რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ - კვირის პალიტრა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტები და მსახიობები იმყოფებოდნენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ადგილას, ქალაქ სოჭთან, ამ ეტაპისთვის ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს.

სამაშველო სამსახურებმა თვითმფრინავის ნაწილები 50-70 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. ბორტზე სულ 93 ადამიანი იმყოფებოდა.

ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ალექსანდ ალექსანდროვის სახელობის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლის 65 წევრი იმყოფებოდა. ანსამბლის წევრები სირიაში მდებარე რუსეთის ხმეიმის ბაზაზე სამხედრო ძალებისთვის ახალი წლის მისალოცად მიფრინავდნენ. მათთან ერთად ბორტზე ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ, მათ შორის, პირველი არხის, „ენტევესა“ და ტელეკომპანია „ზვეზდას“ გადამღები ჯგუფი. ამ დროისთვის კი შენობასთან, სადაც ბოლო წლებში ანსამბლი მოღვაწეობდა, მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ.

"იმაზე საუბარი, თუ რამ გამოიწვია ავიაკატასტროფა, ჯერ ადრეა. თუმცა, იმის გამორიცხვა, რომ ბორტზე შესაძლოა აფეთქება მოხდა შეუძლებელია. თუ ლაინერის ნამსხვრევები დიდ ფართობზე იქნება აღმოჩენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფაერში აფეთქდა" - განაცხადა რუსმა ექსპერტმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კატასტროფა ან ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია, ან პილოტის შეცდომამ, უწყებაში ტერაქტს გამორიცხავენ და განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, ამიტომ ტერაქტის შესაძლებლობა არ იყო.

თვითმფრინავი სოჭში საწვავის დასამატებლად დაეშვა, თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, შესაძლოა, სიმაღლის აღებისას მას ხელი ტექნიკურმა გაუმართაობამ შეუშალა. შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა ”ტუ -154”, რომელიც სოჭიდან სირიის ქალაქ ლატაკიაში მიემგზავრებოდა, კატასტროფა განიცადა.