"რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა ყირიმის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - ვინ აპირებს შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალების გამოგზავნას? - კვირის პალიტრა

"რუსეთი მზადაა გამოიყენოს სამხედრო ძალა ყირიმის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ" - ვინ აპირებს შავი ზღვის რეგიონში სამხედრო ძალების გამოგზავნას?

როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთი და აშშ მზად არიან, ნატო-ს სამხედრო ყოფნის გასაძლიერებლად, შავი ზღვის რეგიონში საკუთარი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები გაგზავნონ.

ბრიუსელში ნატო-ს ორდღიანი მინისტერიალი იმართება, რომლის ფარგლებშიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრები უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ პროგრესზე ნატო-ს ყოფნის გაძლიერებაში შავი ზღვის რეგიონში. მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი ჩვენს სამხედრო ყოფნაში შავი ზღვის რეგიონში, მათ შორის ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში. ესენი არიან: კანადა, გერმანია, ნიდერლანდები, პოლონეთი, თურქეთის და აშშ. სხვა წევრი სახელმწოფები ასევე განიხილავენ, რა გზით შეუძლიათ კონტრიბუცია...

შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ნატო-ს საზღვრების სიახლოვეს განხორციელებული სამხედრო აქტივობის, მათ შორის სწავლება „კავკაზ 2016“-ის და რუსეთის მიერ კალინინგრადის ოლქში ისკანდერის სარაკეტო კომპლექსების განლაგების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის საქციელით. მაგრამ დიალოგი მით უფრო მნიშვნელოვანია მაშინ, როცა დაძაბულობა იზრდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს, თუმცა რუსეთის ქმედებებზე რეაგირება უნდა მოახდინოს.

"ნატო რუსეთთან კონფრონტაციას არ ეძებს. ჩვენ ახლა ცივი ომი და შეიარაღების ახალი რბოლა არ გვსურს და სწორედ ამიტომ, ნატო-ს ქმედებები არის თავდაცვითი და პროპორციული. ამავდროულად, ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს, როცა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვხედავთ, რომ რუსეთი არსებითად აძლიერებს სამხედრო პოტენციალს, ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზებას ახდენენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავინახეთ, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობელი ყირიმის, უკრაინისა და ასევე საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ასევე ვნახეთ რუსეთის მუქარებით სავსე რიტორიკა“.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით