"დღემდე თავს ვეკითხები, რატომ გადავრჩი?" - კაცი, რომელიც 47-სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან გადმოვარდა და გადარჩა - კვირის პალიტრა

"დღემდე თავს ვეკითხები, რატომ გადავრჩი?" - კაცი, რომელიც 47-სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან გადმოვარდა და გადარჩა

სტატისტიკის თანახმად, მესამე სართულიდან გადმოვარდნილთა შორის მხოლოდ ნახევარი თუ რჩება ცოცხალი. პრაქტიკულად არავინ გადარჩენილა, ვინც კი მე-10 სართულიდან გადმოვარდნილა, თუმცა ამერიკაში ცხოვრობს ერთი ფანჯრის მწმენდავი, რომელიც 2007 წელს 47- სართულიანი ცათამბჯენის სახურავიდან გადმოვარდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

1990-იან წლებში ძმებმა - ალსიდეს და ედგარ მორენოებმა ეკვადორი დატოვეს და ამერიკისკენ გაემგზავრნენ. ახალგაზრდა ბიჭებს ამერიკაში ახალი ცხოვრება და ახალი სამსახური ელოდათ.

2007 წლის 7 დეკემბერს კი ისინი ისთ-საიდში წავიდნენ, რათა 47 სართულიანი „სოლოუ თაუერის“ ფანჯრები გაეწმინდათ.

„მუშაობას ბოლო სართულიდან ვიწყებდით, შემდეგ ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვდიოდით. ეს პროცესი ძალიან მომწონდა“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ალსიდეს მორენო.

ძმები ედგარ (მარცხნივ) და ალსიდეს მორენოები

2007 წლის 7 დეკემბერსაც ისინი ლიფტით შენობის ბოლო სართულზე, შემდეგ კი სახურავზე ავიდნენ. გარეთ ციოდა, ტემპერატურა ნულ გრადუსს აღწევდა.

ტრაგედია უეცრად მოხდა, მაშინ, როცა სამუშაოს დასაწყებად ემზადებოდნენ. როდესაც ძმები 5-მეტრიან სამშენებლო ხარაჩოზე გადავიდნენ, მავთულები, რომლითაც ხარაჩო სახურავზე იყო დამაგრებული, უეცრად მოწყდა.

„პირველად ხარაჩოს მარცხენა მხარეს დამაგრებული მავთული მოწყდა. იმ მხარეს ჩემი ძმა იდგა. ედგარი ხარაჩოდან გადავარდა...“  - იხსენებს ალსიდეს მორენო.

ედგარი 144 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ქუჩების ვიწრო შესახვევში დაეცა. სანამ ის ასფალტზე დაეცემოდა, მისი ვარდნის სიჩქარე 190 კმ/სთ-ს აღწევდა.

ედგარის ჩამოვარდნის შემდეგ, ხარაჩოს ის მხარეც ჩამოვარდა, სადაც ალსიდესი იდგა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამედიცინო დახმარების მანქანები სწრაფად მივიდა. ადგილზე საშინელი სურათი დახვდათ. ეგდარი ჩამოვარდნისას ხის ღობეს დაეცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ალსიდესი კი ჩამოვარდნილ დაშლილ ხარაჩოში იყო ჩავარდნილი. წელში მოხრილს ხელში ხარაჩოს დისტანციური მართვის პულტი ეჭირა. თვითმხილველების თქმით, ის სუნთქავდა და ფეხზე წამოდგომაც კი სცადა, თუმცა მოტეხილობების გამო ვერ შეძლო.

ცათაბჯენი, საიდანაც ძმები გადმოცვივდნენ

მეხანძრეები ამბობენ, რომ ის განსაკუთრებულად ფრთხილად გადაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან, რადგან ნებისმიერი მკვეთრი მოძრაობა შეიძლებოდა ალსიდესის სიკვდილით დასრულებულიყო.

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ძმების დამცავი ღვედები, სარეცხი საშუალებები და ცხელი წყალი ცათამბჯენის სახურავზე იყო დალაგებული.

