრული ქაოსი და სამოქალაქო მასშტაბური ომი დაიწყოს თურქეთში. ვიმეორებ, ამერიკელები თურქეთში არიან. რომ არ იყვნენ, ვიფიქრებდი, რომ საფრთხე სერიოზულია, დასავლური ეკონომიკაც დიდი მასშტაბით არის თურქეთში და აქედან გამომდინარე, არ ველოდები დიდ არეულობას თურქეთის სახელმწიფოში.

...ერდოღანის მოწოდებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა

15 ივლისის საღამოს თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს. ანკარისა და სტამბოლის ქუჩებში მძიმე სამხედრო ტექნიკა და ქვეითი ჯარი გამოჩნდა, ცაში კი ავიაგამანადგურებლები და სამხედრო შვეულმფრენები დაფრინავდნენ. შეიარაღებული ძალები მმართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდნენ, რისთვისაც ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოაცხადეს. სტამბოლში სამხედროებმა ბოსფორის სრუტეზე გამავალი ხიდიც გადაკეტეს. ანკარაში აჯანყებულებმა პარლამენტის შენობის ბლოკირება და ალყაში მოქცევა მოახერხეს, მოგვიანებით კი, როცა დეპუტატებმა პარლამენტს საგანგებო სხდომის ჩასატარებლად მიაშურეს, შენობა დაბომბეს. ქვეყანაში დაიბლოკა წვდომა სოციალურ ქსელებთანაც.

თურქეთში მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული ვითარება იყო... ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი მობილური ტელეფონით ჩაერთო "CNN თურქეთის" ეთერში და მიმართვა გაავრცელა. მან მოსახლეობას მოუწოდა, გასულიყვნენ ქუჩაში და შეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფოს დამხობის მსურველებს: "მე მოვუწოდებ თურქ ხალხს, შეგროვდნენ სკვერებსა და აეროპორტებში. არასოდეს მწამდა ხალხის ნებაზე ძლიერი ძალისა" - განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას ქალაქის ქუჩებში დარჩენა იქამდე სთხოვა, ვიდრე ვითარება არ დასტაბილურდებოდა... ამ მოწოდებამ გადამწყვეტი როლი შეასრულა - ხალხი მასობრივად გამოვიდა ქუჩებში და აჯანყებულთა ნაწილების ბლოკირება მოახდინა, თუმცა, ამას უმსხვერპლოდ არ ჩაუვლია. 15-16 ივლისის ღამეს დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობამ კი 1400-ზე მეტს მიაღწია. ამბოხებისთვის დააპატიმრეს 2800-ზე მეტი ადამიანი.

რას ჰყვება ქართველი თვითმხილველი

დაღუპულთა შორის, საბედნიეროდ, არ არიან ქართველები, თუმცა ბევრი მათგანი უშუალოდ აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. განსაკუთრებით კრიტიკული ვითარება იყო სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში. მოულოდნელად ატეხილი სროლის გამო მგზავრებმა, მათ შორის, ქართველებმაც, იფიქრეს, რომ ისლამისტი ტერორისტების ალყაში იყვნენ.

"ყველაფერი წამებში მოხდა. ათათურქის სახელობის აეროპორტში საფრანგეთისკენ მიმავალ რეისს ველოდებოდით. წინ თითქმის მთელი ათი საათი გვქონდა. დაახლოებით ღამის 11 საათი იყო, მეუღლემ რომ დამირეკა, თურქეთში სამხედრო გადატრიალებაა და აეროპორტიდან არ გახვიდეთო. უცებ სროლა ატყდა, დავიბენით, არ ვიცოდით, სად დავმალულიყავით. მერე უცნობმა ახალგაზრდამ კოდირებული გასაღებით ჩაკეტილი კარი შეამტვრია და სათადარიგო გასასვლელით ქალები და ბავშვები გაგვიყვანა. სამალავში ჩვენთან ერთად კატარელი შეიხი იყო. მეუღლესთან დამარეკვინა, უთხარით, რომ უვნებელი ხართო", - იხსენებს მირანდა ლომიძე.

თურქეთში საქართველოს ელჩი: "ყველაზე მძიმე მდგომარეობა ანკარაში იყო"

"კვირის პალიტრასთან" საუბარში თურქეთში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ განაცხადა, რომ მდგომარეობა განსაკუთრებით დრამატული იყო ანკარაში, ვიდრე სტამბოლში, რადგან გადატრიალების ორგანიზატორები ცდილობდნენ, ანკარაში ყველა სახელმწიფო ორგანიზაციის, პარლამენტისა და ტელევიზიების შენობები დაეკავებინათ.

