"რუსებს ძალიან უნდათ ელჩის მკვლელობაში ამერიკის კვალი დაანახონ მსოფლიოს" - კვირის პალიტრა

"რუსებს ძალიან უნდათ ელჩის მკვლელობაში ამერიკის კვალი დაანახონ მსოფლიოს"

"რატომ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოებამ მკვლელის ცოცხლად აყვანა, ასე ხომ კითხვის ნიშნებიც არ დარჩებოდა ვინ დგას თავდამსხმელის უკან?!"

"ეს იყო ალეპოში რუსეთის "დიპლომატიურ" ქმედებებზე პასუხი"

"ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ჩვენს პასუხს. რუსეთის ფედერაციის გამოძიების კომიტეტმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაუყოვნებლივ გაემგზავრება ანკარაში, სადაც თურქ კოლეგებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ გამოძიებაში. შეთანხმება ამის შესახებ უკვე მიღწეულია თურქეთის პრეზიდენტთან. უნდა ვიცოდეთ, ვინ მართავდა მკვლელის ხელს", - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თურქეთში რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობას. ის 19 დეკემბერს, საღამოს, ფოტოგამოფენაზე მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. "ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით", - დაიყვირა თავდამსხმელმა, მას შემდეგ რაც რუსეთის ელჩს, ანდრეი კარლოვს ზურგიდან ხუთი ტყვია ესროლა... თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.

მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ელჩი, ხელოვნების გალერეაში გამოფენაზე "თურქების თვალით დანახული რუსეთი", სიტყვით გამოდიოდა... რუსეთმა მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

გავრცელებულ ვიდეოში მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, გასროლის შემდეგ ყვირის: - "არ დაგავიწყდეთ ალეპო, არ დაგავიწყდეთ სირია!.. ალაჰ აკბარ!.."

რუსული მედიის ინფორმაციით, პირი, რომელმაც რუსეთის ელჩი მოკლა, 22 წლის მევლუტ მერტ ალტინტაშია. თურქული წყაროების მიხედვით, ის იყო თურქეთის ოპოზიციური ძალების მიერ შექმნილი ისლამური ორგანიზაცია "ფეტოს" წევრი, რომლის უკანაც ფეთიულა გიულენი დგას. ადგილობრივი სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმელი ადრე ანკარის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. თავდამსხმელი ხელოვნების გალერეაში, პოლიციელის ძველი საბუთებით შეიპარა და შენობის დაცვას მასზე ეჭვი არც მაშინ მიუტანია, როდესაც რუს დიპლომატს უკან დაუდგა. თურქული პრესის ინფორმაციით, - ეს იყო უსაფრთხოების სამსახურის შეცდომა, რადგან მათ თავდამსმხმელი კარლოვის დაცვად აღიქვეს...

თურქეთში მყოფი ქართველების თქმით, მომხდარმა ადგილობრივი მოსახლეობის არაერთგვარი რეაქცია გამოიწვია, ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე ტერორისტებად შერაცხული ასადის ოპოზიციონერების მიმართ ალეპოში, სხვების თქმით, ტერორიზმი ნებისმიერ შემთხვევაში დასაგმობია და ამით თურქეთი ვერაფერს მოიგებს...

მაჰრით ფაჰოლა:

- ეს იყო ალეპოში რუსეთის "დიპლომატიურ" ქმედებებზე პასუხი, სადაც რუსულმა ავიაციამ მშვიდობიან მოსახლეობას გადაუარა და ოჯახები ბავშვებიანად ნანგრევებში ჩამარხა... შემდეგ კი უკვირთ, რატომ ხდებიან ადამიანები ტერორისტები, რატომ არაფრად უღირთ სხვისი სიცოცხლე?! - აი, ამიტომ... მათ თვალწინ დაუხოცეს შვილები, დები და ძმები, ამიტომაც გახდნენ ასეთები. ძნელია რუსეთის ავიაციას ეომო ალეპოში, მაგრამ შესაძლოა, მას სხვაგან გასცე პასუხი და ამით დაანახო, რომ მის ძალადობას ვერ ეგუები... კიდევ ერთიც, თურქეთში ამდენი ადამინის დაკავება ერდოღანს აუცილებლად გადაიყოლებს, რადგან შეუძლებელია ქვეყანა მთელი ცხოვრება მართო დიქტატურით, - ოდესმე ის ამ, ყველაფრის გამო პასუხს აგებს და ამ დროს ვერც რუსეთი დაეხმარება. ერდოღანს ძალიან უნდა, ასადივით ტყვიამრფქვევები დაუშინოს ოპოზიციას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ბედავს...

ემრიქეთ მეჰმედი:

- ტერორიზმს არანაირი გამართლება არ აქვს. თავდამსხმელი ქურთი არ არის, როგორც ამას თურქული და რუსული პრესა წარმოაჩენს, მათ ძალიან უნდათ ამაში ამერიკის კვალი დაანახონ მსოფლიოს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ასე არ არის. თავდამსხმელი თურქია... ზოგადად, აქაურებისთვის ტვინის არევა ადვილია, - ძალიან მალე იცვლიან იდეოლოგიასა და მრწამსს, ექცევიან სხვისი გავლენის ქვეშ და ბრმად იღებენ გადაწყვეტილებას... ეს ყველაფერი ძალიან მალე მოგვცემს უკუშედეგს და არ მოგვიბრუნდება კარგად. ამდენი ტერორისტული აქტის ფონზე, გვიკვირდა, კიდევ როგორ ჩამოდიოდა ხალხი თურქეთში დასასვენებლად. ალბათ, უფრო ინერციით, ახლა კი, ამხელა ქვეყნის დიპლომატის სიკვდილით, მთელ მსოფლიოში გავითქვით სახელი და სახიფათონი გავხდით...

აბდულა ხაროზი:

- საშინელებაა, რაც მოხდა. საინტერესოა, რატომ ვერ უზრუნველყო ჩვენმა უსაფრთხოებამ თავდამსხმელის ცოცხლად აყვანა, ასე ხომ კითხვის ნიშნებიც არ დარჩებოდა ვინ დგას თავდამსხმელის უკან?! დავიღალეთ ამდენი ტერაქტით და მკვლელობებით. გუშინ ავტობუსი ააფეთქეს, დღეს ელჩი მოკლეს, ხვალ არავინ იცის რა მოხდება. ვიღაც მომხდარს ამართლებს და ამბობს, რომ ეს რუსეთის მოქმედებების შედეგია, მაგრამ ტერორიზმს არ შეიძლება გამართლება ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)