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ალსიდეს მორენო უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას თავის ტვინის დაზიანებასთან ერთად, მიღებული ჰქონდა ხერხემლისა და გულ-მკერდის ტრავმა, ასევე დაიზიანა ნეკნები, მოიტეხა ხელი და ორივე ფეხი.

მეუღლე როზარიოსთან და ერთ-ერთ ვაჟიშვილთან

„თუ გნებავთ სამედიცინო სასწაულზე ვისაუბროთ, ეს სწორედ ის შემთხვევაა“ - ამბობს ნიუ-იორკის ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელი ჰერბერტ პარდესი.

„იმ ადამიანთა გადარჩენის შანსიც კი, რომლებიც მეოთხე სართულიდან გადმოვარდნენ, არც ისე მაღალია, აქ ნამდვილად ღვთის ხელი ურევია“, - განაცხადა ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ექიმმა გლენ ასაედმა.

ალსიდეს მორენო კომიდან თითქმის 3 კვირის შემდეგ გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში მას გვერდიდან არ მოშორებია მეუღლე როზარიო.

„თავი ბურუსით მქონდა დაფარული. მივხვდი რომ ჩემი ძმა შესაძლოა გარდაცვლილიყო, რადგან თვალი, რომ გავახილე ოთახში მხოლოდ ჩემი მეუღლე დამხვდა“.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ცათამბჯენის სახურავზე არსებული ხიდი არ იყო მყარად და არც ხარაჩოს მავთულები იყო სახურავთან სწორად დამაგრებული.

გამოძიების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ალსიდესი ხარაჩოზე უსაფრთხოების ღვედის გარეშე გადაძვრა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ღვედის გამოყენებას არ აპირებდა. მათ სახურავზე დარჩათ წყალიც და სარეცხი საშუალებებიც, ანუ ისინი სახურავზე დაბრუნებას აპირებდნენ.

დღესაც უცნობია, როგორ გადარჩა მამაკაცი, რომელიც 144 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ამის მიზეზი გახდა ის, რომ ალსიდესი მაგრად ჩაეჭიდა ხარაჩოს, ვარდნისას ხარაჩო ცათამბჯენის ერთ-ერთ კედელს დაეჯახა, რამაც ვარდნის სისწრაფე შეანელა, თანაც დაცემისას ყველაზე დიდი დარტყმა ხარაჩოზე გადავიდა.

„ჩემთვის ძალიან რთული იყო ძმის დაკარგვა, დეპრესიიდან სამი წელი ვერ გამოვედი, თითქოს შვილი დავკარგე, ის ხომ ჩემზე უმცროსი იყო“,  - თქვა ინტერვიუში ალსიდესმა.

მან კომპენსაციის სახით სოლიდური თანხა მიიღო და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად არიზონაში გადავიდა. როგორც ამბობს, მისი ძვლებისთვის თბილი ამინდი აუცილებელია.

„სხეული შრამებით მაქვს დაფარული, ზურგის ტრავმის გამო ვერ დავრბივარ. თუმცა ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ სიარული შემიძლია“.

მორენო ახლა 46 წლისაა, როგორც ამბობს დიდი სიამოვნებით ავიდოდა ცათამბჯენის სახურავზე, ისევ დაეშვებოდა მიწისკენ ხარაჩოს დახმარებით და ისევ გაწმენდდა უზარმაზარ ფანჯრებს, თუმცა ამ სამსახურს ჯანმრთელობის გამო ვეღარ დაუბრუნდება.

"დღემდე თავს ვეკითხები, რატომ გადავრჩი? ამ ამბის შემდეგ შვილი შეგვეძინა და ალბათ იმიტომ გადავრჩი, რომ ის დაბადებულიყო, გამეზარდა და მომეყოლა რა გადამხდა თავს“. (წყარო)

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

ან ვიწყებდით, შემდეგ ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოვდიოდით. ეს პროცესი ძალიან მომწონდა“- ამბობს ერთ-ერთ ინტერიუში