"ანკარაში მთელი ღამე ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. აჯანყებულები ცდილობდნენ, როგორმე შეეღწიათ გენშტაბში, პარლამენტში, ტელევიზიისა და ყველა საკვანძო მნიშვნელობის სახელმწიფო ორგანიზაციის შენობაში. პარლამენტის შენობაზე ხუთი ბომბი ჩამოაგდეს... 3000-მდე მეამბოხე აყვანილია, მათ შორის გენერლები და სხვა მაღალჩინოსანი სამხედრო პირები. ეს იყო გადატრიალების მცდელობა. თუმცა მდგომარეობა სტაბილიზაციისკენ მიდის. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ძალებმა სრული კონტროლის შესაძლებლობა დაიბრუნეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეამბოხეების ერთი ვერტმფრენი საბერძნეთის ტერიტორიაზე დაჯდა და თურქეთის ხელისუფლება მის გადმოცემას ითხოვს. იმედია, თურქეთის ხელისუფლება უმოკლეს დროში შეძლებს პროცესების სრულფასოვან მართვას".

სამხედრო გადატრიალებები თურქეთში

2016 წლის 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთის უახლეს ისტორიაში მეხუთე იყო.

სამხედრო გადატრიალებების ანგარიში 1960 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც თურქმა სამხედროებმა დააკავეს მმართველი დემოკრატიული პარტიის წევრები და დასაჯეს. პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოახრჩვეს. მაშინ სამხედროებს მხარი მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა.

1971 წელს არმიამ აიძულა პრემიერ-მინისტრი სულეიმან დემირელი, გადამდგარიყო. კონსტიტუციაში შეიტანეს შესწორება, რომელიც არმიას უფლებას აძლევდა, ჩარეულიყო ქვეყნის პოლიტიკურ მართვაში.

1980 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, სამხედროების "ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ" დაამხო ხელისუფლება და 230 ათასამდე მოქალაქე გაასამართლა.

1997 წელს თურქმა სამხედროებმა აიძულეს პრემიერ-მინისტრი ერბაქანი, შეეცვალა რამდენიმე კანონი, რათა თურქეთი ისლამისტური ქვეყანა არ გამხდარიყო. მაშინ თურქი გენერლების პოზიცია უფრო პროგრესული ჩანდა, ვიდრე ხელისუფლების.

კრიტიკული 12 საათი

16 ივლისის მონაცემებით, 200-ზე მეტი დაღუპული, 1 400-ზე მეტი დაჭრილი, 2 800 დაპატიმრებული სამხედრო, დაბომბილი პარლამენტი, ტანკები ქუჩებში, ჩამოყრილი შვეულმფრენები, მძევლად აყვანილი ფრეგატის ეკიპაჟი - ეს ყველაფერი 12 სთ-ის განმავლობაში მოხდა ჩვენს მეზობლად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის წევრ თურქეთში. ამ ქვეყნისთვის სამხედრო გადატრიალებები უცხო არ არის, თუმცა 1960 წლიდან მოყოლებული, ოთხივე გადატრიალება თურქი სამხედროების გამარჯვებით დამთავრდა, რამაც საშუალება არ მისცა ისლამისტებს, თურქეთი ისლამისტურ სახელმწიფოდ გადაექციათ.

თურქი გენერლებისა და ჯერ პრემიერ-მინისტრ, ახლა კი პრეზიდენტ ერდოღანის მწვავე დაპირისპირება არავისთვის საიდუმლო არ ყოფილა. თურქი გენერლების ნაწილი თვლის, რომ ერდოღანის პოლიტიკა ქვეყანაში რადიკალური ისლამისტების პოზიციას აძლიერებს, რასთან შეგუებასაც ქემალისტი სამხედროები არ აპირებენ. სამხედროებისთვის ასევე მიუღებელია, რომ ქურთების წინააღმდეგ ანტიპარტიზანულ ოპერაციებში სამხედროთა მსხვერპლი იზრდება და ისიც, რომ ზოგიერთ მაღალჩინოსანს "ისლამურ სახელმწიფოსთან" შეიძლება ფარული ურთიერთობა ჰქონდეს.

არც ის არის გამოსარიცხი, რომ თურქი გენერლების მოთმინების ფიალა მას შემდეგ აივსო, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა, ბევრისთვის მოულოდნელად, რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების გამო კრემლს ბოდიში მოუხადა და მოსკოვს ინჯირლიყის სამხედრო აეროდრომის გამოყენებაც შესთავაზა.

