"თურქეთში ამბოხების მონაწილეებს საქართველოს იმედი ნუ ექნებათ!"
22-08-2016
"თურქეთში ამბოხების მონაწილეებს საქართველოს იმედი ნუ ექნებათ!"
"ჩვენთვის ძალიან არასასურველია, ადილ ოკსუზი­ აქ იმყოფებოდეს"

"ერდოღანმა შეიძლება თურქეთის დანარჩენ ტერიტორიაზე თავისი­ პოლიტიკური იმიჯი აღიდგინოს და პრობ­ლემებსაც გაუმკლავდეს, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც ქურთები მჭიდროდ სახლობენ, პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება"


გასულ კვირას თურქულმა გამოცემა Daily Sabah-მა ჩვენთვის არასასურველი ინფორმაცია გაავრცელა - გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქე, ადილ ოკსუზი, საქართველოში იმყოფება. საქართველოს შსს-მ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა კითხვები მაინც დარჩა:­ კერძოდ, ამბოხების რომელიმე მონაწილემ
საქართველოს ტერიტორია ტრანზიტულ გზად ხომ არ გამოიყენა? როგორ უნდა მოიქცეს ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება? - "კვირის პალიტრას" ექსპერტი ბადრი ნაჭყებია ესაუბრა:

- თურქეთში სერიოზული პროცესები­ მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება სამგვარად დავყოთ: პირველი - ის, რაც ხდება­ თურქეთ-სირიის საზღვართან, მეორე­ - შიდასამოქალაქო პროცესები და მესამე - ტერორისტული
აქტები, რომლებზე პასუხისმგებლობასაც ხან "ისლამური სახელმწიფო", ხანაც ქურთთა მუშათა პარტია იღებს. ამ უკანასკნელის მიმართ თურქეთში­ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ამ ძალის ერთი ფრთა აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებას პარტიზანულად ებრძვის და მშვიდობიან მოსახლეობასთან პრეტენზია არა აქვს, რომ ისინი სამხედროებს, პოლიციელებსა და სპეცსამსახურებს ესხმიან­ თავს. აშკარაა, რომ დროთა განმავლობაში ქურთების საკითხი კიდევ უფრო გამწვავდება. ამას ერთვის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის დაძაბვა ზემოთ აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო გაართულებს.

- თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით,­ გასულ კვირას ვანის პრო­ვინციაში მომხდარი აფეთქების უკან ქურთთა მუშათა პარტია დგას...

- დიახ, ვანის პოლიციის განყოფილების­ შენობასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რამაც 7 კაცის სიცოცხლე შეიწირა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 70-ს გადააჭარბა. მალევე აფეთქება მოხდა თურქეთის­ აღმოსავლეთში, ქალაქ ელაზიგში, დანაღმული ავტომობილი ისევ პოლიციის განყო­ფილებასთან აფეთქდა და დაიღუპა 3 კაცი, დაშავდა 120 კაცზე მეტი. მომხდარზე "ისლ­ამურ სახელმწიფოს" არ აუღია­ პასუხისმგებლობა, თურქეთის ხელისუფლებამ კი ქურთი ბოევიკები დაადანაშაულა. ვანის პროვინცია ქურთებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. რამდენიმე ქალაქში (განსაკუთრებით, დიარბაქირში), ფაქტობრივად,­ სამოქალაქო ომია. ქალაქში თურქეთის ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკა შეიყვანა და საბრძოლო მოქმედებებში ავიაციასაც იყენებს. ჩემი აზრით, ერდოღანმა შეიძლება თურქეთის დანარჩენ ტერიტორიაზე თავისი­ პოლიტიკური იმიჯი აღიდგინოს და პრობ­ლემებსაც გაუმკლავდეს, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც ქურთები მჭიდროდ სახლობენ, პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება.

- Daily Sabah-ის ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზ­ებაში ეჭვმიტანილი თურქეთის მოქალაქე საქარ­თ­ველოშია... არსებობს საფრთხე, რომ ის ან სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი­ სხვა პირები ჩვენთან მართლაც იმყოფებოდნენ?

