"იესო ქრისტეს ვკითხავდით, სად იყო 12-დან 30 წლამდე?" - ბრიტანული გამოკითხვის საინტერესო შედეგები - კვირის პალიტრა

"იესო ქრისტეს ვკითხავდით, სად იყო 12-დან 30 წლამდე?" - ბრიტანული გამოკითხვის საინტერესო შედეგები

"ასეთი კულტურული კაცი ხელოვნების შედევრებს რატომ იპარავდა"

"ყველა სიკეთე თუ ბოროტება ადამსა და ევასგან - ამ ორი უპასუხისმგებლო ადამიანისაგან მოდის"

ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში არსებულმა, პროფესიულმა ჟურნალისტურმა კავშირმა თავის წევრებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა, სადაც დასმული იყო მხოლოდ ერთი შეკითხვა: "რომელ ისტორიულ ფიგურასთან ისურვებდით ყველაზე მეტად საუბარს და რატომ?". გამოკითხვაში დაახლოებით ორასმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა. მისი შედეგები კი გამოცემაში "The Sun" გამოქვეყნდა.

ბრიტანელმა ჟურნალსიტებმა ყველაზე მეტჯერ ქვემოთ ჩამოთვლილი სახელები დაასახელეს. მათთან ერთად ვაქვეყნებთ რამდენიმე პასუხს კითხვაზე, რატომ ისურვებდით ამ თუ იმ ისტორიულ პირთან საუბარს?

1.  ადამი და ევა.

იმიტომ, რომ ყველა სიკეთე თუ ბოროტება ამ ორი უპასუხისმგებლო ადამიანისაგან მოდის. ალბათ გახსოვთ, ღმერთმა სამყაროს შექმნა მეექვსე დღეს იმით დაამთავრა, რომ ადამიანი შექმნა თიხისგან, შთაბერა სული და საბრძანებლად დაუმკვიდრა დედამიწა და ყოველი სულიერი. ევას დანაშაული უფრო მცირეა (რაც უნდა იყოს, ადამის ნეკნიდან არის წარმოქმნილი), მაგრამ აკრძალული ნაყოფი მაინც არ უნდა ეგემა. ღმერთმა ისინი სამართლიანად დასაჯა, როცა სამოთხიდან გააძევა, მაგრამ ვერ გაგვიგია, დანარჩენი ადამიანები რა შუაში ვართ?

2. იესო ქრისტე.

მას ვკითხავდით, სად იყო 12-დან 30 წლამდე?

3. ალექსანდრე მაკედონელი.

კაცს, რომელსაც ცამეტი წლის ასაკიდან მასწავლებლად არისტოტელე ჰყავდა, მსოფლიო იმპერიის შექმნაზე არ უნდა ეოცნება.

4. ჰომეროსი და შექსპირი.

ამ ორ გენიოსს ვკითხავდით დაბადების თარიღს, ქალაქის სახელწოდებას, სადაც ცხოვრობდნენ და, რა თქმა უნდა, წერის ტექნიკის საიდუმლოებას. პასუხი ამ ბოლო კითხვაზე ალბათ ყველას აინტერესებს, ვისაც ხშირად უჭირავს კალამი ხელში.

5. სპარტაკი.

მსგავს მეამბოხეთა წინაშე გულწრფელად ვიხრით ქედს. სპარტაკმა მონათმფლობელური რომის ძლიერება შეარყია და ამით მოწიწებას იმსახურებს.

6. მოსე და სოლომონი.

მოსეს იმიტომ, რომ მსოფლიოში კანონების პირველი შემქმნელი იყო და წესრიგის ფასი იცოდა. ამავე დროს, იგი ლიდერი გახლდათ. ლიდერები კი, მოგეხსენებათ, ყოველთვის განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ. სოლომონთან საუბარი კი ჯერ მხოლოდ იმიტომ ღირს, რომ კაცობრიობას "ქებათა ქება" აჩუქა.

7. ნაპოლეონი.

მხოლოდ ორ რამეს ვკითხავდით. ჟან-ჟაკ რუსოს თაყვანისმცემელმა თავისუფლება, ძმობა და მეგობრობა დიქტატურაზე როგორ გაცვალა და ასეთი კულტურული კაცი ხელოვნების შედევრებს რატომ იპარავდა. (ისიც საინტერესოა, რა მიზნით ან სად ინახავდა).

8. ჟანა დარკი. ორლეანელი ქალწულის მაგალითზე ვაჩვენებდით, რომ ქალები არა მარტო კარგი პოლიტიკოსები, არამედ შესანიშნავი მხედართმთავრებიც არიან.

საინტერესოა, მსგავსი გამოკითხვა საქართველოში რომ ჩატარდეს, რა პასუხებს მივიღებდით და ქართული მასმედიის წარმომადგენლები სასაუბროდ ვის აირჩევდნენ.

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)