წინასწარი ინფორმაციით, 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი იყო სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, რომელსაც მხარი პილოტებისა და სამხედრო პოლიციის ნაწილმა დაუჭირა. ჩანს, ისინი დიდხანს ემზადებოდნენ - ტანკებით გადაკეტეს ბოსფორის ხიდი, იერიში მიიტანეს პარლამენტზე, აეროპორტზე, ტელევიზიაზე, დაზვერვის სამსახურზე და ა.შ. თუმცა ყველაფერი ვერ გათვალეს.

ერდოღანმა მოიგო იმით, რომ თავის მომხრეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ქუჩაში ტანკის წინ გაწოლილი მოქალაქის კადრი საინფორმაციო ომში გამარჯვების უტყუარი მაჩვენებელია, რადგან უდავოა, რომ როგორც თურქეთის მოქალაქეების, ისე მსოფლიოს სიმპათია ერდოღანის ხელისუფლების მხარეს გადაიხრებოდა და არა - ტანკის კოშკურაში მსხდომებისკენ.

ირაკლი ალადაშვილი

ვინ არის გიულენი?

ფეთჰულაჰ გიულენი მწერალი და ყოფილი იმამია. დაიბადა 1941 წელს ქურთულ ოჯახში, ქალაქ ერზრუმთან. 12 წლის იყო, პირველად რომ იქადაგა. 1982 წელს მისი პირველი ისლამური სკოლა გაიხსნა.

1999 წლიდან პენსილვანიაში (აშშ) ცხოვრობს. დაფუძნებული აქვს სკოლებისა და უნივერსიტეტების ქსელი მთელ მსოფლიოში (1000-ზე მეტი სკოლა მსოფლიოს 160 ქვეყანაში). 2008 წელს Prospect-ი და Foreign Policy მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ინტელექტუალად ასახელებს. ჟურნალმა TIME-მა კი მსოფლიოს 100 გავლენიანი ადამიანის სიაში შეიყვანა.

გიულენი და ერდოღანი ერთ დროს მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ. 1999 წელს მათ შორის განხეთქილება ჩამოვარდა. გიულენი აშშ-ში წავიდა სამკურნალოდ და თურქეთში აღარ დაბრუნებულა. მას შემდეგ ერდოღანმა გიულენსა და მის მომხრეებზე ნადირობა დაიწყო.

გიულენი სათავეში უდგას მოძრაობა "ჰიზმეთს", რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს არა მარტო თურქეთში. მას და მის იდეებს მომხრეები თურქეთის სამართალდამცავ სტრუქტურებში, არმიასა და სხვა სახელმწიფო უწყებებშიც ჰყავს. ერთ-ერთი გამოსვლისას ერდოღანმა მათ "სახელმწიფო სახელმწიფოში" უწოდა.

ბოლო ორი წელია განსაკუთრებით გამწვავდა ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება. ერდოღანი მუდმივად იმეორებდა, რომ გიულენსა და მის ორგანიზაცია "ჰიზმეთს" ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა და მართვის სადავეების ხელში ჩაგდება სურთ. გიულენსვე ჰბრალდებოდა 2013 წელს ერდოღანის ხელისუფლებაში კორუფციული სკანდალის გამოაშკარავება. 2014 წელს თურქეთის სასამართლომ გიულენის დაპატიმრების ორდერი გასცა. თურქული მხარე ინტერპოლს გიულენის წითელი ცირკულარით ძებნას სთხოვდა, თუმცა ინტერპოლმა არ გაითვალისწინა ეს მოთხოვნა.

2016 წლის მარტში ერდოღანმა გიულენს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქურთებით დასახლებულ რეგიონში ვითარების გამწვავებაში დასდო ბრალი. მოგვიანებით, თურქულმა პოლიციამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 90 კაცი დააკავა, მაისში კი, იზმირში, იმავე ბრალდებით კიდევ 29 პირი დააპატიმრეს. გიულენს არასოდეს უთქვამს, რომ თურქეთის ხელისუფლებაში მოსვლა სურს. იშვიათად ჩნდება საჯაროდ და ჟურნალისტებთან შეხვედრაზეც უარს ამბობს.

გიულენი რელიგიური ექსტრემიზმისა და ისლამისა თუ რელიგიის პოლიტიზების წინააღმდეგია. ის ქადაგებს ტრადიციულ თურქულ ისლამს და მას განიხილავს როგორც თანაგრძნობისა და სოციალური თანადგომის რელიგიას. მიაჩნია, რომ ისლამი და დემოკრატია თავსებადია.

გიულენი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მომხრეა, თუმცა თვლის, რომ დასავლური ყაიდის ფემინიზმი, რომელიც სავსეა მამაკაცების სიძულვილით, განწირულია მარცხისთვის, ისევე, როგორც ყველა სხვა რადიკალური მიმდინარეობა.

ეკა ლომიძე