"რატომ კლავენ სტუდენტები?" - კვირის პალიტრა

"რატომ კლავენ სტუდენტები?"

ბრეივიკის აჩრდილი მიუნხენში

ნიცის ტერაქტიდან ზუსტად ერთ კვირაში ტერორისტი გერმანიაშიც გამოჩნდა - მიუნხენის სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში" სროლის ხმა გაისმა. "გლოკის" ტიპის პისტოლეტით შეიარაღებულმა 18 წლის წარმოშობით ირანელმა გერმანიის მოქალაქემ ათი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 27 მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. დაჭრილებს შორის რამდენიმე ბავშვია. როგორც პოლიციამ დაადგინა, თავდამსხმელი ბავშვების მიმართულებით გამიზნულად ისროდა. როგორც ჩანს, ადგილიც სწორედ ამ პრინციპით შეარჩია - სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიის" მახლობლად "მაკდონალდსის" რესტორანია.

ტერაქტიდან რამდენიმე წუთში სოციალურ ქსელში პირველი კადრებიც გავრცელდა, რომლებშიც თავდამსხმელის ხმაც ისმის: "უცხოელებო, მე გერმანელი ვარ და გერმანიაში ვცხოვრობ, თქვენი ადგილი აქ არ არის". რამდენიმეწუთიანი სროლის შემდეგ, პოლიციის გამოჩენამდე, ტერორისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი გვამი სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილიდან ერთ კილომეტრში იპოვეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე კიდევ ორი ტერორისტი იყო, თუმცა სხვების მონაწილეობა ტერაქტში ამ დრომდე არ დასტურდება. არც ის დასტურდება, რომ ტერორისტს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი. ტერაქტის მეორე დღეს მიუნხენის პოლიციის უფროსმა ჰუბერტუს ანდრემ გამოძიების პირველადი ანგარიშის წარდგენისას სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა - 18 წლის თავდამსხმელს ნორვეგიელ ტერორისტ ანდერს ბრეივიკთან ჰქონდა კავშირი, თუმცა კონკრეტულად რა კავშირზეა ლაპარაკი, სამართალდამცავები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ.

ბრეივიკმა ოსლოში ტერაქტი ზუსტად ხუთი წლის წინ, 2011 წლის 22 ივლისს დაგეგმა. როგორც გერმანელი სამართალდამცავები ამტკიცებენ,

ტერორისტმა მიუნხენის ტერაქტი ოსლოს ტერაქტის ხუთი წლის "აღსანიშნავად" ჩაიფიქრა. ცნობილია, რომ თავდამსხმელი ფსიქიკურად დაავადებული იყო. მისი ოთახის ჩხრეკისას აღმოაჩინეს გაზეთის ამონაჭრები შეტაკებების შესახებ და სტატია სათაურით - "რატომ კლავენ სტუდენტები?"

ტერაქტის დროს სავაჭრო ცენტრთან ქართველებიც იყვნენ, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაშავებულა.

ხატია გოგილავა, სტუდენტი: "სრული ქაოსი იყო, ყველა სადღაც გარბოდა. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ამ დროს მეგობარმა ხელი მომკიდა და სავაჭრო ცენტრის დარბაზისკენ გამიყვანა. პოლიციამ გარეთ არ გახვიდეთო, მკაცრად გაგვაფრთხილა, მაგრამ ირგვლივ ისეთი არეულობა იყო, პოლიციელებს ხალხის ტალღის შესაჩერებლად რამდენიმე წუთი დასჭირდათ. ჩემი ქართველი მეგობარი ამ დროს "მაკდონალდსში" იყო. მაშინვე მას დავურეკე. მადლობა ღმერთს, გადარჩა".

მიუნხენში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამოქალაქო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, პოლიციამ კი მოქალაქეებს მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ქუჩაში გასვლას მოერიდონ. ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული, მოწმდება მატარებლები და საქალაქთაშორისო ავტობუსებიც.

ერთ კვირაში ორი ტერაქტი...

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გერმანიაში ეს უკვე მეორე ტერორისტული აქტია. 18 ივლისს დანითა და ნაჯახით შეიარაღებული 17 წლის ავღანეთიდან დევნილი მატარებელში მშვიდობიან მოქალაქეებს დაესხა თავს. ხუთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი გარდაიცვალა. მაშინ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო...

რუსუდან შელია