"ამ ომს „წმინდა ომს“ ვუწოდებ" - რუსეთის პატრიარქის სკანდალური განცხადებები ალეპოში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე - კვირის პალიტრა

"ამ ომს „წმინდა ომს“ ვუწოდებ" - რუსეთის პატრიარქის სკანდალური განცხადებები ალეპოში შექმნილ უმძიმეს ვითარებაზე

სირიაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, სადაც ქალაქი ალეპო რუსეთის ავიაიერიშებმა და ბაშარ ასადის მებრძოლებმა თითქმის მიწასთან გაასწორეს, საზოგადოებას საშუალება მიეცა რუსეთის ფედერაციის პატრიარქის კირილის აზრი მოესმინა:

იხილეთ ვიდეო: რუსეთის პატრიარქი კირილი ალეპოში სისხლისღვრას გამართლებულად მიიჩნევს - "ეს წმინდათაწმინდა ომია"

„ამაზე ძალიან ცოტა თუ ლაპარაკობს, მაგრამ პატრიარქმა ყველაფერი პირდაპირ უნდა თქვას: ჩვენ გამოგვიცხადეს გამოუცხადებელი ომი. სირიის მაგალითზე ჩვენ ვხვდებით, რა უნდათ ჩვენს მოწინააღმდეგეებს. მათ რუსეთის განადგურება სურთ!

და თუ ეს ომია, მობილიზებული უნდა იყოს ჩვენი ჯარი და სპეცსამსახურები“, - განაცხადა პატრიარქმა, რომელმაც რუსეთის სირიაში მიმდინარე სამხედრო შეტაკებებს თავდაცვითი ომი უწოდა. რუსული ეკლესიის მეთაურმა ეს ყველაფერი დიმიტრი კისილოვთან საშობაო ინტერვიუში განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ სირიასა და რუსეთს შორის ათასობით კილომეტრია, პატრიარქის მტკიცებით, სირია რუსეთის მეზობელი ყოფილა:

„რაც დღეს შორეულ სირიაში ხდება, რომელიც საერთოდაც არ არის შორეული, სამშობლოს დაცვაა. სირია პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მეზობელია. ეს ომი თავდაცვითი ბრძოლაა, გარკვეული საომარი მოქმედებები და რადგან ამ ომს თავდაცვითი ხასიათი აქვს, ის სამართლიანია. ამიტომ ყველაფერი რაც ხდება, ეს არის საპასუხო ქმედება. ჩვენ თამამად ვსაუბრობთ სამართლიან ბრძოლაზე... საომარი მოქმედებები გამართლებულია, როცა ის იცავს ადამიანს, საზოგადოებას, სახელმწიფოს“.

მისივე თქმით, „საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, რომელსაც თან ახლავს სიკვდილი, შეიძლება გავამართლოთ“.

ჟურნალისტებთან ინტერვიუში კირილმა ასევე განაცხადა:

„დღეს ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა საერთო უნდა იყოს ყველასთვის, ერთად უნდა დავამარცხოთ ეს ბოროტება. ამ ომს „წმინდა ომს“ ვუწოდებ... ღიად უნდა ვთქვა, რომ მე ვარ პატრიარქი, რომელიც სიმართლეს უნდა ამბობდეს პოლიტიკური კონიუნქტურისა და პროპაგანდისტული აქცენტების გარეშე. ამ ბრძოლაში უდიდესი როლი თქვენ შეასრულეთ, ამის გამო მადლობა მინდა გადაგიხადოთ“,  - პატრიარქმა ასე უკვე ვლადიმირ პუტინს მიმართა.

 

იხილეთ ასევე: "შესაძლოა ეს ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებიც იყოს... მეშინია, რომ მომკლავენ" - 7 წლის გოგონას მიმართვა ალეპოს ჯოჯოხეთიდან

ეკა გადახაბაძე