ამერიკელმა "ჟირინოვსკიმ" პროგნოზები თავდაყირა დააყენა - რა საერთო აქვთ ჩინელ შიმპანზესა და მიხეილ სააკაშვილს - კვირის პალიტრა

ამერიკელმა "ჟირინოვსკიმ" პროგნოზები თავდაყირა დააყენა - რა საერთო აქვთ ჩინელ შიმპანზესა და მიხეილ სააკაშვილს

აშშ-ში დასრულებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა ყოველგვარი წინასწარი პროგნოზი თავდაყირა დააყენა და მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები დიდი გაურკვევლობის წინაშე დააყენა.

წინასწარი გამოთვლებით ქალბატონი ჰილარი კლინტონი მცირედით, მაგრამ მაინც სჯობდა მილიარდერ დონალდ ტრამპს. ყველა შეგუებული გახლდათ, რომ ქალი გაიმარჯვებდა და ამაში თავად ბილ კლინტონის მეუღლეც დარწმუნებული იყო. მან წარმატების აღმნიშვნელი საზეიმო ფოიერვერკიც კი წინასწარ შეუკვეთა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამერიკულმა საზოგადოებამ სხვაგვარად განსაჯა. მან ქვეყნის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი არ ისურვა და უპირატესობა პოპულისტური ლოზუნგების "ავტორსა" და ამერიკელ "ჟირინოვსკად" შერაცხულ ტრამპს მიანიჭა.

სწორი არჩევანი გააკეთა თუ არა ოკეანისგაღმელმა ამომრჩეველმა ამას მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ მთელი მსოფლიო "გაოგნებულია" და ხვალინდელ დღეს დაძაბულობითა და ერთგვარი შიშით ელოდება.

კი გახლდათ წინასწარი პროგნოზები ჰილარი კლინტონის სასარგებლოდ, მაგრამ მას ალბათ ერთი უბრალო "ნათელმხილველი" შიმპანზესათვის მაინც უნდა დაეჯერებინა. პრიმატი ჩინეთის ქალაქ შანხაის ზოოპარკში ცხოვრობს და წინასწარმეტყველების განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა. საინტერესოა, რომ გასულ წელს მაიმუნმა ფეხბურთში ევროპის პირველობის გამარჯვებულის ვინაობა ზუსტად გამოიცნო და უპირატესობა პორტუგალიას მიანიჭა. რასაკვირველია მის ამ "გადაწყვეტილებას" მაშინ ბევრმა სკეპტიკურად შეხედა, მაგრამ დრომ გვიჩვენა, რომ გედა (შიმპანზეს სახელი) თითქმის არ ცდება. ალბათ მიხვდით, რომ მაიმუნმა ამერიკულ არჩევნებში უპირატესობა დონალდ ტრამპს მიანიჭა.

საინტერესოა, რომ შიმპანზე გედას მსგავსად აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა წინასწარ კიდევ ერთმა ადამიანმა იცოდა. საუბარია საქართველოს ყოფილ პირველ პირზე. პოროშენკოსთან სამკვდრო-სასიცოცხლო "ჭიდილში" ჩართულმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე თავისუფალი წუთი გამონახა და სოციალურ ქსელებში შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"დონალდ ტრამპს ვიცნობ 20 წელიწადია, ჩვენ ვმეგობრობთ. მის გამარჯვებას წინასწარ ვჭვრეტდი კიდეც. ძლიერი პიროვნება არაპროგნოზირებადი პოლიტიკით".

ჩინელი შიმპანზესა და მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით წინასწარმეტყველებაში "შეცდნენ" პერუელი ჯადოქრები. ამერიკული არჩევნების წინა დღეს მათ ქალაქ ლიმას პლიაჟზე თავისებური მისნური რიტუალი ჩაატარეს და ამ "პროცედურის" დასრულების შემდეგ ჰილარი კლინტონის წარმატება ანთებული მაშხალების თანხლებით "იზეიმეს".

თავის მხრივ ამერიკულმა არჩევნებმა წყნარ ვითარებაში ჩაიარა. არ დაფიქსირებულა საპრეზიდენტო კანდიდატების მომხრეების სიებით "აქტიურობა" და საარჩევნო უბნებთან ე.წ. "კარუსელებიც". თუმცა სისხლი მაინც დაიღვარა და ამ სამწუხარო ფაქტს ადგილი კალიფორნიაში ჰქონდა.

