"მკვლელს მსხვერპლი შეეშალა" - კვირის პალიტრა

"მკვლელს მსხვერპლი შეეშალა"

"მკვლელობის კვალი რუსული სპეცსამსახურებისკენ მიდის..."

"დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში 20 ივლისის ღამეს ქალმა დაამონტაჟა"

კიევში ცნობილი ჟურნალისტი, არაერთი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი პაველ შერემეტი მოკლეს. მანქანაში, რომლითაც იგი მგზავრობდა, კრიმინალისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. შერემეტის არაერთი კოლეგის აზრით, ჟურნალისტის ტრაგიკული სიკვდილი მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. მათი განცხადებით, პაველ შერემეტს არაერთხელ გაუკრიტიკებია მშობლიური ბელორუსიის, რუსეთისა და უკრაინის პოლიტიკური ლიდერები. 2000 წელს "უკრაინსკაია პრავდას" ცნობილი ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე მოკლეს. პაველ შერემეტიც ამავე გამოცემაში მუშაობდა. დეტალებზე "კვირის პალიტრას" უკრაინელი ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკო ესაუბრა:

- პაველ შერემეტი კიევში საცხოვრებლად დაახლოებით ხუთი წლის წინ გადმოვიდა. მას რუსულ პოლიტიკურ ელიტაში კარგად იცნობდნენ, უკრაინულ პოლიტიკურ სპექტრში კი გავლენიან ფიგურად არ ითვლებოდა. კიევში ჟურნალისტური კარიერა მან ქვეყნის მეორეხარისხოვან ტელეკომპანიაში დაიწყო, ბოლო პერიოდში კი პრორუსულ რადიო "ვესტიში" მუშაობდა, რომელსაც იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აფინანსებდა. შერემეტი არც ჟურნალისტურ გამოძიებებს ატარებდა. მიუხედავად ამისა, მის მკვლელობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მსოფლიოში ხმაური მოჰყვა, თუმცა ხმაური მას კი არა, მის მეუღლეს უკავშირდება. ასაფეთქებელი მოწყობილობაც სწორედ მისი მეუღლის ავტომობილში დამონტაჟდა. შერემეტის მეუღლე ალიონა პრიტულა უკრაინული ინტერნეტგამოცემის, "უკრაინსკაია პრავდას" მფლობელი და მთავარი რედაქტორია. სწორედ მისი თანაშემწე და ახლო მეგობარი გახლდათ გიორგი ღონღაძე. ცნობილი ინტერნეტგამოცემა ღონღაძემ და პრიტულამ ერთობლივად დააფუძნეს. ღონღაძისა და შერემეტის მკვლელობებს შორის არაერთი იდენტური დეტალის გამოკვეთა შეიძლება - შერემეტი პრიტულას ბინიდან გამოსული ააფეთქეს, ღონღაძეც მეგობარი ქალბატონის ბინიდან გამოსვლის შემდეგ გაიტაცეს და მოგვიანებით მოკლეს. 2000 წლის სექტემბერში ღონღაძის მკვლელობამ უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. როგორც ჩანს, ამჯერადაც მკვლელობის მოტივი ეს იყო, თუმცა მკვლელს მსხვერპლი შეეშალა.

- სად მიდის გამოძიების კვალი?..

- როგორც საზოგადოებაში, ისე ჟურნალისტურ წრეებში მკვლელობის კვალი რუსული სპეცსამსახურებისკენ მიდის. როგორც ჩანს, მთავარი მიზანი, ღონღაძის მკვლელობის მსგავსად, უკრაინაში პოლიტიკური დესტაბილიზაციის დაწყება იყო. თუ ამ მკვლელობაში სპეცსამსახურების კვალი დადასტურდა, უახლოეს მომავალში პოროშენკოსა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ კომპრომატების ომს უნდა ველოდოთ.