- გამორიცხული არაფერია. თურქეთის ხელისუფლებამ ათასობით კაცი ძებნილად გამოაცხადა და მათ შორის ვიღაც შეიძლება საქართველოშიც იმალებოდეს. თუმცა, თუკი თურქეთის სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილი პირი საქართველოს ტერიტორიაზე მოხვდება, ის გეზს დასავლეთის­ ან აშშ-ისკენ აიღებს, აქ არ გაჩერდება. ჩვენთვის ძალიან არასასურველია, ადილ ოკსუზი­ აქ იმყოფებოდეს. თურქეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაძაბვა არაფერში გვჭირდება. გამოცემა, რომელშიც ეს ინფორმაცია­ გამოქვეყნდა, საკმაოდ რეიტინგულია. ის არ აზუსტებს წყაროს, თუმცა წერს, რომ ადილ ოკსუზი საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს. ახლა საქართველოში ტურისტული სეზონია და ათასობით თურქეთის მოქალაქეა ჩამოსული. არ არის გამორიცხული, მან საქართველო ტრანზიტად მართლაც გამოიყენა...

- შსს-ს ინფორმაციით, ადილ ოკსუზი საქართველოში არ იმყოფება...

- დარწმუნებული ვარ, შსს-მ გადა­ამოწმა­ და ისე გაავრცელა ინფორმაცია. სავარაუდოდ, ამჟამად აქ მართლაც არ არის.

- და მაინც, რადგან წყარო არ სახელდება, შესაძლებელია, თურქულ პრესაში­ გაჟონილი ინფორმაცია რაღაც ინტერესს ემსახურებოდეს?

- შესაძლოა, მსგავსი ინფორმაციით საქართველოს აფრთხილებენ, რათა მან თურქეთში მიმდინარე პროცესებისგან თავი შორს დაიჭიროს.

- საქართველოს ხელისუფლებამ როგორ უნდა იმოქმედოს ასეთ ვითარებაში?

- საქართველოს ხელისუფლების მესიჯი უნდა იყოს ის, რომ თურქეთის ხელ­ისუფლებასთან მაქსიმალურად ითანამშ­რომლებს, როგორც კი მსგავსი ფაქტი გამოვლინდება. შესაბამისად, ამბოხების მონაწილეებიც მიხვდებიან, რომ საქართველო­ მათ ჩვენს ტერიტორიაზე ყოფნას არ მიესალმება და ჩვენი იმედი ნუ ექნებათ.

- თურქეთში მომხდარი არეულობის შემდეგ თურქეთის საელჩოში მიიწვიეს განათლების მინისტრი და ქართველი ექსპერტები. არსებობდა­ ეჭვი, რომ თურქეთის ხელისუფლება საქართველოში არსებული თურქული სასწავლებლე­ბის დახურვას მოითხოვდა.

- საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. ჩანს, თურქულ მხარეს აინტერესებდა, რა პროც­ესები მიმდინარეობს ამ სასწავლებლებში და მათ საწინააღმდეგოდ ხდება თუ არა რამე... ამასთან, თურქეთის ელჩმა­ ქართველ ექსპერტებს მოგვიწოდა, რეალურად შევაფასოთ ვითარება. განმარტა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობას არც თურქმა­ საზოგადოებამ და არც სამხედროებმა მხარი არ დაუჭირეს, რომ თურქეთში დემოკრატია­ გარკვეულწილად ისევ დაცულია. თუმცა ექსპერტებმა შეშფოთება გამოვხატეთ, თურქეთში სიკვდილით დასჯის მუხლის კვლავ ამოქმედების თაობაზე, რაზეც პირდაპირი­ პასუხი არ გაგვცეს. აქედან გამომდინარე, მივხვდი, რომ პროცესები საკმაოდ მწვავეა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მხოლოდ იმ ტენდენციებს მიჰყვება,­ რომელიც თურქეთის ხელისუფლებას მოც­ემულ მომენტში აქვს. ფაქტია, თურქეთს სურს, ხედავდეს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ კი მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ სტაბილურობას მეზობელ სახელმწიფოში.
ეს ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ეკა ასათიანი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით