ტერორიზმის ქრონიკები - კვირის პალიტრა

ტერორიზმის ქრონიკები

2015-2016 წლებში ევროპაში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტები

14 ივლისი, 2016 წ.

საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღის ფეიერვერკებით აღნიშვნის დროს ქალაქ ნიცის სანაპიროზე მდგარ ხალხში სატვირთო ავტომობილი შეიჭრა. მძღოლი რაც შეიძლება მეტი ადამიანის გასრესას ცდილობდა. ის პოლიციელებმა 30 გასროლით მანქანის კაბინაში ჩაცხრილეს. ტერორისტს აღმოაჩნდა პისტოლეტი, ხელყუმბარისა და გრძელლულიანი თოფის მულაჟები. 31 წლის ტუნისელს ადგილობრივი პოლიცია იცნობდა, როგორც ხულიგანს, თუმცა სპეცსამსახურები მასზე, როგორც პოტენციურ ტერორისტზე, არ ეჭვობდნენ. მან გამოიყენა ტერორისტული აქტის განხორციელების ახალი, თუმცა ბომბის აფეთქებაზე არანაკლებ საშიში მეთოდი, რის შედეგად დაიღუპა 84 ადამიანი, 202 კი დაშავდა.

28 ივნისი, 2016 წ.

თურქეთში, სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელში, ორმა ტერორისტმა ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა და პოლიციის ყურადღება მიიპყრო, რითაც ისარგებლა ორმა კამიკაძე-ტერორისტმა, შეაღწია აეროპორტის ტერმინალში და თავი მგზავრებს შორის აიფეთქა. ტერორისტები, სავარაუდოდ, ჩრდილო კავკასიიდან და შუა აზიიდან იყვნენ და "ისლამური სახელმწიფოს" დავალებით მოქმედებდნენ.

პარიზში რესტორნის სტუმრები ავტომატიდან დაცხრილეს

22 მარტი, 2016 წ.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში სამი ტერორისტული აფეთქება მოხდა: ორი - აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, ერთი კი - მეტროპოლიტენის ვაგონში. აფეთქებები კამიკაძე-ტერორისტებმა განახორციელეს.

ტერაქტების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 340 დაიჭრა.

13 მარტი, 2016 წ.

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ავტობუსების გაჩერებაზე აფეთქდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შუა იდგა. თითის ანაბეჭდებით ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დანაღმულ მანქანაში თვითმკვლელი ქალი-ტერორისტი იჯდა.

ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა, 125 კი დაშავდა.

ბრიუსელის აეროპორტში ვიდეოკამერამ კამიკაძე-ტერორისტები აფეთქებამდე დააფიქსირა

13 ნოემბერი, 2015 წ.

პარიზში ტერორისტული აქტების სერია განხორციელდა. სამი აფეთქება მოხდა იმ სტადიონის გარეთ, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. ამავე დროს, ტერორისტებმა ერთ-ერთ რესტორანში ხალხს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნეს, თეატრში კი მძევლები აიყვანეს.

ტერაქტების სერიის შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი დაშავდა. პასუხისმგებლობა ტერაქტების განხორციელებაზე "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

31 ოქტომბერი 2015 წ.

ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხიდან რუსეთის სანქტ-პეტერბურგისკენ გაფრენილი სამგზავრო "აერბასი" აფრენის 23-ე წუთზე ჰაერში აფეთქდა და მისი ნამსხვრევები სინის ნახევარკუნძულზე გაიფანტა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა ეკიპაჟის შვიდი წევრი და 217 მგზავრი. ეს ავიაკატასტროფა რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად ითვლება.

ანკარაში ორი აფეთქება სამი წამის ინტერვალით მოხდა

წინასწარი გამოძიების თანახმად, სამგზავრო ლაინერის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერმა აეროპორტის თანამშრომელმა აიტანა. თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, გამაგრილებელი სასმლის ალუმინის ქილაში იყო ჩამონტაჟებული. მასში მხოლოდ რამდენიმე ასეული გრამი ტროტილი თუ ჩაეტეოდა, რაც არასაკმარისი იქნებოდა სამგზავრო ლაინერის გასანადგურებლად, მაგრამ იმის გამო, რომ აფეთქება 9 კმ სიმაღლეზე მოხდა, ატმოსფერული წნევის უსწრაფესმა ცვალებადობამ და 755 კმ/სთ სიჩქარემ თვითმფრინავის კონსტრუქცია ჰაერშივე დაშალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწობილობა იმ სავარძლის ქვეშ დადო, რომელზეც 15 წლის პეტერბურგელი გოგონა დაჯდა.

10 ოქტომბერი, 2015 წ.

ამ დღეს თურქეთის ისტორიაში ყველაზე დიდი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. ანკარის სარკინიგზო სადგურის მიმდებარედ, ერთმანეთის მიყოლებით, სამი წამის ინტერვალით, ორი აფეთქება მოხდა, რომლებიც ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მოედანზე შეკრებილი იყვნენ მშვიდობიანი მომიტინგეები, რომლებიც ქურთების წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას აპროტესტებდნენ. ორი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა 95 ადამიანი, 246 კი დაიჭრა.