"ეხმარებოდა ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა“ - შეუდარებელი ელ ჯერო გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"ეხმარებოდა ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა“ - შეუდარებელი ელ ჯერო გარდაიცვალა

ჯაზისა და პოპის შეუდარებელი შემსრულებელი, "გრემის" შვიდგზის მფლობელი ელ ჯერო 12 თებერვალს ლოს-ანჯელესში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯაზის ცნობილი შემსრულებელი საავადმყოფოში გადაღლილობის დიაგნოზით მკურნალობდა.

როგორც მედია იუწყება,  მუსიკოსი 12 თებერვალს, დილით, 5:30 საათზე, ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ელ ჯერომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ 2017 წელს დაგეგმილ ტურნეებში მონაწილეობას აღარ მიიღებდა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გადაღლილობის გამო მკვეთრად გაუარესდა, მოგვიანებით ის საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. ამბობენ, რომ მძიმე ავადმყოფი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებშიც არ კარგავდა ხალისს და საავადმყოფოს მედპერსონალს საყვარელ კომპოზიციებს უსრულებდა.

მომღერალი 1940 წელს ვისკონსინის შტატში დაიბადა. მისი მშობლები მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის მრევლის წევრები იყვნენ. ელ ჯეროს მუსიკალური მიდრეკილებები სწორედ ეკლესიაში გამოვლინდა, როდესაც გუნდის წევრი გახდა.

მუსიკის დიდი სიყვარულის მიუხედავად, სკოლის დასრულების შემდეგ მან ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. კონსულტანტად მუშაობის პერიოდში კი გაიცნო ჯორჯ დუკი, რომელთან ერთადაც ტრიო ჩამოაყალიბა.

პირველი ალბომი We Got By მხოლოდ 35 წლისამ გამოუშვა, რასაც მომდევნო წლებში Glow და All Fly Home მოჰყვა. „გრემიზე“ პირველად სწორედ All Fly Home-სთვის, 1978 წელს, მსოფლიო ტურნეს დასრულების შემდეგ წარადგინეს და პირველი ჯილდოც მოიპოვა. ბოლო „გრემი“ ელ ჯერომ 2007 წელს ალბომისთვის God Bless the Child მიიღო. ის იმ იშვიათ მუსიკოსთა რიცხვშია, რომელთაც ეს ჯილდო ჯაზის, პოპისა და R&B ალბომებისთვის აქვს მიღებული.

80-იანი წლების დასაწყისში ის ყველასათვის საყვარელ და ცნობილ მომღერლად იქცა და მას შემდეგ მისდამი ინტერესი არ განელებულა. კარიერის განმავლობაში მას შესრულებული აქვს კომპოზიციები ჩიკ კორეასთან, მაილს დევისთან, დევიდ სენბორნთან, ჯორჯ ბენსონთან, ჯო სემპლთან და უამრავ სხვა შეუდარებელ მუსიკოსთან.

როგორც ცნობილია, მომღერალი ქველმოქმედებითაც აქტიურად იყო დაკავებული. მას ეკუთვნის არა ერთი საბავშვო ალბომი, მუსიკა საბავშვო გადაცემებისთვის, პროექტებისთვის, ასევე ის "ბავშვებში წერა-კითხვის გავრცელების მოძრაობის" წევრიც გახლდათ.

„ცხოვრებაში მის მეორე პრიორიტეტულ საკითხს მუსიკა წარმოადგენდა, უპირველესად კი ის ყველას ეხმარებოდა, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა“, - ვკითხულობთ მომღერლის ვებგვერდზე.

„ემოციური ტკივილის, ფიზიკური დისკომფორტისა თუ სხვა სახის გასაჭირის მიუხედავად, მას ყოველთვის სურდა ჩვენი გონებისა და გულის დამშვიდება“.

მსოფლიო დონის მომღერალი საქართველოს ჯაზფესტივალის ფარგლებში ორჯერ ეწვია.

მოამზადა ეკა გადახაბაძემ