გამოცემა "The Los Angeles Times"-ის მტკიცებით, ქალაქ აზუსის საარჩევნო უბანთან რამდენიმე წუთის განმავლობაში სროლის ხმა ისმოდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამმა კი მძიმე ჭრილობა მიიღო. ქალაქის პოლიციის მტკიცებით, საქმის "გარჩევა" ადგილობრივმა კრიმინალურმა "ელემენტებმა" მოაწყეს და ამ დანაშაულში საპრეზიდენტო კანდიდატების მომხრეებს არანაირი ბრალი არ მიუძღოდათ. თუმცა საარჩევნო უბანი ადგილობრივი დროით 14.00 საათზე დაიკეტა.

"ინციდენტი" დაფიქსირდა ქალაქ ნიუ-იორკის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც. ჰილარი კლინტონის ორი მომხრე ქალბატონი საჯაროდ გაშიშვლდა და ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგების სკანდირება დაიწყო. რასაკვირველია "წესრიგის დამრღვევები" დააკავეს და ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მოათავსეს.

ასეა თუ ისე დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა და მთელ მსოფლიოს დიდი საფიქრალი გაუჩინა.

მილიარდერის გამარჯვების შემდეგ, აშშ-ში პოპულარული ანიმაციური სერიალი "სიმფსონების" ის სერია გაიხსენეს, სადაც ლიზა სიმფსონი დონალდ ტრამპის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ხდება და "აღმოაჩენს", რომ აშშ პოლიტიკურ და ეკონომიურ კოლაფსში იმყოფება.

რა იქნება მომავალში კაციშვილმა არ იცის, თუმცა ფაქტია, აშშ წინა საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ემსგავსება, როდესაც მიტინგი ჩვენი ყოველდღიური ყოფის განუყოფელი ნაწილი გახლდათ. ბოლო ინფორმაციებით ამერიკის შეერთებული შტატების რიგ ქალაქებში ტრამპის საწინააღმდეგო გამოსვლები იმართება. მართალია ჰილარი კლინტონმა თანამოაზრეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, მაგრამ ხალხი ქუჩაში მაინც გამოდის. როგორ წარიმართება შემდეგში მოვლენები ამას ალბათ უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს კარგად იცნობს. 2012 წლის აპრილში ის ჩვენს ქვეყანაში იმყოფებოდა და ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. შემდეგ დიდ მიხეილთან ერთად ბათუმსაც ეწვია და თავისივე სახელობის ცათამბჯენის მშენებლობის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო.

აშშ-ს ალბათ ახალი და საინტერესო დროება დაუდგა. როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი დონალდ ტრამპის ხელში? ამისი განჭვრეტა დღეს საკმაოდ რთულია.

წერილის დასასრულს მკითხველს მილიარდერი დონალდის "ბრძნულ მარგალიტებს" შევთავაზებ, რომლის მიხედვითაც ტრამპის შესახებ შესაბამისი წარმოდგენა შეგექმნებათ და იმასაც იოლად მიხვდებით ამერიკის შეერთებული შტატები ვის ხელში ჩავარდა.

"ჩემს ორგანიზმში ის ძვლები არ არის, რასიზმზე რომ უნდა აგოს პასუხი"

"ქალებისთვის წარმოუდგენლად კარგი ვიქნები"

"მედიას ხშირად იმ გიჟად გამოვყავარ, ცეცხლს რომ ისვრის. სინამდვილეში, მგონია, რომ ასეთი საერთოდ არ ვარ. ვფიქრობ, აბსოლუტურად არასწორად მაჩვენებენ"

"შავკანიანი ბიჭები ჩემს ფულებს ითვლიან. ამას ვერ ვიტან. მინდა, რომ ჩემს ფულებს ითვლიდნენ არც თუ ისე მაღალი ბიჭები, რომლებიც ბაზრობებზე დადიან"

"ქვეყანაზე არაფერი მიყვარს ისე, როგორც ქალები, მაგრამ ისინი საერთოდ არ არიან ისეთები, როგორსაც წარნოიდგენენ. ისინი მამკაცებზე უარესები არიან და მეტად აგრესიულები"

"ჩემი აზრით, ორი "საზოგადოებაა". არის ნამდვილი საზოგადოება და არის  ნიუ-იორკის "მძღნერი" საზოგადოება. ნამდვილ საზოგადოებას ყოველთვის უყვარდა დონალდ ტრამპი. ნამდვილი საზოგადოება ხედავს, რომ ტრამპი ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს გამშავებელთა კომპანიას"

"თუკი ჰილარი კლინტორი საკუთარ ქმარს ვერ აკმაყოფილებს, რატომ გონია მას, რომ ის ქვეყანას დააკამაყოფილებს?"

იხილეთ ასევე: "ტრამპმა შესაძლოა მხარი დაუჭიროს პუტინს თავისი ზრახვების განხორციელებაში და რეგიონში მეტი მანევრირების საშუალება მისცეს"

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)