სწორედ ასე მოხდა ღონღაძის მკვლელობის შემდეგაც - მისი მკვლელობიდან რამდენიმე დღეში მაღალჩინოსნებზე არაერთი კომპრომატი გამოაქვეყნეს, რომლებიც კუჩმას კაბინეტში იყო ჩაწერილი. ვფიქრობ, თავდაპირველად კომპრომატებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ ავაკოვზე უნდა ველოდოთ.

- აფეთქების ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოღებულია. რატომ ვერ მიაგნო გამოძიებამ ამ დრომდე კილერს?

- პროკურატურამ ამოიღო ვიდეოჩანაწერები სათვალთვალო კამერებიდან, რომლებიც პრიტულას სახლთან არის დამონტაჟებული. დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში 20 ივლისის ღამეს ქალმა დაამონტაჟა. საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებიც ჩაერთნენ. დადგენილია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციური მართვის იყო, ანუ მკვლელი შერემეტიდან დაახლოებით 50-100 მეტრის მოშორებით იმყოფებოდა.

- თუ მანქანაში ბომბი შერემეტის მეუღლის ასაფეთქებლად დამონტაჟდა, რატომ ჩართო ასაფეთქებელი მოწყობილობა იქვე მყოფმა მკვლელმა, თუ დაინახა, რომ ავტომობილში შერემეტი იმყოფებოდა?

- სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერების მიხედვით, მკვლელი ქუჩაში არ დგას. სავარაუდოდ, ის შენობას აფარებდა თავს, როდესაც ბომბი აამოქმედა. ამიტომ არ არის გამორიცხული, მას ავტომობილში მჯდომი შერემეტი ვერ დაენახა. ქალბატონის ამოცნობა, რომელიც ბომბს ამონტაჟებს, შესაძლებელია, თუმცა რატომღაც ამაზე გამოძიება ჯერ დუმს.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, შერემეტის მკვლელობის საქმის გახსნა მისი პრესტიჟის საქმეა, თუმცა ამ განცხადებამ ჟურნალისტებს მხოლოდ ღიმილი მოჰგვარა. 2015 წლიდან, მას შემდეგ, რაც ის უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გახდა, "რეფორმების" დამსახურებაა, რომ რამდენიმე თვეში უკრაინის პოლიცია სპეციალისტებისა და აგენტების გარეშე დარჩა. დღეს უკრაინაში "ქურდული გარჩევები" და ავტომობილების გატაცება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, საქმის გახსნის მაჩვენებელი კი ნულამდეა დაყვანილი.

ჟურნალისტებზე "მონადირენი"

2015 წელს მსოფლიოში მოკლეს 110 ჟურნალისტი, მათ შორის 67 ჟურნალისტური საქმიანობის გამო, 43-ის მკვლელობის მიზეზი კი გაურკვეველია.

2015 წელს ყველაზე მეტი - თერთმეტი ჟურნალისტი - მოკლეს ერაყში, ათი - –სირიაში, რვა- საფრანგეთში. საფრანგეთში მოკლული ჟურნალისტების ასეთი დიდი რაოდენობა "შარლი ებდოზე" ტერორისტული თავდასხმის შედეგია.

2015 წელს მძევლად აიყვანეს 54 ჟურნალისტი: ოცდაექვსი - სირიაში, ცამეტი - იემენში, ათი- ერაყში, ხუთი - ლიბიაში. დაპატიმრებულია 153 ჟურნალისტი, მათგან ოცდასამი - ჩინეთში, ოცდაორი - ეგვიპტეში.

2016 წელს მსოფლიოს 18 ქვეყანაში 40 ჟურნალისტია მოკლული. მათგან ავღანეთში - რვა, მექსიკაში - ხუთი, იემენში - ხუთი, ერაყში - სამი, თურქეთში - სამი, სირიაში - ორი, პაკისტანში - ორი. ჟურნალისტებს კლავდნენ სხვა ქვეყნებშიც.

რუსუდან შელია